Plasmon
ქოლერონი / CHOLERON


შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულები: გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი ფერის კორპუსით და თეთრი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ფერის გრანულებით; 
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ურსოდეოქსიქოლის მჟავას _ 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჟელატინი, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ქოლერონი წარმოადგენს ჰეპატოპროტექტორულ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მემბრანის მასტაბილიზებელი, ნაღვლმდენი, ქოლელითოლიზური, ასევე ჰიპოქოლესტერინემიული და იმუნომოდულაციური მოქმედება. ურსოდეოქსიქოლის მჟავა ჰეპატოციტის მემბრანაში ჩაშენებით ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედის სტრუქტურის სტაბილიზებას და იცავს მას ნაღვლის მჟავების მარილების დამაზიანებელი მოქმედებისგან; აინჰიბირებს ლიპოფილური ნაღვლის მჟავების ნაწლავში შეწოვას, აინდუცირებს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას. ამის შედეგად იზრდება ნაღვლის წვენის პასაჟი, რაც ასტიმულირებს ტოქსიკური ნაღვლის მჟავების ნაწლავიდან გამოყოფას. არაპოლარული ნაღვლის მჟავების ჩანაცვლებით წარმოქმნის არატოქსიკურ შერეულ მიცელებს. ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს და მის აბსორბციას ნაწლავში, ქოლესტერინის მოლეკულებთან წარმოქმნის თხევად კრისტალებს, აქვეითებს ნაღვლის წვენის ლითოგენურ ინდექსს, ნაწილობრივ ან მთლიანად შლის ქოლესტერინულ ნაღვლის კენჭებს, ასევე ხელს უშლის ახალი კენჭების წარმოქმნას.
I კლასის HLA-ანტიგენების ჰეპატოციტებზე პათოლოგიური ექსპრესიის შემცირების და ციტოკინების და ინტერლეიკინების პროდუქციის დათრგუნვით ქოლერონი ახდენს გავლენას იმუნოლოგიურ რეაქციებზე.

ფარმაკოკინეტიკა
ურსოდეოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება ნაწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (600 მგ) მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია Cmax (5.5 მმლ/ლ) მიიღწევა მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მეტაბოლიზდება ღვიძლში ტაურინის და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე. ურსოდეოქსიქოლის მჟავა გადის პლაცენტურ ბარიერს. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.

ჩვენებები
• ნაღვლის ბუშტის და საერთო სანაღვლე სადინარის ქოლესტერინული კენჭები, თუ ქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდებით მათი მოშორება შეუძლებელია;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, სხეულის მასის სწრაფი დაკლებისას;
• მწვავე ჰეპატიტი;
• ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
• ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური);
• ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
• პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
• ღვიძლშიდა სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
• ქოლესტაზი პარენტერული კვებისას;
• კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
• ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
• ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
• ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონული კონტრაცეპტივების ან ციტოსტატიკების გამოყენების დროს.

მიღების წესები და დოზები
ქოლერონი მიიღება დღეში ერთხელ ძილის წინ ან დღეში ორჯერ. კაფსულა მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ და ნაღვლის კენჭების დასაშლელად ქოლერონი გამოიყენება დოზით 10-15 მგ/კგ დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6 თვიდან 
2 წლამდე. თუ მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში არ აღინიშნება ნაღვლის კენჭების დაშლა, მკურნალობის გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დოზით 300 მგ 2-ჯერ დღეში რამდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ გამოიყენება 300 მგ (1 კაფსულა) ქოლერონი ერთხელ დღეში ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე. 
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების და სანაღვლე გზების ატრეზიის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10-15 მგ/კგ დღეში 2-3 მიღებაზე 6-12 თვე და მეტი.
პირველადი ბილიარული ციროზის, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის სამკურნალოდ – 10-15 მგ/კგ დღეში (საჭიროების შემთხვევაში – 20 მგ/კგ დღეში) 2-3 მიღებაზე 6 თვიდან რამდენიმე წლამდე.
მუკოვისციდოზის მკურნალობისას ქოლერონი ინიშნება დოზით 20-30 მგ/კგ დღეში 6 თვიდან რამდენიმე წლამდე.
12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ქოლერონის დოზა დგინდება ინდივიდუალურად, საშუალოდ 10-20 მგ/კგ დღეში.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი დაუყოვნებლივ მიღება ან მორიგი დოზის მიღებისას დოზის გაორმაგება.

გვერდითი მოვლენები
ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, იშვიათად – დიარეა, ნაღვლის კენჭების ჩაკირვა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
• ორსულობა და ძუძუთი კვება.

ორსულობა და ლაქტაცია
ქოლერონის ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული. ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა ქოლერონის მიღების შეწყვეტა, ვინაიდან მონაცემები ურსოდეოქსიქოლის მჟავის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. 
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის არაჰორმონული საშუალებები ან პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები ესტროგენის დაბალი შემცველობით.

განსაკუთრებული მითითებები
ნაღვლის კენჭების დაშლის მიზნით ქოლერონის გამოყენებისას: 
• კენჭები უნდა იყოს ქოლესტერინული (რენტგენუარყოფითი); 
• კენჭების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;
• ნაღვლის ბუშტის ფუნქცია უნდა იყოს მთლიანად შენარჩუნებული;
• კენჭებით შევსებული უნდა იყოს ნაღვლის ბუშტის არა უმეტეს ნახევრისა;
• შენარჩუნებული უნდა იქნეს ბუშტის სადინარის გამტარობა;
• საერთო სანაღვლე სადინარი უნდა იყოს კენჭებისაგან თავისუფალი. 
მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში აუცილებელია 4 კვირაში ერთხელ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრა, შემდგომში – 3 თვეში ერთხელ.
მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
კონკრემენტების დაშლის შემდეგ რეკომენდებულია გაგრძელდეს პრეპარატის მიღება შემდეგი 3 თვის განმავლობაში მცირე ზომის ნარჩენი კონკრემენტების დაშლის მიზნით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალუმინის ჰიდროქსიდის და იონმცვლელი კუპრის შემცველი პრეპარატები (ქოლესტერამინი) აქვეითებენ პრეპარატის აბსორბციას და ეფექტურობას.
ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ნეომიცინი ან პროგესტინები ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებას და შეუძლიათ დააქვეითონ პრეპარატის მიერ ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების დაშლის უნარი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

სად შევიძინოთ?