მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კარდიული რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი, თბილისის მთავარი კარდიოლოგი
დამატებითი მონაცემები
ზურაბ ფაღავა დაიბადა 1950 წელს თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვში, საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ხანგრძლივი ფიზიკური ტრენირების ზეგავლენა გულის მარცხენა პარკუჭის გლობალურ და რეგიონალურ შეკუმშვად უნარზე ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტით.” 1995 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “სამკურნალო ფიზკულტურის გაფართოებული კომპლექსისა და ფიზიკური ტრენირების გამოყენების კლინიკო-ფიზიოლოგიური დასაბუთება მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფთა რეაბილიტაციის ეტაპებზე” . 2002 წელს ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მიანიჭა პროფესორის წოდება. არის მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი.
1973-1974 წლებში მუშაობდა ქ.ცხინვალის საოლქო საავადმყფოში ექიმ-ორდინატორად. 1974-1976 წლებში - სამხედრო ექიმად. 1976 წლიდან კი მუშაობს მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციური დიაგნოსტიკის, გულ-სისხლძართა უკმარისობის, რეაბილიტაციის განყოფილებებში, ექიმ-ორდინატორის, უმცროსი მეცნიერ მუშაკის, უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის განყოფილებას, 2000 წლიდან არის მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე და კარდიული რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი. ამავე დროს, იგი არის ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი.
ზურაბ ფაღავა არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე კარდიულ რეაბილიტაციასა და დატვირთვების ფიზიოლოგიაში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მართვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევების მონაწილე, სხვადასხვა კარდიოლოგიური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორი და მონაწილე, ჟურნალ “კარდიოლოგია და შინაგანი სნეულებანი” სარედაქციო საბჭოს წევრი. ზ.ფაღავა არის ქ.თბილისის მთავარი კარდიოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში. არის მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების, პოპულარული სამედიცინო ლიტერატურის, სამახსოვროების ავტორი. მის მიერ შემუშავებილია და გამოქვეყნებულია საქართველოში კარდიული რეაბილიტაციის სამსახურის მოდერნიზაციის კონცეფცია და მოსახლეობაში ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრების პროგრამული კონცეფცია.