როგორ გამოვიყენოთ მზის სიკეთე და როგორ დავიცვათ ბავშვი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან?

თარიღი: 18 ივლისი, 2018

მზე ჩვენი კარგი მეგობარია - როგორ გამოვიყენოთ მისი სიკეთე და როგორ დავიცვათ თავი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან?

 

დამეთანხმებით, იქ, სადაც მზეა, ბევრი ხალისი, სიხარული და ბედნიერებაა. იქ სიცოცხლეა! თუმცა იმისთვის, რომ მზე მეგობრად დარჩეს, მისი გონივრულად გამოყენებაა საჭირო. 

მზის სხივების ულტრაიისფერი სპექტრის გავლენით, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს, ჩვენს კანში D ვიტამინის აქტიური ფორმა წარმოიქნება, რაც ჩვილებში რაქიტის, ხოლო მოზრდილ ასაკში მრავალი დაავადების პროფილაქტიკის აუცილებელი პირობაა. 

მზის დოზირებული გამოყენებით შეგიძლიათ აქტიურად გააკაჟოთ თქვენი პატარა. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ დიდი დოზით მეგობარი მზე შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული მტერი გახდეს.

ულტრაიისფერი სხეივების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს კანის უჯრედებში დნმ-ის დაზიანებას , რამაც შესაძლოა სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს.

რაც უფრო ადრეული ასაკისაა ბავშვი, მით უფრო თხელი და ნაზია მისი კანი და შესაბამისად, ადვილად ხდება კანის უჯრედების დაზიანება.

 

არჩევენ 2 ტიპის ულტრაიისფერ სხივებს 

UVB -გრძელტალღიანი ულტრაიისფერი სხივები, სწორედ მათთანაა დაკავშირებული კანის უჯრედების დაზიანება და კანის კიბოს განვითარების რისკის ზრდა

UVA - მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი სხივები, რომელთა ზეგავლენით წარმოიქნება ნამზეური, მათივე ჭარბი მოხმარება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.

 

როგორ ვიმეგობროთ მზესთან?

არ დატოვოთ ზაფხულში ბავშვი უმეთვალყურეოდ ხანგრძლივად მზეზე კანის დამწვრობის, სითბური ან მზის დაკვრის ასაცილებლად.

ასეირნეთ და გარუჯეთ მზეზე დილის 11 საათამდე და საღამოს 6-ის საათის შემდეგ. 

გარეთ გამოსვლისას პატარა საზაფხულო, ღია ფერის ნატურალური ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმლითა და ქუდით უნდა შემოსოთ. ღია ფერის ქსოვილი მზის სხივებს ირეკლავს და სიცხეც უფრო ადვილად ასატანი ხდება. 

მზეზე გასვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.

 

იცით, როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ კრემი?

ყურადღება მიაქციეთ კრემის ეტიკეტზე მითითებულ წარწერას SPF. 

ეს ნიშნავს, რამდენი აქვს მოცემულ მოვლის საშუალებას მზისგან დაცვის ფაქტორი. რაც უფრო მეტია ის, მით მეტად აკავებს კრემი ულტრაიისფერ სხივებს და ხელ უშლის მათს მავნე ზემოქმედებას კანზე. 

❗️SPF 15 აბლოკირებს მზის ულტრაიისფერ სხივების 93%-ს, SPF 30 – 97%-ს, ხოლო SPF 50 – 98%-ს. 

თუ თქვენი პატარა შავგვრემანია, მას 13-30 ინდექსიანი კრემიც ეყოფა, ხოლო თუ ღია ფერისაა, მაქსიმალური დაცვის ფაქტორით ანუ SPF 50 ის შემცველი კრემი გამოიყენეთ.

❗️და მთავარია, ერთჯერადად კანზე დატანილი კრემი მთელი დღის მანძილზე არ იცავს მზისაგან კანს, აუცილებელია მისი ყოველ 2 საათში ერთხელ განახლება.

 

აუცილებლად მკითხავთ, უნდა მივცეთ თუ არა პატარას D ვიტამინი ზაფხულში, ის ხომ მზის სხივებით აქტიურად წარმოიქმნება კანში? მაგრამ თუ იმაზე შევთანხმდით, რომ კანს მზისგან დამცავი კრემით აქტიურად ვიცავთ მაშინ, გამოდის, რომ მზის სხივებს ეს ფუნქცია მკვეთრად ეზღუდებათ. ამიტომ D ვიტამინის მიღება აუცილებელია.

 

მხიარულ, მზიან ზაფხულს გისურვებთ, მეგობრებო!

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე