ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია

LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია

05 აგვისტო, 2026

ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია

მედიკოსთა მე-60 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე, ჩაქვში, ცალკე სესია დაეთმო მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, რომელმაც კოლეგებს გაუზიარა სიახლეები ონკოლოგიაში. სესია „ინოვაციები თანამედროვე ონკოლოგიაში: კლინიკური გამოწვევები და განვითარების სტრატეგიები" დარგის წამყვან ქართველ სპეციალისტებს აერთიანებდა, თუმცა დამსწრეთა ყურადღება ყველაზე მეტად ონკოგინეკოლოგ ნიკოლოზ სარაულის მიერ რობოტული ტექნოლოგიით, ლაივში შესრულებულმა რადიკალურმა ჰისტერექტომიამ მიიპყრო


სესიას უძღვებოდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი - თამარ მაკარიძე.


მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა სესიაზე წარადგინა რობოტ-ასისტირებული ქირურგიის ერთწლიანი გამოცდილება გინეკოლოგიისა და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით. ამასთანავე მშრალი სტატისტიკის ნაცვლად კოლეგებს შესთავაზა თავად პროცესის რეალურ დროში ჩვენება რამაც სესიის ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ონკო-გინეკოლოგმა ნიკოლოზ სარაულმა ოპერაციის დაწყებიდან დასრულებამდე ეტაპობრივად წარუდგინა დამსწრეებს, თუ  როგორ სრულდება საშვილოსნოს კიბოს ოპერაცია რობოტული ტექნოლოგიით და რა განსხვავებაა ლაპარასკოპიულ მეთოდთან შედარებით. პაციენტს დაუდგინდა ენდომეტრიული ადენოკარცინომა, რის გამოც შესრულდა რადიკალური ჰისტერექტომია ორმხრივი ლიმფოდისექციით, ICG-ის გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიმსივნის ამოკვეთის ეტაპს, სადაც დამსწრეებმა უშუალოდ იხილეს, თუ როგორ ხორციელდებოდა სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა რობოტული სისტემით.

შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გამო, რომ პაციენტს სხეულის მაღალი მასის ინდექსი ჰქონდა — მისი წონა 100 კილოგრამს აღემატებოდა, რაც ონკოლოგიურ ქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ შემთხვევად ითვლება. სწორედ ასეთი დიაგნოზისა და მაღალი BMI-ის მქონე პაციენტებში ავლენს რობოტული ქირურგია ერთ-ერთ უპირატესობას — ინარჩუნებს სიზუსტესა და კონტროლს იქ, სადაც სტანდარტული ლაპარასკოპიული მიდგომა ტექნიკურად მნიშვნელოვნად რთულდება.

თემა განაგრძო მარდალეიშვილის სამეიდცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ემზარ ნადირაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე რობოტული ქირურგია ონკოლოგიაში: „ტექნოლოგიური პროგრესი და კლინიკური სარგებელი ლაპარასკოპიასთან შედარებით“

სესიის მეორე ნაწილი ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით საფუძვლებს დაეთმო. სოფო შარაშიძემ, ექიმმა ციტოლოგმა, მოხსენებაში „რა ვიცით უჯრედის შესახებ და როგორ აისახება ეს დღევანდელ რეალობაზე" ისაუბრა უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებზე და მათ გავლენაზე თანამედროვე ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაზე.

სესია დასრულდა კლინიკური ონკოლოგ ამირან  მათითაშვილის  მოხსენებით - „იმუნოთერაპიის როლი თანამედროვე ონკოლოგიაში". მან განიხილა, თუ როგორ შეცვალა იმუნოთერაპიამ ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური მკურნალობის ტაქტიკა; მან ასევე წარადგინა კონკრეტული პაციენტების ქეისები, რომელთა მაგალითზეც დეტალურად განიხილა იმუნოთერაპიის კლინიკური გამოყენება და მისი შედეგები.

ონკოლოგიისადმი მიძღვნილმა სესიამ, ლაივ ქირურგიის ჩართვით, დამსწრეთ საშუალება მისცა უშუალოდ ეხილათ ის, რასაც ჩვეულებრივ მხოლოდ სახელმძღვანელოებში კითხულობენ — რობოტული ტექნოლოგიის რეალურ დროში მუშაობა ონკოლოგიური ოპერაციის ყველაზე გადამწყვეტ ეტაპზე.

ნუკი