1. რას წარმოადგენს ცეტირიზინი ნორმონი და მისი გამოყენება
ცეტირიზინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი. ცეტირიზინი ნორმონი წარმოადგენს ანტიალერგიულ მედიკამენტს.
ცეტირიზინი ნორმონი გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში:
- სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური და თვალის სიმპტომების მოსახსნელად;
- ქრონიკული ჭინჭრის ციების (იდიოპათიური ქრონიკული ურტიკარიის) მოსახსნელად.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცეტირიზინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ცეტირიზინი ნორმონის მიღება:
• თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება (თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით ნაკლები ვიდრე 10 მლ/წთ).
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების, ცეტირიზინი ნორმონის შემადგნელობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ (სხვა მედიკამენტების შემადგენლობაში შემავალი მსგავსი აქტიური ნივთიერებები).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ცეტირიზინი ნორმონის მიღებისას
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, საჭიროა ექიმთან მიმართვა კონსულტაციისათვის; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა. ახალ დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია. ან პაციენტს აქვს კრუნჩხვების განვითარების რისკი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
არ აღინიშნა შესამჩნევი გავლენა ალკოჰოლისა (სისხლში დონე 0.5 პრომილე, რომელიც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის ურთიერთქმედებისას. მაგრამ, ყველა ანტიჰისტამინური პრეპარატის მსგავსად, რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.
სხვა მედიკამენტები და ცეტირიზინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ცეტირიზინის პროფილის გამო, არ არის მოსალოდნელი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.
ცეტირიზინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ცეტირიზინის შეწოვაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, ცეტირიზინი ნორმონი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს. წამლის შემთხვევითი მიღება ფეხმძიმობის დროს არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, მედიკამენტი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.
დაუშვებელია ცეტირიზინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ყურადღების, კონცენტრირებისა და მართვის უნარის დაზიანება ცეტირიზინის რეკომენდებული დოზებით მიღების შემდეგ.
თუ პაციენტი აპირებს ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულებას ან მექანიზმების მართვას, არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზას. პაციენტი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან ნერვული სისტემის დეპრესანტი სხვა აგენტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ყურადღებასა და რეაქციის უნარზე.
3. ცეტირიზინი ნორმონის მიღების წესი
ეს რეკომენდაციები გამოყენებულ უნდა იქნას, თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული ცეტირიზინი ნორმონის მიღების განსხვავებული ინსტრუქცია. საჭიროა ამ ინსტრუქციების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეტირიზინი ნორმონით მკურნალობა შეიძლება არ იყოს სრულად ეფექტური.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა სითხესთან ერთად.
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:
10 მგ ერთხელ დღეში 1 ტაბლეტის სახით.
6-12 წლის ასაკის ბავშვები:
5 მგ ორჯერ დღეში - ნახევარი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
თირკმლის საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტები:
თირკმლის საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია 5 მგ ერთხელ დღეში ნახევარი ტაბლეტის სახით.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ცეტირიზინი ნორმონის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ
ტაბლეტი შეიძლება გაიყო ორ თანაბარ ნაწილად.
ცეტირიზინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ცეტირიზინი ნორმონის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ექიმი გადაწყვეტს, რა ზომების მიღებაა საჭირო.
ასევე შესაძლებელია ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა, ტელ.: +34 91 562 04 20.
დოზის გადაჭარბების შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ინტენსივობის ზრდის მიხედვით. აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცნობიერების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოება, ქავილი, მოუსვენრობა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, აჩქარებული გულისცემის სიხშირე, ტრემორი და შარდის შეკავება.
ცეტირიზინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ცეტირიზინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეტირიზინი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: (ხშირი: აღინიშნება ყოველი 100-დან არაუმცირეს 1-10 პაციენტში; არახშირი: აღინიშნება ყოველი 1,000-დან 1-10 პაციენტში; იშვიათი: აღინიშნება ყოველი 10,000-დან 1-10 პაციენტში; ძალიან იშვიათი: აღინიშნება ყოველი 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
- სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე)
- ორგანიზმის ზოგადი დარღვევები
ხშირი: დაღლილობა
- გულის დარღვევები:
იშვიათი: ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა)
- თვალის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების წრიული, უკონტროლო მოძრაობა)
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი: ფაღარათი, პირის სიმშრალე, გულისრევა
არახშირი; მუცლის ტკივილი
- ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები:
არახშირი: ასთენია (უკიდურესი დაღლილობა), სისუსტე
იშვიათი: შეშუპებ
- იმუნური სისტემის დარღვევები:
იშვიათი: ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმე (ძალიან იშვიათი)
- ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
- დამატებითი კვლევები:
იშვიათი: წონის მატება
- ნერვული სისტემის დარღვევები:
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
არახშირი: პარესთეზია (კანზე პათოლოგიური შეგრძნებები)
იშვიათი: კრინჩხვები, მოძრაობის დარღვევები
ძალიან იშვიათი: სინკოპე, ტრემორი, დისგეზია (შეცვლილი გემო)
- ფსიქიკური დარღვევები:
ხშირი: ძილიანობა
არახშირი: აგზნება
იშვიათი: აგრესია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაცია, უძილობა
ძალიან იშვიათი: ტიკები
- თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: შარდის გამოყოფის დარღვევა
- რესპირატორული სისტემის დარღვევები:
ხშირი: ფარინგიტი, რინიტი
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
არახშირი: ქავილი, გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათი: შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი.
თუ პაციენტს განუვითარდა ზემოთ აღწერილი რომელიმე ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის პირველი ნიშნებისთანავე უნდა შეწყდეს ცეტირიზინი ნორმონის მიღება.
მკურნალი ექიმი შეაფასებს მდგომარეობის სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ზომების მიღების შესახებ. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ცეტირიზინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ცეტირიზინი ნორმონის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30ºC-ის ზემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცეტირიზინი ნორმონი
- ცეტირიზინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლო 6000, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171).