Nuk
რა ცვლილებები ამოქმედდება 1 სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანამად?
რა ცვლილებები ამოქმედდება 1 სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანამად?

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები
თარიღი: 04/09/2018

რა ცვლილებები ამოქმედდება 1 სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანამად?

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები:

თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები
I. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.
o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.
ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს:
- სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება; და
- აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.

II. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია

• შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით - ე.წ. „დრაივ თამბაქო“
o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.
• ღერებით ან შეფუთვის გარეშე.
o ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას - 300 ლარი.
• სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში
o ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას - 400 ლარი.
• 18 წლამდე პირებზე
o ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას - 300 ლარი.
• სავაჭრო ობიექტის საბავშვო სექციაში
o ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას - 400 ლარი.
• ელექტრონული ან მექანიკური აპარატით
o ჯარიმა 200 ლარი აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით, განმეორებისას - 400 ლარი აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით.
• ინტერნეტით ან ფოსტით
o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.

III. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, შეთავაზება, დარიგება ან გათამაშება.
სავალდებულოა ობიექტში კანონით დამტკიცებული გაფრთხილების განთავსება
o ჯარიმა 200 ლარით, განმეორებისას - 400 ლარი.

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი
1 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების დატანას თამბაქოს ნაწარმის თითოეულ ყუთსა და კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და დიზაინის წესები დადგენილია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის #14 დადგენილებით. (დათქმა - სრულად ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან)

ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ცხელი ხაზი : 2 299 299

 

თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დაცვა ინდუსტრიის ჩარევისგან 
1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებას და სახელმწიფო / საჯარო მოსამსახურეებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების სფეროში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.