რისთვის გვჭირდება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

თარიღი: 05 ნოემბერი, 2018

რისთვის გვჭირდება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

 

ყველაფერი იწყებოდა ასე...

 

გასულ საუკუნეში დანიელმა მეცნიერმა დაიერბერგმა ესკიმოსებზე დაკვირვებისას შენიშნა, რომ ისინი იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლარღვათა სისტემის დაავადებებით.  ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ მეცნიერმა ეს ფაქტი მათი კვების ტიპს დაუკავშირა - ესკიმოსები ძირითადად ცივი ზღვებისათვის დამახასიათებელი ცხიმიანი თევზითა და სელაპის ხორცით იკვებებოდნენ.

ათასწლეულების მანძილზე ადამიანის ევოლუციასთან ერთად ხდებოდა საკვებში შემავალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის ცვლილებაც. 

თანამედროვე ადამიანი, სამწუხაროდ, ჭარბი რაოდენობით იღებს ნაჯერ ცხიმებსა და ტრანსცხიმებს. ამ ტიპის საკვებში ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები გაცილებით დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, ვიდრე ომეგა-3. 

ცხიმოვანი პროფილის ასეთი ცვლილებასთან დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სიმსივნური და ზოგიერთი სხვა დაავადების რისკის ზრდა.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სინთეზი ორგანიზმში არ ხდება. ამიტომ ამ ნივთიერებების საკვებთან ან საკვებ დანამატებთან ერთად მიღება აუცილებელია.

 

სად იმალება ომეგა-3?

 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მთავარი წყარო ცხიმიანი თევზია (ტუნა, სკუმბრია, ორაგული, ვირთევზა)

სელის ზეთი - მასში ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები საუკეთესო თანაფარდობითაა წარმოდგენილი. მცირე რაოდენობით ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შეწოვას.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

კაკალი, სოიოს ზეთი, გაღვიებული ხორბალი

 

რა შეუძლია ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს?

 

აი, მოკლე ჩამონათვალი:

- ისინი უჯრედული მემბრანებს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია

წარმოქმნიან ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს - პროსტაგლანდინებს, რომლებიც ხელს უშლიან ანთებითი რეაქციების განვითარებას და მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში.

- წარმოადგენენ თავის ტვინის საშენ მასალას, რის გამოც მათ ტვინის არქიტექტორებსაც უწოდებენ.

მონაწილეობენ ბავშვთა ასაკში კოგნიტური სფეროს (აზროვნების) განვითარებაში.

- წარმოადგენენ თვალის ბადურას ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს.

 

- ქალის რძე ძროხის რძისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ამიტომ ბუნებრივი კვების დროს მისი დამატება საჭირო არ არის.

- ჩვილი, რომელიც იღებს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებულ ხელოვნურ ნარევს, ასევე არ საჭიროებს მის დამატებას.

- თუ ბავშვი კვირაში 2-3-ჯერ მაინც იღებს ცხიმიან თევზს, ასევე მწვანეფოთლოვან ბოსტნეულს, არ დასჭირდება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დამატება.

იმ შემთხვევაში კი, როცა ვერ აკონტროლებთ საკვების გზით ამ შეუცველელი ნივთიერებების მიღებას, სჯობს ისინი საკვები დანამატის სახით მიიღოთ.

 

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე