Nuk
გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება
გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება


თარიღი: 29/09/2018

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება.  ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც  მონაწილეობა ყველას შეუძლია. 

ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ   და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას. 

გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ზეიმის აქციაში ჩართვა მარტივია!!!

გააზიარე ჯანმრთელი გულის „სელფები“ - გადაიღე ჯანმრთელი გულის ამსახველი ფოტო, როგორც კამპანიის სიმბოლო და გააგზავნე სოციალურ ქსელში.

დაიცავით თქვენი გული

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული:

გახდი აქტიური

დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეცადე ვარჯიში აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად: ისარგებლო კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა ფეხით განაგრძო.

შეწყვიტე მოწევა და დაიცავი თავი თამბაქოსგან

მოერიდე კვამლით-სავსე გარემოს: პასიური მწეველობა მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.

ეცადე შეინარჩუნო წონა ნორმის ფარგლებში

ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და მარილის მოხმარების შეზღუდვა დაგეხმარება სისხლის წნევის კონტროლში და გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებაში.

იცოდე შენი „მაჩვენებლები“

რეგულარულად შეიმოწმე სისხლის წნევა, ქოლესტერინის და გლუკოზის დონე სისხლში. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის და გულის ყველა დაავადების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის მაღალი დონე საფრთხეს უქმნის შენს ჯანმრთელობას. ჯანმრთელი გულის  შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი რისკი. „იცოდე შენი მაჩვენებლები“ - კონკრეტულად  კი სხეულის მასის ინდექსი, სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევის ციფრები.

საკუთარი რისკის შეფასების საუკეთესო გზა ექიმთან კონსულტაციაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დამოუკიდებლადაც შეგიძლია განსაზღვრო და შეამცირო რისკი, კერძოდ:

იკვებე ჯანმრთელად

მიირთვი დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეულის პროდუქტები, მჭლე ხორცი, თევზი, ბარდა, ლობიო, ოსპი და პროდუქტები ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობით. ფრთხილად იყავი მზა კონსერვირებულ საკვებთან, რომლიც ხშირად დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. დალიე ბევრი წყალი!

ფრთხილად მიიღე წამლები

მიიღე ის წამლები, რომლებიც ექიმმა გამოგიწერა.