ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ

16 სექტემბერი, 2026

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების, რისკ-ფაქტორების, სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ?


ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული რესპირატორული დაავადებაა მსოფლიოში. მიუხედავად მისი მაღალი გავრცელებისა და სერიოზული გავლენისა ადამიანის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებაში მის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ არასაკმარისია. ხშირად ხველა, ნახველი და ქოშინი „მწეველის ჩვეულებრივ პრობლემად“ აღიქმება, რის გამოც დიაგნოზის დასმა შეიძლება წლების განმავლობაში დაგვიანდეს.

ფქოდ არ არის უბრალოდ „ფილტვების დასუსტება ასაკის მატებასთან ერთად“. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის მართვაც შესაძლებელია და რომლის პროგრესირებისა და გართულებების რისკის შემცირებაც თანამედროვე მედიცინას შეუძლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს ფქოდ-მა დაახლოებით 3.4 მლნ ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება.

რა არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?

ფქოდ-არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადი მუდმივად არის შეზღუდული. ეს შეზღუდვა დაკავშირებულია სასუნთქი გზებისა და ფილტვის ქსოვილის ხანგრძლივ დაზიანებასთან და ანთებით პროცესებთან. ჰაერის თავისუფლად მოძრაობა განსაკუთრებით გაძნელებულია ამოსუნთქვისას. დაავადების განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს სასუნთქი გზების შევიწროება, მათი კედლების ანთება და გასქელება, ლორწოს ჭარბი წარმოქმნა და ფილტვის ალვეოლების - აირთა ცვლის აუცილებელი უმცირესი სტრუქტურული ერთეულების - დაზიანება.

ფქოდ-ის შემადგენლობაში ხშირად განიხილავენ ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ პათოლოგიურ პროცესს: ქრონიკულ ბრონქიტს და ემფიზემას. თუმცა, ეს ტერმინები ერთმანეთის სინონიმები არ არის და თანამედროვე მიდგომით ფქოდ უფრო ფართო დაავადების ცნებაა.

მნიშვნელოვანია ერთი პრინციპული განსხვავება: ფქოდი ქრონიკული დაავადებაა, და როგორც წესი სრულად არ ქრება, თუმცა მისი ეფექტური მართვა შესაძლებელია. სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომების, გამწვავებების რისკის შემცირება, ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მიზეზი მხოლოდ სიგარეტი არ არის

ფქოდ-ის გამომწვევი განვითარების ყველაზე ცნობილი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოწევაა. მაღალი შემოსავლის ქვეყნებში შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თამბაქოს ექსპოზიციას უკავშირდება. თუმცა მოსაზრება, რომ ფქოდ მხოლოდ მწეველებს ემართებათ, მცდარია. დაავადების განვითარებში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს რამოდენიმე ფაქტორმა: აქტიური მწეველობა, პასიური მწეველობა, სამუშაო გარემოში მტვერთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ორთქლთან ან კვამლთან ხანგრძლივმა კონტაქტმა; შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებამ, მათ შორის შეშის, ნახშირის ან სხვა ბიომასის საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა. გარემოს, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ; ბავშვობაში ფილტვების არასათანადო განვითარებამ ან მძიმე რესპირატორულმა ინფექციებმა. ბავშვობის ასაკში ასთმამ, მაშინ, როდესაც ის არასათანადოდ კონტროლდება შესაძლოა გაზარდოს ქრონიკული სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის ფქოდ-ის რისკი; იშვიათად - გენეტიკურმა მდგომარეობამ, განსაკუთრებით ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტმა.

რა გარემო ზრდის რისკს?

ფილტვები ყოველდღიურად ურთიერთქმედებს გარემოსთან. ამიტომ სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ჰაერი, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში სუნთქავს.

სამშენებლო და სამრეწველო მტვერი; ქიმიური ნივთიერებების ორთქლი; საღებავები და გამხსნელები; მეტალის ან მინერალური მტვერი; კვამლი; სხვა პროფესიული ინჰალაციური აგენტები.

რისკი შეიძლება არსებობდეს ასევე სახლში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გათბობისა და საკვების მომზადებისთვის გამოიყენება ისეთი მყარი საწვევი ან ბიომასა, რომლის წვისას დიდი რაოდენობით კვამლი წარმოიქმნება.

თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მონაცემები ცხადყოფს, რომ ფქოდის განვითარება ხშირად ერთი მიზეზის შედეგი კი არა, გენეტიკური, გარემოსდაცვითი, ცხოვრებისეული ფაქტორების ერთობლიობაა.

რომელი სიმპტომები უნდა მივიჩნიოთ საყრუადღებოდ?

ფქოდ-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ხანგრძლივი ან განმეორებითი ხველა; ნახველის გამოყოფა; ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას; ხიხინი ან ხმაურიანი სუნთქვა, დაღლილობის შეგრძნება და ფიზიკური ამტანობის დაქვეითება. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი შეიძლება არ ჰქონდეს, ასევე სიმპტომების ინტენსივობა განსხვავებულია.

პრობლემა ის არის, რომ ეს სიმპტომები ხშირად თანდათან ვითარდება. ადამიანი შესაძლოა წლების განმავლობაში მიეჩვიოს თავის მდგომარეობას და ფიზიკური შესაძლებლობების შემცირება დაავადების პროგრესირებად ნიშნად კი არა, ასაკის მატებად ჩაითვალოს.

მაგალითად, ადამიანი შეიძლება აღარ ადიოდეს კიბეზე ისე სწრაფად,როგორც ადრე, ნაკლებად სეირნობდეს, შეწყვიტოს სპორტული აქტივობა ან სახლიდან შორს გადაადგილებას მოერიდოს და ამას უბრალოდ ასაკს მიაწერდეს.

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება), რომელიც ადრე არ არსებობდა და თანდათან პროგრესირებს, სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.

ხანგრძლივი ან გამეორებითი ხველა, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების არსებობისას, შეფასებას იმსახურებს.

ფქოდ-ის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ მისი ნელი განვითარებაა. ადამიანი შეიძლება სიმპტომებთან თანდათან ადაპტირდეს. თუ რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ფიზიკური შესაძლებლობები ნელ-ნელა მცირდება, მან შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ცვლილება.

ფქოდ-ის დროს შეიძლება პერიოდულად განვითარდეს დაავადების გამწვავებაც. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იმატებს ქოშინი, ხველა ან ნახველის რაოდენობა და ზოგჯერ საჭიროა დამატებითი მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაციაც.

როგორ ისმება დიაგნოზი?

ფქოდ-ის დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომებით არ უნდა დაისვას. დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი მეთოდია სპირომეტრია - ფილტვების ფუნქციური კვლევა, რომლის დროსაც ადამიანი სპეციალურ აპარატში ახორციელებს მაქსიმალურ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას. სპირომეტრია გვაძლევს ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად თავისუფლად მოძრაობს ჰაერი სასუნთქ გზებში.

ფქოდ-ის დიაგნოზის დასადასტურებლად თანამედროვე რეკომენდაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბრონქოდილატატორის შემდგომ სპირომეტრიას. სადაც პოსტბრონქოდილატაციურ კლინიკურ კონტექსტში ფქოდის დასადასტურებლად მიღებული მაჩვენებელია FEV1/FVC<0.70. თუმცა GLI/ERS ხაზს უსვამს სპირომეტრიის შეფასებას პაციენტის ასაკის, სიმპტომების, რისკ-ფაქტორებისა და კვლევის ხარისხის გათვალისწინებით. განსაკუთრებით მომიჯნავე შედეგების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი ან დამატებითი შეფასება.

საჭიროების მიხედვით ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევებიც - მაგალითად, გულმკერდის რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზები, სისხლში ჟანგბადის შეფასება და სხვა ფუნქციური კვლევები.

რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმის რეკომენდაციების დაცვა?

ფქოდ-ის მკურნალობის მიზანი მხოლოდ დღევანდელი ქოშინის მოხსნა არ არის.

მკურნალობის მიზნებია: სიმპტომების შემცირება, ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება, გამწვავებების შემცირება, ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირება, დაავადების გრძელვადიანი მართვა. მკურნალობის ძირითადი ნაწილი ხშირად ინჰალაციური მედიკამენტებია, რომლებიც სასუნთქ გზებს აფართოებს და ამით სუნთქვას ამარტივებს. კონკრეტული პრეპარატი ან პრეპარატების კომბინაცია შეირჩევა ინდივიდუალურად - სიმპტომების, გამწვავებების ისტორიის, თანმხლები დაავადებების, ინჰალატორის სწორად გამოყენების შესაძლებლობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტა. მოწევის გაგრძელება იმ ფაქტორის შენარჩუნებას ნიშნავს, რომელიც ფილტვების დაზიანებას და დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს. მოწევის შეწყვეტა სასარგებლოა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის მაშინაც, როდესაც ადამიანი მრავალი წელია ეწევა.

ფქოდ-ის მართვაში მნიშვნელოვანი უკავია ჰქონდეს ფიზიკურ აქტივობასა და ფილტვის რეაბილიტაციას, კვების მდგომარეობის შეფასებას, ვაქცინაციას და შესაბამის პაციენტებში ჟანგბადოთერაპიას. კონკრეტული რეკომენდაცია პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მკურნალობისადმი კარგი დამყოლობა დაავადების ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ქრონიკული დაავადების დროს პაციენტისა და ექიმის თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პრეპარატის სწორად შერჩევა. ინჰალატორის დანიშვნა არ არის საკმარისი, თუ პაციენტი მას არ იყენებს დანიშნულების შესაბამისად ან იყენებს არასწორი ტექნიკით. კვლევები მიუთითებს, რომ ინჰალაციური მკურნალობის არასათანადო გამოყენება და დაბალი დამყოლობა ფქოდ-ის გამწვავების უფრო მაღალ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

სიმპტომური გაუმჯობესება ხშირად მკურნალობაზე ეფექტის ნიშანია და არა იმის მტკიცებულება რომ დაავადება გაქრა.

ასევე არ არის სწორი მიდგომა პრეპარატის თვითნებურად შემცირება, გაზრდა ან ჩანაცვლება ნაცნობი ადამიანის რეკომენდაციით. სხვადასხვა ინჰალატორს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი და გამოყენების ტექნიკა აქვს. თუ კონკრეტული ინჰალატორის გამოყენება რთულია, თუ პაციენტს ავიწყდება მისი მიღება, თუ პრეპარატის გვერდითი ეფექტები აწუხებს ან მკურნალობის გაგრძელების მოტივაცია დაკარგა, ამის შესახებ ექიმთან საუბარი მკურნალობის ნაწილია.

ვაქცინაცია და ინფექციების პრევენცია

ფქოდ-ის მქონე ადამიანებში სასუნთქი სისტემის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. ამიტომ ინფექციების პრევენცია დაავადების მართვის ნაწილია. შესაბამისი ვაქცინაციის საკითხი ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებების, ადგილობრივი კალენდრისა და მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის

·       ფქოდ არ არის მხოლოდ „მწეველის“ ხველა.

·       არ არის ნორმა, ადამიანს წლების განმავლობაში აღენიშნებოდეს ხველა და ამას არ აქცევდეს ყურადღებას.

·       არ არის აუცილებელი დაელოდოთ იმ ეტაპს, როდესაც რამდენიმე საფეხურის ავლა შეუძლებელი გახდება.

·       მნიშვნელოვანია ფქოდ-ის დროული ამოცნობა, სწორი დიაგნოზი, რისკ-ფაქტორების შემცირება, მოწევის შეწყვეტა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა  რათა სიმპტომები და გამწვავებები უკეთ გაკონტროლდეს და დაავადების უარყოფითი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრების ხარისხზე შემცირდეს.

ფქოდ-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება ნიშნავს არა მხოლოდ დაავადების სახელის ცოდნას, არამედ იმის გააზრებას, რომ დროული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა რეალურად ცვლის პაციენტის მომავალს.

სტატიის ავტორი

ნანი გონჯილაშვილი

ფთიზიატრია-პულმონოლოგია

მედიკამენტი

ფიქსფლოუ

ფიქსფლოუ / FIXFLOW

50მკგ/500მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 ინჰალატორთან ერთად
fluticasone propionate, salmeterol

კომპანია

აბდი იბრაჰიმი

აბდი იბრაჰიმი

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71
ავენი
ნუკი