მასტოპათია და მისი გამომწვევი მიზეზები
რა არის მასტოპათია? რამდენად ხშირად გვხვდება ის ქალებში და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები? როგორ ხდება მასტოპათიის დიაგნოსტირება? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, ონკოქირურგი, მამოლოგი, გია ნემსაძე.
- ბატონო გია, რა არის მასტოპათია და რამდენად ხშირად გვხვდება ის ქალებში?
მასტოპათია ეს არის ძუძუს ქსოვილის კეთილთვისებიანი, ჰორმონდამოკიდებული ცვლილება. ტერმინი „მასტოპათია“ მოიცავს სხვადასხვა კეთილთვისებიან ცვლილებას სარძევე ჯირკვლის ქსოვილში, ისეთი, როგორიცაა დისკომფორტის, ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნება, ასევე კისტები და ფიბროადენომატოზური კვანძები.
სტატისტიკურად მასტოპათია აღენიშნება ქალების დაახლოებით 54%-ს.
- ითვლება, თუ არა მასტოპათია კიბოსწინარე პათოლოგიად?
უშუალოდ მასტოპათია არ წარმოადგენს კიბოსწინარე დაავადებას. არსებობს მასტოპათიის კონკრეტული ფორმები (მეტად გამოხატული კვანძოვანი სტრუქტურებით), რომლის დროსაც პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას და ექიმის ხშირ მეთვალყურეობას.
- რა არის მასტოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?
მასტოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ძირითადად, ორი ჰორმონის, ესტროგენისა და პროგესტერონის, დისბალანსითაა გამოწვეული. უფრო კონკრეტულად კი, ესტროგენის სიჭარბე და პროგესტერონის ნაკლებობა.
- რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს მასტოპათიის მქონე ქალბატონს?
მასტოპათიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ჩივილებია: დაჭიმულობა, ტკივილი, ძუძუს ქსოვილის გამკვრივება და სხვადასხვა ტიპის კვანძის არსებობა სარძევე ჯირკვალში.
- ბატონო გია, როგორ ხდება მასტოპათიის დიაგნოსტირება და რას ურჩევდით ქალბატონებს, როგორ დაიცვან თავი ამ დაავადების განვითარებისგან?
ოქროს სტანდარტი სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის მანუალური გასინჯვა, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია და მამოგრაფია 40 წლის ასაკიდან.
დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება, მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება, სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება, დროული ორსულობა, აქტიური ლაქტაცია, აბორტზე უარის თქმა.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
131
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
207
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,473
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
103