აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორის ბატონი რობერტ რედფილდის ვიზიტი საქართველოში
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორის ბატონი რობერტ რედფილდის ვიზიტი საქართველოში


თარიღი: 22/05/2019

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორის

ბატონი რობერტ რედფილდის ვიზიტი საქართველოში

 

2019 წლის 23-25 მაისს, საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი - ბატონი რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, ფუნდამენტური და გამოყენებითი სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დონორ და პარტნიორულ თანამშრომლობას 20 წელიწადზე მეტია უწევენ ამერიკული ორგანიზაციები და უნივერსიტეტები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა CDC-თან. 1996 წელს CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოყენებულ იქნა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში. ინფექციური დაავადებების კვლევებისა და ქართველი ეპიდემიოლოგების გადამზადების მიზნით, CDC-მ საქართველოში თავდაპირველი საქმიანობა,  ჯერ კიდევ, 90-ანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. ხოლო 2009 წ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC/ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP)  მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. პროგრამის ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა საკლასო და საველე სწავლებას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების 127 სპეციალისტს მიღებული აქვს პროფესიული გადამზადება, მათ შორის 70 სპეციალისტს საქართველოდან.  

ამჟამად, საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე.

CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით.  საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვ.

CDC-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე საქართველო მსოფლიოში გახდა სამაგალითო ქვეყანა.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია, ბ-ნი რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და  CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ ისტორიებს, კერძოდ თუ რა როლი ითამაშა CDC-მ, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ლიდერმა ორგანიზაციამ ქართული პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით.

 

ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრები გამართოს, როგორც კოლაბორატორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სახელმწიფო მაღალი რანგის პირებთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრების მიზანია განიხილონ მიმდინარე თანამშრომლობა და დასახონ მომავალი ურთიერთობების ახალი გზები და მიმართულებები.