Nuk
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამომწვევი მიზეზები

თარიღი: 21 ნოემბერი, 2017

რა სიმპტომებით ვლინდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება, რა გართულებები შეიძლება მას მოჰყვეს, ხდება თუ არა წყლულისგან საბოლოოდ განკურნება  და რა როლს თამაშობს კვება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებაში – ამ თემებზე გვესაუბრა თერაპევტი გიორგი გვილია, რომელთანაც კონსულტაციის მიღება „ინტერკლინიკაშია“ შესაძლებელი.

 

შეიძლება თუ არა პაციენტმა მუცლის ტკივილის ხასიათის მიხედვით, თავად განსაზღვროს, რასთან აქვს საქმე?

ძალიან რთულია, პაციენტმა თავად განსაზღვროს, თუ რასთან აქვს საქმე. ისე გართულდა, შეიცვალა და მრავალფეროვანი გახდა პათოლოგია, რომ შეიძლება სინდრომები და დაავადებები აგერიოს. მხოლოდ ტკივილის მიხედვით, მიზეზის განსაზღვრა შეუძლებელია. ტკივილი სუბიექტური რამ არის და ორი ერთი და იგივე მიდამოს ტკივილი, სულაც არ ნიშნავს ერთსა და იმავე დაავადებას. მუცლის ღრუში პირველ რიგში ანთებითი გენეზის ტკივილები უნდა გამოვრიცხოთ, იგულისხმება საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი. ტკივილის მხრივ მეორე რიგში კენჭოვანი დაავადებები უნდა გამოვყოთ და მთელი რიგი ე.წ. ფუნქციური დაავადებები, როდესაც თითქოს ვერ ვიგებთ დაავადების მიზეზს, გამოკვლევებით ორგანოების დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ ადამიანს ბევრი პათოლოგიური ჩივილი აქვს. ბოლოსთვის შემოვიტოვე სიმსივნური დაავადებები, ამ დროს განვითარებული ტკივილი ასე თუ ისე სტაბილურია და შეცდომა ნაკლებია.

 

კუჭის წყლული, საქართველოში ყველაზე გავრცელებული დააადებაა, რა არის ამის მიზეზი და რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ის უფრო მეტად?

წყლულოვანი დაავადება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ, თუმცა, ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუა ხსნის აქტიურ ასაკში ფიქსირდება. თუ გვხვდება ხანშიშესულ ასაკში, ეს უკვე საფრთხილოა. გავრცელების მიხედვით, წყლულოვანი დაავადება უფრო ჩამორჩება გასტრიტულ პათოლოგიებს და ეს კარგია, რადგან წყლულოვან დაავადებებს უფრო მეტი გართულება აქვს, ვიდრე ბანალურ გასტრიტებს.

 

რაც შეეხება გამოწვევ მიზეზებს, ბოლო წლებია პირველ ადგილზე ჰელიკობაქტერპილორი დგას, ეს არის ბაქტერია რომელიც ჩვენს კუჭში ცხოვრობს, რომლის პათოლოგიური შტამების ცხოველმყოფელობას მოყვება ის პროცესი, რომლის შედეგადაც ირღვევა კუჭის, ან თორმეტგოჯას ლორწოვანის კვება, ვითარდება მისი იშემია, დაწყლულება, წყლულის გაღრმავება და როდესაც ეს დეფექტი ლორწქვეშა შრესაც მიაღწევს, ამ სტადიიდან დაავადებას ქვია წყლულოვანი დაავადება, რასაც მოსახლეობაში კუჭის წყლულს ეძახიან. თუმცა, საინტერესოა, რომ ეს სინამდვილეში თორმეტ გოჯას წყლულია, კუჭის წყლული უფრო იშვიათად გვხვდება და ეს ძალიან კარგია, რადგან ამ დროს უფრო მეტად სიმსივნეზე ვფიქრობთ, თორმეტგოჯა წყლული კი ძალიან იშვიათად გარდაიქმნება სიმსივნურ პათოლოგიაში.

 

ჰელიკობაქტერული ინვაზია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და გადაცემის გზა უამრავია, მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული გამოდგა, მანაც ათასნაირი გარდაქმნა განიცადა, მიეჩვია ბევრი ტიპის მკურნალობას და რთული გახდა მისი მოშორება. წყლულოვანი დაავადების გაჩენას ხელს უწყობს სტრესული გარემო, განსაკუთრებით დასაქმებული ადამიანის აქტიურ პერიოდში. ვეღარ გამოვყოფ, დაავადება უფრო მეტად ქალებშია თუ მამაკაცებში გავრცელებული, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის განსხვავება აღარ არის. წინათ მამაკაცებში უფრო მეტად იყო, რადგან ალკოჰოლსა და თამბქაქოს უფრო მეტად მოიხმარდნენ.

 

ცნობილია, რომ წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტირების ერთ-ერთი მთავარი საშუალება არის ენდოსკოპიური კვლევა, თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული მეთოდი?

 

ენდოსკოპიური კვლევა მთავარ მეთოდად მიიჩნევა წყლულოვანი დაავადების დიანოსტირებისას. აღნიშნული კვლევა აუცილებელია, როდესაც ეჭვობ წყლულოვან დააადებას ან ანთებით პათოლოგიას. ენდოსკოპიის დროს, უმეტეს შემთხვევაში ხდება ბიოფსიური მასალის აღებაც და საოცარი შედეგები შეიძლება მივიღოთ. ენდოსკოპისტი აკეთებს ბიოფსიას და ნახულობს, რომ შორს წასული ანთებითი ცვლილებებია, ბიოფსიის დროს ხდება ასევე ჰელიკობაქტერის აღმოჩენაც. ენდოსკოპიას ვერაფერი შეცვლის გასტრიტისა და დუოდენიტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გასტროსკოპია უსიამოვნო პროცედურაა, ეს დამოკიდებულია აპარატის სრულყოფაზე, მკვლევარზე, მის მოხერხებულობაზე და ა.შ. თანამედროვე აპარატების წყალობით მნიშვნელოვნად არის კვლევის დრო შემცირებული – მაქსიმუმ 1-3 წუთი, თუკი ეს ვენური ნარკოზის გარეშე კეთდება. საქართველოში ბევრი კლინიკა გადასულია ნარკოზით შესრულებაზე, ეს აუცილებელია როგორც პაციენტისთვის ისე ექიმისთვის. ეს არ არის პაციენტის კომფორტისთვის, ეს პირველ რიგში სჭირდება ექიმ ენდოსკოპიტს. თუკი პაციენტი ნერვიულობს, არ აცდის ექიმს კვლევა ჩაატაროს და კარგად დაათვალიეროს, შეიძლება შეცდომებიც მოუვიდეს. ვენური ნარკოზით კი ექიმს საკმარისი დრო აქვს საჭიროების დროს ბიოფსიური მასალაც აიღოს და ჩაერიოს კიდეც. რაც შეეხება სხვა მეთოდებს, არსებობს რენდგენოგრაფიული კვლევა, დიდი წყლულების დროს შეიძლება მოგვცეს წარმოდგენა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის არ იძლევა სრულ სურათს. ბოლო პერიოდში გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევით კუჭის დათვალიერების შესაძლებლობა, მაგრამ ის იმ დონეზე არ არის, რომ წყულოვანი დაავადების დიაგნოზი დავსვათ, წყლულის სახეობაზე ვისაუბროთ და ა.შ. ენდოსკოპია პირველ მეთოდად რჩება.

 

აქვს თუ არა წყლულოვან დაავადებას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი?

მედიცინაში ერთი ზოგადი წესია, თუ პაციენტს ბევრი ჩივილი აქვს, ბევრს მეტყველებს და უამრავ სიმპტომს ჩამოთვლის, აქ ერთი ტიპის პათოლოგიაზე არ არის საუბარი. წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტები რამდენიმე ჩივილს ასახელებენ. კარდინალური ნიშანი ჯერჯერობით არის ტკივილი, თუმცა, მან ხასიათი შეიცვალა, თუკი წლების წინ ვამბობდით, რომ თორმეტგოჯას წყლულის პათოლოგიამ ღამის ტკივილი, კვების შემდეგ ტკივილი იცოდა, და ა.შ. კი, ეს სიმპტომები რჩება, მაგრამ იგივე წყლულოვან დაავადებასაც ახასიათებს. გარდა ტკივილისა, წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში ვითარდება მდგომარეობა, რასაც ჩვენ ფუნქციურ პილოროსტენოზს ვუწოდებთ. აქ ხდება კუჭის გასავალი ნაწილის შეშუპება. ასეთ დროს პაციენტს მოულოდნელი პირღებინება ემართება და ეს ეჭვს აჩენს წყლულოვან დაავადებაზე, თუმცა ასე დიაგნოზის დასმა მაინც არ შეგვიძლია, ამიტომ არის ენდოსკოპიური კვლევა საჭირო.

 

სადამდე შეიძლება გართულების თვალსაზრისით მიგვიყვანოს კუჭის წყლულმა?

ეს ვერაგი დაავადებაა გართულების მხრივ. არის ე.წ. მუნჯი წყლული, რომელიც არანაირ სიმპტომს არ იძლევა და ეგრევე სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებით გვევლინება, როგორიც არის სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში ეს სულაც არ არის მასიური სისხლდენა, თუმცა წნევის ვარდნითა და კარდიოლოგიური ცვლილებებით გამოიხატება. ბევრ შემთხვეაში მასიური სისხლდენის დროს არ არის პირღებინება, მაგრამ არის შავი განავალი, რაც ნაწლავებში ჩაღვრილი სისხლის გამო ხდება. არის ასევე გართულება პერფორაციით, ანუ როდესაც კუჭისა და თორმეტგოჯას კედლის დარღვევა ხდება, ანუ წყლული ისეთი სიღრმის არის, რომ სამივე შრე გაიარა და შიგთავსი ჩაიღვარა მუცლის ღრუში, ამ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა. არის კიდევ ერთი სახის გართულება, რომელიც წყლულის შეხორცების შემდეგაც რჩება ხოლმე, ეს არის კუჭისა და თორმეტგოჯას მოტორიკის უნარი.

 

სწორი კვება – რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს საკითხი და რა სახის საკვებზეა საუბარი?

კვება გასტროეტეროლოგიური ტრაქტის ნებისმიერი მცირე თუ დიდი დაავადების პათოგენეზში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დიეტის როლი უმნიშვნელოა. დიეტა აუცილებელია, რადგან კუჭის აგრესიული მჟავიანობისას ჩნდება შანსი იმისა, რომ განახლდეს დაავადება, მეორადად განვითარდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ანთებითი პროცესი.

 

ჩვენ კვებას აღარ ვაქცევთ ყურადღებას, საკვები თანამდროვე ადამიანისთვის იგივე გახდა, რაც ავტომობილში საწვავის ჩასხმის პროცესი. კვებას დროების გამოყოფა სჭირდება, სამჯერადი-ოთხჯერადი კვება დღის განმავლობაში აუცილებელია, საჭიროა საკვების კარგად დაღეჭვა, ისეთი საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ, რომელიც აგრესიულია, მაგალითად მწარე, ან სანელებლებიანი პროდუქტი.

 

გულძმარვის დროს ზიანდება საყლაპავის ლორწოვანი და ეს ერთი შეხედვით მარტივი დამოკიდებულება ამ სიმპტომთან შესაძლოა,  დიდი გართულებების წინაპირობა იყოს. საკვები უნდა იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. ჩვენს სუფრას თუ გადახედავთ, საკვები რამდენიმე სართულად არის დალაგებული, ამდენი საკვების ერთ ჯერზე მიღება არ შეიძლება. ბევრი ფაფაც კი გადაძაბავს კუჭს. არც ალკოჰოლის ასე სმა არ შეიძლება, როგორც ქართველები ვსვამთ. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას რა საკვებთან რა სასმელის მიღება შეიძლება. ნიორი და ხახვი მინიმუმზე უნდა დაიყვანოთ, რადგან ისინი წყლულოვან დაავადებას ამწვავებენ, არაფერს ვამბობ ალკოჰოლზე, რომელიც საერთოდ არ შეიძლება. ტკბილეულსა და ცომეულს პირდაპირი ასეთი დამაზიანებელი გავლენა არ აქვს, თუმცა თუკი ცომეული არ არის გამომშრალი, ამ დროს კუჭის მოტორიკა დუნდება, ასეთი საკვები დიდ ხანს რჩება კუჭში, ზედმეტი მუშაობა უწევს კუჭს , რომელიც აიძულებს მას ან ზემოთ წავიდეს, ან ქვემოთ. არ ვამბობ, რომ საერთოდ უარი თქვათ, კარგად დაღეჭეთ. და მინდა ცალკე აღვნიშნო თამბაქო, რომელიც ახალგაზრდა ასაკში კუჭს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ფილტვსა და გულს. წყლულოვანი დაავადებების დროს თამბაქო ძალიან ცუდ როლს ასრულებს.

 

შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულისგან საბოლოოდ განკურნება?

ეს ისეთი ფატალური დაავადება აღარ არის, როგორც 40-50 წლის წინ იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიდგომა შეიცვალა, გამოიცვალა სტატისტიკა, ჰელიკობაქტერის წინააღმდეგ მიმართულმა მკურნალობამ დიდი შედეგები მოგვიტანა და თითქმის 100%-ით არის განკურნება შესაძლებელი, ხოლო ქირურგიული ჩარევა ძალიან იშვიათად არის. თუკი შეხორცდა წყლული, ეს ყველაფრის დასრულებას არ ნიშნავს. წყლულის მორჩენა ნიშნავს იმას, რომ მორჩა ტკივილი, სისხლდენით გართულება, გადავსების შეგრძნება და ა.შ. წყლულის შეხორცება არ ნიშნავს მისი ყველა თანმხლები გასტრიტისა და სხვა სიმპტომის გაქრობას. თუ ჩვენ კვების რეჟიმს არ დავიცავთ, გაართულებს თანმყოლი გასტრიტის მდგომარეობას, რომელიც შემდეგ გასხვავებული სახით წამოვა და შესაძლოა, ეს დისკომფორტი უფრო მძიმე იყოს, ვიდრე წყლულის დროს იყო. პაციენტმა მთელი ცხოვრება უნდა დაიცვას კვების რეჟიმი.

 

წყარო: Fortuna.ge