რა არის ჰელიკობაქტერია და რა უნდა იცოდეთ კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიის შესახებ?

თარიღი: 06 მარტი, 2020

ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori) მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხშირი, ქრონიკული ინფექციის გამომწვევია, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს აზიანებს.

 

ჰელიკობაქტერ პილორი

ამ ბაქტერიით დასნებოვნება, ძირითადად, ბავშვთა ასაკში ხდება და მეცნიერთათვის დღემდე მისი გადაცემის ზუსტი გზები უცნობია. საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, დუოდენიტი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), წყლულოვანი დაავადება და კუჭის კიბოც კი.

ასევე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ ბაქტერია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთი პათოლოგიების განვითარებასთან, როგორიცაა: ფუნქციური დისპეფსია, გაურკვეველი რკინადეფიციტური ანემია, იდიოპათიური თრომბოციტოპენია.

ჰელიკობაქტერპილორის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ითვლება ურეაზას სუნთქვითი ტესტი.

დიაგნოსტირების ამ მეთოდზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გასტროენტეროლოგი მაგდა ასათიანი.

 

–რას წარმოადგენს ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი?

– სუნთქვითი ტესტი წარმოადგენს ბაქტერიის გამოვლენის მარტივ, უსაფრთხო და ერთ–ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდს. სუნთქვითი ტესტის პრინციპი ემყარება ფერმენტ ურეაზას აქტივობის განსაზღვრას, რომელსაც კუჭში ჰელიკობაქტერ პილორი გამოიმუშავებს შარდოვანას მიღებამდე და მიღების შემდეგ. ურეაზა შლის შარდოვანას ამიაკის და ნახშირორჟანგის წარმოქმნით.

ინდიკატორის მილში ფერის ცვლილება მოწმობს პირიდან ამოსუნთქულ ჰაერში ამიაკის წარმოქმნას და იძლევა ბაქტერიის ურეაზული აქტივობის შეფასების და ინფექციის არსებობის დადგენის საშუალებას.

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას.

ორგანიზმში ბაქტერიის არსებობის დადასტურება მნიშვნელოვანია ზემოთხსენებული დაავადებების მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის განსაზღვრისთვის. ყველა პაციენტს, რომელსაც დაუდგინდა ჰელიკობაქტერიით აქტიური ინფექცია, უნდა ჩაუტარდეს ერადიკაციული თერაპია (სხვადასხვა მედიკამენტის და მათ შორის ანტიბიოტიკის კომბინაცია).

 

– ვისთვის არის რეკომენდებული ტესტის ჩატარება?

– უმნიშვნელოვანესია სწორად განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს აღნიშნული გამოკვლევა.

 

ჰელიკობაქტერიით ინფიცირების დიაგნოსტიკური ტესტის გამოყენების ჩვენებებს წარმოადგენს:

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ამჟამად ან წარსულში თუ ბაქტერიისგან განკურნება არ არის დადასტურებული);

- კუჭის MALT-ლიმფომა;

- ატროფიული გასტრიტი;

- კუჭის კიბოს ოჯახური ანამნეზი;

- ანამნეზში კუჭის კიბოს ენდოსკოპიური მეთოდით რეზექცია;

- გამოუკვლეველი დისპეფსია (ჭამის შემდეგ მუცელში სისავსის შეგრძნება, ადვილად დანაყრება ტკივილი ან წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში);

- კანის ანთებითი დაავადებები (აკნე, როზაცეა, ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია).

მკაცრად რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

- არაწყლულოვანი დისპეფსია (ამჟამად ან წარსულში თუ ბაქტერიისგან განკურნება არ არის დადასტურებული);

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;

- კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოჯახური ანამნეზი;

- თუ ოჯახის წევრი დაავადებულია ჰელიკობაქტერიით;

- გაურკვეველი რკინადეფიციტური ანემია;

- იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.


– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ტესტისთვის?

– გამოკვლევა ტარდება დილით უზმოდ. გამოკვლევამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების მიღება. ბოლო კვება უნდა იყოს მსუბუქი (სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ ხორცი, თევზი და სოკო).

 

ტესტის ჩატარებამდე პაციენტს მკაცრად ეკრძალება:

- გამოკვლევამდე 4 კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკების მიღება;

- გამოკვლევამდე 14 დღის განმავლობაში ანტაციდების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტისეკრეტორული პრეპარატების, ბისმუტის პრეპარატებისა და ანალგეტიკების მიღება;

- გამოკვლევამდე 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების მიღება;

- გამოკვლევამდე 3 დღის განმავლობაში პარკოსნების (ლობიო, ბარდა, სოიო, ცერცვი) მიღება;

- გამოკვლევის დღეს საღეჭი რეზინის დაღეჭვა;

- გამოკვლევამდე 3 საათით ადრე თამბაქოს მოწევა.  

- გამოკვლევის დღეს აუცილებელია კბილების სრულფასოვანი გაწმენდა და პირის ღრუს გამორეცხვა.

პროცედურა გრძელდება 15–20 წუთი.  

 

– ანაცვლებს თუ არა სუნთქვითი ტესტი გასტროსკოპიას?

– ჰელიკობაქტერ პილორის დეტექციის სუნთქვითი ტესტი და გასტროსკოპია ვერ ანაცვლებენ ერთმანეთს, კერძოდ, გასტროსკოპიულად ხდება ლორწოვანის ვიზუალური დათვალიერება, სტრუქტურული დაზიანებების დადგენა და აუცილებლობის შემთხვევაში ბიოფსიის აღება. სუნთქვითი ტესტით კი დგინდება ორგანიზმში არის თუ არა ბაქტერია. ტესტის შედეგით განისაზღვრება ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის  საჭიროება.