რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა

თარიღი: 06 ივნისი, 2018

შარდის შეუკავებლობა – ეს არის უნებლიე შარდვა, რომელიც წარმოშობს როგორც ჰიგიენურ, ისე სოციალურ პრობლემებს. ეს პრობლემები მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. თავდაპირველად ამ მდგომარეობას ყურადღებას არც კი აქცევენ, მაგრამ როდესაც პროცესი ღრმავდება, ცხოვრების ხარისხი ეცემა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება და საზოგადოებას ერიყება.

 

არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე სახე:

* დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. ის წარმოიშობა მაშინ, როდესაც მუცელში წნევა იმატებს და შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება. მაგალითად, სიცილის, ცემინების, ხველების დროს. ამ მდგომარეობის ორი მთავარი მიზეზია შარდსაწვეთის ჰიპერკინეტიკა და მენჯის დიაფრაგმის ფუნქციის დაქვეითება. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის მოდუნება. ყოველივე ამის ფონზე შარდის ბუშტზე მცირე ზეწოლაც კი შარდის უნებლიე დაღვრას იწვევს.

* შარდის ურგენტული შეუკავებლობა. ადამიანს უეცრად უჩნდება მოშარდვის ძლიერი სურვილი, რასაც შარდის უნებლიე გამოყოფა მოჰყვება. ეს უეცარი სურვილი შეიძლება წარმოიშვას წყლის ჩხრიალის გაგონებისას, პოზიციის უეცარი შეცვლისას ან ორგაზმის შემდეგ. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთი ზედმეტად აქტიური ხდება და უნებლიეთ იკუმშება, რასაც შარდის გამოყოფა მოჰყვება. ურგენტული შეუკავებლობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით, დიაბეტით, მიოპათიით (შარდის ბუშტის კუნთის დაზიანებით), საშარდე გზების ინფექციით.

* შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. როცა შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ხდება მისი გადაივსება, რასაც მოშარდვის მუდმივ სურვილთან და შარდის უნებლიე გამოყოფასთან მივყავართ. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთები მოშვებული და დასუსტებულია, სათანადოდ ვერ იკუმშება და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ ყველაფერს იწვევს შარდის ბუშტის მაინერვირებელი ნერვების დაზიანება დიაბეტის ან სხვა დაავადების დროს. შარდის ბუშტის გადავსება შესაძლოა შარდსაწვეთი მილის გაუვალობამაც გამოიწვიოს.

* ფუნქციური შეუკავებლობა. ეს არის ფიზიკური ან მენტალური დარღვევის შედეგად წარმოშობილი შარდის შეუკავებლობა, როდესაც ადამიანს არ შესწევს უნარი, დროულად მიაშუროს საპირფარეშოს. ამ კატეგორიაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ასევე – ართრიტით დაავადებულები, რომლებსაც სწრაფად მოძრაობა უჭირთ.

* შერეული შეუკავებლობა. ამ უკანასკნელზე საუბრობენ, როდესაც ადამიანს ერთზე მეტი ტიპის შეუკავებლობა აწუხებს.

 

ცალკე განიხილავენ პედიატრიულ შარდის შეუკავებლობას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს შარდგამომყოფი სისტემის სტრუქტურული განუვითარებლობით, ნევროლოგიური დარღვევით, ინფექციით, ანთებით. ზოგჯერ ბავშვს არ აქვს გამომუშავებული საპირფარეშოში სურვილისამებრ შესვლის უნარი, ზოგჯერ კი, თამაშით ზედმეტად გართულს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ავიწყდება.

 

რისი ბრალია

შარდის შეუკავებლობა დაავადება არ არის; ის ან რომელიმე დაავადების სიმპტომია, ან დროებითი მდგომარეობა, რომელსაც არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

 

შარდის დროებითი, შექცევადი შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, გაზიანმა სასმელებმა, ხელოვნურმა დამატკბობლებმა, შოკოლადმა, სანელებლებით ჭარბად შეზავებულმა საკვებმა, ციტრუსებმა, გულისა და არტერიული წნევის მარეგულირებელმა საშუალებებმა, ძილის მომგვრელმა წამლებმა, კუნთების მომადუნებელმა საშუალებებმა, C ვიტამინის დიდმა დოზამ. შეუკავებლობის გამოწვევა ასევე შეუძლია საშარდე გზების ინფექციას და ყაბზობას. სწორი ნაწლავი შარდის ბუშტთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ბევრი ნერვი, რომლებიც ამ ორგანოებს აინერვირებს, საერთოა, ამიტომ, როდესაც განავალი ზედმეტად მყარი და მაგარია, შარდის ბუშტის აქტივობა იმატებს და შარდვა ხშირდება.

 

შარდის შეუქცევად შეუკავებლობამდე კი შეიძლება მიგვიყვანოს:

* მშობიარობამ. ფიზიოლოგიური მშობიარობისას ეშვება კუნთები, რომლებიც მნიშნელოვანია შარდვის პროცესისთვის. შესაძლოა დაზიანდეს ნერვები და ქსოვილებიც, რომლებიც მენჯის დიაფრაგმის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამის შედეგად მენჯის დიაფრაგმა და ორგანოები (შარდის ბუშტი, საშვილოსნო, სწორი ნაწლავი, წვრილი ნაწლავი) დაბლა დაიწევს და მდებარეობის ეს პათოლოგიური ცვლილება მათი ფუნქციის მოშლას გამოიწვევს.

 

* ასაკმა. შარდის ბუშტის კუნთი ასაკთან ერთად სუსტდება და კარგავს ფუნქციის სრულფასოვნად შესრულების უნარის.

* მენოპაუზამ. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში ადრინდელზე ნაკლები ესტროგენი გამომუშავდება, ეს ჰორმონი კი მნიშვნელოვანია შარდის ბუშტისა და შარდსადენის ამომფენი შრეების შესანარჩუნებლად. მენოპაუზის შემდგომი ესტროგენის ნაკლებობა არღვევს ამ ორგანოთა ფუნქციას და შარდის შეუკავებლობის ალბათობას ზრდის.

* პროსტატის გადიდებამ და პროსტატის სიმსივნემ, განსაკუთრებით – ასაკოვან მამაკაცებთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შარდის შეუკავებლობა პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებების გვერდითი ეფექტი უფროა, ვიდრე თვით ამ დაავადების გამოხატულება.

* ობსტრუქციამ. გამავლობის შეფერხება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას – ხელს უშლის შარდის ნორმალურ დენას, იწვევს შეგუბებას და შარდის ბუშტის გადავსებას, რასაც შარდის შეუკავებლობა მოჰყვება. თავად ობსტრუქცია შესაძლოა საშარდე სისტემაში არსებულმა კენჭებმა გამოიწვიოს.

* ნევროლოგიურმა დაავადებებმა, მათ შორის – მრავლობითმა სკლეროზმა, პარკინსონის დაავადებამ, ინსულტმა, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებმა, საზოგადოდ, ნებისმიერმა დაზიანებამ, რომელიც შეაფერხებს შარდის ბუშტისკენ მიმავალ ნერვულ სიგნალებს.

 

რაც ჩვენს ხელთაა

ზოგიერთი ფაქტორი შეგვიძლია ვაკონტროლოთ და ამით თავიდან ავიცილოთ შარდის შეუკავებლობა. მაგალითად, წონის შემცირებასთან ერთად შემცირდება შარდის ბუშტსა და ირგვლივ მდებარე კუნთებზე ზეწოლა და, შესაბამისად, შარდის შეუკავებლობა ხველებისა და ცემინების დროს, ამიტომ აუცილებელია რაციონში ბოჭკოთი მდიდარი, ჯანსაღი საკვების ჩართვა და ცხიმით მდიდარ, კალორიულ საკვებზე უარის თქმა. დადებითი დინამიკა შეინიშნება ნიკოტინისა და კოფეინის შემცირების შემთხვევაშიც.

 

როგორ დავადგინოთ

დიაგნოზი, უპირველეს ყოვლისა, ემყარება პაციენტის ისტორიასა და გასინჯვას, ამის შემდეგ კი საჭიროა შარდის ანალიზი, დღიურის წარმოება, სადაც აღნუსხავთ, რამდენ სითხეს სვამთ, რამდენჯერ, როდის და რამდენს შარდავთ, შეუკავებლობის რამდენი ეპიზოდი ფიქსირდება და დღე–ღამის რომელ მონაკვეთში. ასევე მნიშვნელოვანია ნარჩენი – მოშარდვის შემდეგ ბუშტში დარჩენილი – შარდის მოცულობის განსაზღვრა, რაც კათეტერით ან ულტრაბგერით ხდება. თუ მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ბევრი შარდია, სავარაუდოა საშარდე გზების ობსტრუქცია, ინერვაციის მოშლა ან კუნთების პათოლოგია.

 

მკურნალობა

თავდაპირველად ყოველთვის ნაკლებინვაზიურ მიდგომას ენიჭება უპირატესობა და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მერეღა მიმართავენ ინვაზიურ მეთოდებს.

 

არაინვაზიური მეთოდები ადამიანს შარდის შეკავების უნარის გამომუშავებაში ეხმარება. ესენია:

* შარდის ბუშტის ტრენირება. ვიცით, რომ ურგენტული შეუკავებლობისას მოშარდვის სურვილის აღმოცენების შემდეგ თითქმის არ რჩება დრო საპირფარეშომდე მისასვლელად – შარდის ბუშტი მაშინვე იკუმშება და უნებლიე შარდვა იწყება. შარდის ბუშტის ტრენირებით კი გამოვიმუშავებთ შეკავების უნარს და ნელ-ნელა ვზრდით დროს მოშარდვამდე. თავდაპირველად ვცდილობთ, მოშარდვა დაახლოებით 10 წუთით შევაყოვნოთ, მერე და მერე ნელ-ნელა ვუმატებთ. კარგი შედეგი იქნება, თუ მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს 2.5-დან 3.5 საათამდე გავზრდით.

* შარდის ბუშტის ორმაგი დაცლა. მოშარდვის შემდეგ ცოტა ხანს საპირფარეშოში ვრჩებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელახლა მოშარდვას ვცდილობთ. ეს ტექნიკა გვეხმარება, ბოლომდე დავცალოთ შარდის ბუშტი, რათა თავიდან ავიცილოთ მასში შარდის ჩარჩენა და გადავსება.

* მოშარდვის გრაფიკის შედგენა. გრაფიკი გვეხმარება, წინასწარ განსაზღვრულ დროს შევიდეთ საპირფარეშოში. ასე ნაკლები შანსი რჩება, მოშარდვის სურვილი არახელსაყრელ სიტუაციაში გაგვიჩნდეს. მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალი დაახლოებით 2-4 საათი უნდა იყოს.

* ვარჯიში. სითხისა და კვების მოწესრიგებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტიურობას. ძალიან კარგია მენჯის დიაფრაგმის ვარჯიში, რომელსაც კეგელის ვარჯიშს უწოდებენ. ის განსაკუთრებით ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას. კეგელის ვარჯიში შემდეგნაირად სრულდება: წარმოიდგინეთ, რომ შარდის შეკავებას ცდილობთ, დაახლოებით 5 წამით შეკუმშეთ კუნთები, რომლებსაც შარდის შეკავებისას იყენებთ, მერე კი 5 წამით მოადუნეთ. თუ გერთულათ, დაიწყეთ 2 წამით. შეკუმშვის ხანგრძლივობა ნელ-ნელა 10 წამამდე გაზარდეთ. ვარჯიში საჭიროა ყოველდღე, დღეში სამჯერ, ყოველ ჯერზე – 10 გამეორებით.

* ელექტრული სტიმულაცია. ელექტროდები თავსდება სწორ ნაწლავში ან ვაგინაში, რათა მენჯის დიაფრაგმის კუნთების სტიმულირება მოახდინოს და გაამაგროს ისინი. ეს ტექნიკა ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას, თუმცა საკმაოდ გაჭიანურებული პროცესია.

 

ამ ყველაფერთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, ხელოვნური სამედიცინო საშუალებები, ინტერვენციული თერაპია.

 

ხელოვნური სამედიცინო საშუალებაა, მაგალითად, ტამპონი, რომელსაც შარდსაწვეთში იდებენ ისეთი აქტივობის წინ, როდესაც მოსალოდნელია შარდის უნებლიე გამოყოფა (მაგალითად, ტენისის თამაშისა) და გამოიღებენ მოშარდვამდე. არსებობს ვაგინაში მოსათავსებელი სილიკონის საშუალებაც, რომელსაც პესარის უწოდებენ. მას იყენებენ, როდესაც შეუკავებლობა გამოწვეულია პროლაფსით.

 

ინტერვენციული თერაპია მოიაზრებს შარდსაწვეთის ირგვლივ მოცულობის გამზრდელი სინთეზური საშუალების შეყვანას, რომელიც ასქელებს შარდსადენის კედელს და ავიწროებს გამავალ მილს, სქელი კედელი კი სფინქტერის მეტი ძალით დახურვას უზრუნველყოფს. თუმცა ეს პროცედურა ნაკლებეფექტურია. ასევე იყენებენ ბოტულინის ტოქსინს, როდესაც შარდის ბუშტი ზედმეტად აქტიურია, და ნერვის სტიმულაციას – კანქვეშ ინერგება მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ სტიმულებს გზავნის შარდის ბუშტის მაკონტროლებელი ნერვისკენ და ამგვარად შარდვის პროცესს არეგულირებს.

 

თუ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც რამდენიმე მიდგომას მოიცავს. ესენია:

* ლენტის პროცედურა – მას სტრესული შეუკავებლობისას მიმართავენ. ამ დროს შარდსაწვეთს სწორ პოზიციაში აფიქსირებენ;

* კოლპოსუსპენზია – მუცლის ქვედა ნაწილში განაკვეთს აკეთებენ და შარდის ბუშტის ყელს მაღლა სწევენ. ეფექტურია სტრესული შეუკავებლობისას;

* სლინგ-პროცედურა – გულისხმობს შარდის ბუშტის ყელის ირგვლივ ბანდაჟის მოთავსებას და საკმაოდ ეფექტურია.

 

კიდევ ერთი მიღებული მეთოდია შარდის ბუშტის ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის გვერდითი ეფექტი. შესაძლოა, გაფუჭდეს სფინქტერის მაკონტროლებელი მექანიზმი. ამ შემთხვევაში მოწყობილობა უნდა ამოიღონ.

 

შარდის შეუკავებლობისა ბევრს ერცხვინება, ამიტომ ექიმთან მისვლას თავს არიდებს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. ექიმთან მისვლა აუცილებელია, რათა პრობლემა მალე მოგვარდეს, მდგომარეობა არ გართულდეს და ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

წყარო: https://www.aversi.ge