პირველი მაისი – ასთმის მსოფლიო დღეა
პირველი მაისი – ასთმის მსოფლიო დღეა


თარიღი: 01/05/2018

მაისის პირველ სამშაბათს ასთმის გლობალური ინიციატივის ორგანიზებით ჯანდაცვის ჯგუფებთან და ასთმის განმანათლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით მსოფლიოში ასთმის მსოფლიო დღე აღინიშნება.

 

ასთმის მსოფლიო დღე პირველად 1998 წელს აღინიშნა, როცა ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა გლობალური შეხვედრა ასთმის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 35 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღეისათვის ასთმის მსოფლიო დღე გადაიქცა ასთმის შესახებ ინფორმაციისა და განათლების მიღების მნიშვნელოვან ღონისძიებად მსოფლიოში. 

მნიშვნელოვანი ფაქტები ასთმის შესახებ

· ასთმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებაა. ის ფილტვისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხდება ანთებადი და ავიწროებს სანათურს.

· მსოფლიოში 235 მილიონი ადამიანია დასნებოვნებული ასთმით, მაღალი ავადობით გამოირჩევა ბავშვთა ასაკი. 

· ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების უმეტესობა დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვლინდება. 

· ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო შეფასებით, მსოფლიოში 2015 წელს ასთმის მიზეზით 383 000 ადამიანი გარდაიცვალა.

· ასთმის განვითარების მძლავრი რისკის ფაქტორებია ადამიანთა მიერ შესუნთქული ნივთიერებები და ნაწილაკები, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების პროვოცირება და სასუნთქი გზების გაღიზიანება.

· სამკურნალო საშუალებებით ასთმის კონტროლი შესაძლებელია. ასთმის გამომწვევებისაგან თავის არიდებით შესაძლებელია ასთმის სიმძიმის ხარისხის შემცირება.

· ასთმის სათანადო მენეჯმენტით შესაძლებელია ასთმით დაავადებულთა ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღწევა.[2]

ასთმა გლობალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. მისი პრევალენტობა მზარდია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ასთმით გამოწვეული სიკვდილობისა და ჰოსპიტალიზაციის კლება შეინიშნება, ასთმა ისევ მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს და საზოგადოებას - იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და, პედიატრიული ასთმის შემთხვევაში, ოჯახების გაღარიბებას[3]. 

კვლევები ადასტურებს, რომ კლინიკური ასთმის მსოფლიო გავრცელება მოზრდილ მოსახლეობაში 4,5%–ია და რეგიონების მიხედვით მერყეობს 2,9%-დან (აღმოსავლეთ ხმელთა-შუა ზღვისპირეთი) 6,2%-მდე (დასავლეთ წყნარი ოკეანეა)[4]. 

ბავშვთა ასაკში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ 13-14 წლის ბავშვებში მსტვინავი ხიხინის გავრცელება 14,1% იყო და რეგიონების მიხედვით 5,1%-დან (ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა) 22%-მდე (ოკეანეა) მერყეობდა.[5] 

2008 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო 61-ე ასამბლეაზეა გენერალური მდივნის მარგარეტ ჩანის მიერ ყურადღება გამახვილებულ იქნა ასთმის მაღალ გავრცელებაზე, რომელმაც თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასთმის პრობლემა ყველგან მზარდია[6]. 

2018 წელს ასთმის მსოფლიო დღის გზავნილია "არასოდეს არ არის ძალიან ადრე, არც არასოდეს არ არის გვიან... ყოველთვის დროულია სასუნთქი სისტემის დაავადებებისადმი ყურადღების მიქცევა..." ეს თემა მოწოდებაა როგორც პაციენტებისათვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკთათვის, რათა სისტემატურად ხდებოდეს სიმპტომების შეფასება და ღონისძიებების ჩატარება ასთმის კონტროლის მიზნით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2012 წლის თემა - "თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ასთმა" - კვლავ ძალაში რჩება და აქტუალურია 2018 წელსაც.

2018 წლის ასთმის მსოფლიო დღის ლოგო (http://ginasthma.org).    

[1] http://ginasthma.org/program/

[2] http://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/asthma

[3] Global Strategy for Asthma Management and Prevention (2018 update, page 7.)

[4] Global asthma prevalence in adults: findings from the cross-sectional world health survey. Teresa To, Sanja Stanojevic, Ginette Moores.

[5] Global variation in the prevalence and severity of asthma symptoms: Phase Three of the International Study of Asthma and Allergies in Childhood (ISAAC).

[6] http://www.who.int/respiratory/asthma/WHA_2008/en/