დეგასტროლი / Degastrol
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): lansoprazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- მწარმოებელი კომპანია: DEVA Holding
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 15მგ მიკროპელეტების შემცველი მყარი კაფსულა №28 ფლაკონში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
დეგასტროლი 15 მგ მიკროპელეტებიანი კაფსულები
პერორალურად მისაღები
აქტიური სუბსტანცია: თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტები: კაფსულის შემცველობა: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთილ ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოლისორბატი 80, პოლიაკრილატი, შაქრის გრანულები (საქაროზა, სიმინდის სახამებელი), მეგლუმინი, მანიტოლი, ჟელატინის კაფსულა №3: ჟელატინი (საქონლის ძვლისგან), ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
რა არის დეგასტროლი და რისთვის გამოიყენება
დეგასტროლის კაფსულები არის მყარი ჟელატინის კაფსულები კრემისფერი კორპუსითა და კრემისფერი თავსახურით, რომელიც შევსებულია ნაწლავში ხსნადი მიკროპელეტებით. ხელმისაწვდომია 28 კაფსულიან ბოთლებში.
დეგასტროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლანსოპრაზოლს. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერებას. ლანსოპრაზოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ეწოდება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მჟავიანობას.
დეგასტროლი მოქმედებს კუჭის მჟავას წარმომქმნელი უჯრედების მიერ მჟავას სეკრეციის ბლოკირებით.
დეგასტროლი გამოიყენება:
თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების პროფილაქტიკა და მკურნალობა,
საყლაპავის ანთების (რეფლუქს-ეზოფაგიტი) მკურნალობა,
წყლულების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერია Helicobacter pylori-ით, რომელიც იწვევს წყლულების წარმოქმნას კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, კეტოპროფენი და პიროქსიკამი) გამოწვეული წყლულების პრევენცია და მკურნალობა,
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - GERD (ამ დაავადების დროს კუჭის მჟავა ხვდება საყლაპავში, რაც იწვევს დაზიანებას და ანთებას),
საყლაპავის მჟავათი გამოწვეული დაზიანების მკურნალობა (ეროზიული ეზოფაგიტი),
კუჭში მჟავას ჭარბი სეკრეციის პრევენცია (პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები, მათ შორის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).
რა უნდა იცოდეთ დეგასტროლის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დეგასტროლი
თუ:
წარსულში გქონიათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) ლანსოპრაზოლის ან დეგასტროლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
იღებთ ატაზანავირის შემცველ მედიკამენტებს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ), არ გამოიყენოთ დეგასტროლი.
იღებთ რილპივირინის შემცველ მედიკამენტებს (აივ-1 ინფექციის სამკურნალოდ), არ გამოიყენოთ დეგასტროლი.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დეგასტროლის გამოყენებისასთუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება),
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,
თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას,
თუ სისხლში მაგნიუმის დონე დაბალი გაქვთ,
თუ მკურნალობის დროს გაქვთ დიარეა.
მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის ფუნქციის დარღვევით) დაფიქსირდა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) მიმღებ პაციენტებში და შეიძლება განვითარდეს PPI თერაპიის ნებისმიერ ეტაპზე. აღწერილი შემთხვევების მიხედვით, ზოგიერთ პაციენტს დიაგნოზი დაუსვეს ბიოფსიის დროს და არათირკმლისმიერი სიმპტომების (მაგ., ცხელება, გამონაყარი ან სახსრების ტკივილი) არარსებობის შემთხვევაში. დეგასტროლის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ეჭვი მწვავე ტუბულოინტერსტიციულ ნეფრიტზე, უნდა გაიარონ შემოწმება.
კუჭის წყლულის დეგასტროლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს კუჭის ავთვისებიანი კიბოს შეფასება.
ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობების რისკი შეიძლება ზომიერად მომატებული იყოს, განსაკუთრებით თუ იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში ან თუ გაქვთ სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის დაკარგვა ან გათხელება) ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი). ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ მკურნალობა მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად და მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.
შრატის ქრომოგრანინ A-ს (CgA), ენდოკრინული (ჰორმონალური) სიმსივნეების დიაგნოსტიკაში გამოყენებული ერთ-ერთი დიაგნოსტიკური ინდიკატორის, დონე იზრდება მედიკამენტებით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირების შედეგად. CgA-ს მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების (ჰორმონალურ და ნერვულ სისტემაში აღმოჩენილი კიბო) დიაგნოსტიკურ გამოკვლევებში. ამ ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, ლანსოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს გაზომვამდე სულ მცირე 5 დღით ადრე. თუ CgA-ს და გასტრინის დონეები პირველი გაზომვის შემდეგ საცნობარო დიაპაზონს არ დაუბრუნდა, გაზომვები უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
ლანსოპრაზოლმა, ისევე როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა (PPI), შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული ბაქტერიების რაოდენობა. ამან შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, რომლებიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზებული პაციენტებში, Clostridium difficile.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ძალიან იშვიათად ასოცირდება ქვემწვავე კანის წითელ მგლურასთან (კანისა და ზოგიერთი ორგანოს იმუნური სისტემის მიერ განპირობებული დაავადება). თუ დაზიანება (დაზიანებები) განვითარდება, განსაკუთრებით კანის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ უბნებზე და თან ახლავს სახსრების ტკივილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს და ჯანდაცვის სპეციალისტმა უნდა განიხილოს დეგასტროლის მიღების შეწყვეტა. ქვემწვავე კანის წითელი მგლურას განვითარება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით წინა მკურნალობის შემდეგ ზრდის იგივე მდგომარეობის რისკს სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დროსაც.
კლინიკურ კვლევებში, 1-11 წლის ასაკის პედიატრიულ (ბავშვები) პაციენტებს ლანსოპრაზოლი 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდათ. უცნობია, უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა ლანსოპრაზოლი რეკომენდებულზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას. პედიატრიულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
მჟავიანობის დამწევი ნებისმიერი პრეპარატის ყოველდღიურმა გამოყენებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (მაგალითად, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) შეწოვის დარღვევა. დეგასტროლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ყველა მჟავიანობის დამწევი პრეპარატის მსგავსად, დეგასტროლმაც შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის შეწოვის შემცირება.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მეტოტრექსატთან (გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდ) ერთდროულმა გამოყენებამ (ძირითადად მაღალი დოზებით) შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის და/ან მისი მეტაბოლიტის დონე სისხლის შრატში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა (ზიანი). ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მეთოტრექსატის მაღალ დოზას იღებენ, შეიძლება განიხილებოდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის დროებითი შეწყვეტა.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენება დაკავშირებულია კუჭის ფსკერის პოლიპების (კუჭში არსებული პოლიპი) განვითარების გაზრდილ რისკთან, რომელიც იზრდება ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ერთი წლის შემდეგ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებსაც უვითარდებათ ფსკერის ჯირკვლის პოლიპები, უსიმპტომოდ არიან და ფსკერის ჯირკვლის პოლიპები შემთხვევით აღმოჩენილია ენდოსკოპიის დროს (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკვლევის პროცედურა). დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იქნას გამოყენებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის რაც შეიძლება მოკლე ხანგრძლივობა.
ლანსოპრაზოლის გამოყენება არ არის დამტკიცებული ერთ წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. ახალგაზრდა ვირთხებზე ლანსოპრაზოლის არაკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გულის სარქვლის გასქელების გვერდითი ეფექტი. გულის სარქვლის დაზიანების რისკი ერთი წლის და უფროსი ასაკის პაციენტებთან მიმართებაში არ არის მითითებული.
H.pylori ინფექციის ელიმინაციის მიზნით მკურნალობის მიმღები პაციენტების გარდა, თუ დიარეა გაგრძელდა, დეგასტროლის მიღება უნდა შეწყდეს მიკროსკოპული კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთება) განვითარების შესაძლებლობის გამოც. შემთხვევათა უმრავლესობაში, მიკროსკოპული კოლიტის სიმპტომები ლანსოპრაზოლის მიღების შეწყვეტით ქრება.
არ არის რეკომენდებული დეგასტროლის ერთდროული მიღება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭის მჟავე pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი (აივ ინფექციის მკურნალობაში გამოყენებული ანტივირუსული პრეპარატები). თუ დეგასტროლის აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება გარდაუვალია, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.
დეგასტროლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დეგასტროლი უნდა მიიღოთ უზმოზე. დეგასტროლი უნდა მიიღოთ ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხესთან ერთად.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს დეგასტროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაციის დროს დეგასტროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
დეგასტროლის მიღების დროს შეიძლება განიცადოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი ან მხედველობის პრობლემები. ამ შემთხვევაში, არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეგასტროლის სხვა ნივთიერებების შესახებ
დეგასტროლი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დეგასტროლი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ მიკროპელეტიან კაფსულაში, ანუ ის რეალურად „ნატრიუმის გარეშეა“.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ქვემოთ მოცემულია მედიკამენტები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს დეგასტროლის გამოყენებამ. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს:
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები/ანტირეტროვირუსული პრეპარატები, როგორიცაა ნელფინავირი, საქვინავირი და ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
თეოფილინი (გამოიყენება ფილტვების დაავადებების, მაგალითად, ასთმის სამკურნალოდ)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოს სამკურნალოდ)
მიკოფენოლატ მოფეტილი (გამოიყენება ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ)
კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის ან მჟავა რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების შესახორცებლად)
მეტოტრექსატი (გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების და კიბოს სამკურნალოდ)
ვარფარინი (გამოიყენება სისხლის თრომბების სამკურნალოდ)
არ გამოიყენოთ დეგასტროლი, თუ იღებთ რილპივირინს (გამოიყენება აივ-1-ის მკურნალობის დროს).
კლარითრომიცინთან და ამოქსიცილინთან კომბინირებული თერაპია: კლარითრომიცინის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის პოტენციურად ფატალური არითმიები და არ უნდა იქნას გამოყენებული. ამოქსიცილინს ასევე აქვს წამლისმიერი ურთიერთქმედება.
ურთიერთქმედება ნეიროენდოკრინული სიმსივნის (კიბოს სახეობა) კვლევასთან: CgA-ს (სისხლში მარკერი, რომელიც გამოიყენება ენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის) დონე მომატებულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირების შედეგად. CgA-ს დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკურ გამოკვლევებში.
P450 ფერმენტებით მეტაბოლიზებული (ქიმიურად დაშლილი) პრეპარატები: ლანსოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს CYP3A4-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები. სიფრთხილეა საჭირო ლანსოპრაზოლის გამოყენებისას ამ ფერმენტით მეტაბოლიზებულ პრეპარატებთან ერთად.
ურთიერთქმედება სეკრეტინთან (თორმეტგოჯა ნაწლავზე მოქმედი ჰორმონი) სტიმულაციის ტესტთან: სეკრეტინის სტიმულაციის ტესტზე საპასუხოდ გასტრინის სეკრეციის ჰიპერრეაქციამ შეიძლება ცრუდ მიუთითოს გასტრინის გამომყოფ სიმსივნეზე (გასტრინომა). ლანსოპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს შეფასებამდე სულ მცირე 28 დღით ადრე, რათა გასტრინის დონე დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებლებს.
THC-ის (ტკივილგამაყუჩებელი) ცრუ დადებითი შარდის ტესტები: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) მიმღებ პაციენტებში შარდის სკრინინგის ცრუ დადებითი ტესტები დაფიქსირდა. დადებითი შედეგების დასადასტურებლად უნდა განიხილებოდეს დადასტურების ალტერნატიული მეთოდი.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები.
დეგასტროლის მიღების წესი
სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
თუ დეგასტროლს დღეში ერთხელ იყენებთ, მიიღეთ ის ყოველ დილას, ერთსა და იმავე დროს, საუზმის წინ.
თუ დეგასტროლს დღეში ორჯერ იყენებთ, პირველი დოზა დილით, საუზმის წინ უნდა მიიღოთ, ხოლო მეორე დოზა საღამოს.
კუჭის წყლული:
30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული:
30 მგ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში
რეფლუქს-ეზოფაგიტი:
30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში
რეფლუქს-ეზოფაგიტის პრევენცია:
15 მგ დღეში ერთხელ
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის ან კეთილთვისებიანი კუჭის წყლულის მკურნალობისას პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიას:
30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის ან კეთილთვისებიანი კუჭის წყლულის პრევენცია რისკის ჯგუფის პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ისტორია), რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივ მკურნალობას:
15 მგ დღეში ერთხელ
კუჭ-საყლაპავის რეფლუქსური დაავადება:
15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
საწყისი დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ, თუმცა დოზა განისაზღვრება პაციენტის საჭიროების მიხედვით და შესაძლებელია დღეში 180 მგ-მდე მიღება.
H. pylori-ით გამოწვეული წყლულების მკურნალობა
ლანსოპრაზოლის რეკომენდებული დოზა შემდეგ ანტიბიოტიკებთან ერთად არის 30 მგ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში:
კლარითრომიცინი 250-500 მგ დღეში ორჯერ + ამოქსიცილინი 1 გ დღეში ორჯერ
კლარითრომიცინი 250 მგ დღეში ორჯერ + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ დღეში ორჯერ
მიღების გზა და მეთოდი:
კაფსულები გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად, არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ იგი.
კაფსულების გადაყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებში და ბავშვებში ჩატარებული კვლევებისა და კლინიკური პრაქტიკის მიხედვით, კაფსულების გამოყენება შესაძლებელია შემდეგნაირად:
კაფსულა იხსნება. გრანულები ერევა მცირე რაოდენობით წყალთან, ვაშლის/პომიდვრის წვენთან ან ასხამენ რბილ საკვებს (მაგ. იოგურტს, ვაშლის პიურეს) და იყლაპება.
კაფსულა იხსნება. ნაზოგასტრალური მილის (საკვები მილი, რომელიც ცხვირიდან კუჭში შეჰყავთ, განსაკუთრებით ყლაპვის გაძნელების მქონე პირებში, როდესაც პერორალური კვება შეუძლებელია) მეშვეობით, მიკროპლაეტები ერევა 40 მლ ვაშლის წვენში.
მედიკამენტი ნარევის მომზადებისთანავე უნდა მიიღოთ.
მიკროპელეტები არ უნდა დაღეჭოთ ან დაფშვნათ. სხვა სასმელებსა და სითხეებში გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
1-11 წლის ბავშვებში:
≤30 კგ წონის ბავშვებში, სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების და ეროზიული ეზოფაგიტის ხანმოკლე მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა 15 მგ დღეში ერთხელ, 12 კვირამდე.
30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 30 მგ დღეში ერთხელ, 12 კვირამდე.
12-17 წლის ასაკის პაციენტებში:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს რეკომენდებული დოზაა 15 მგ დღეში ერთხელ 8 კვირამდე.
ეროზიული ეზოფაგიტის დროს რეკომენდებული დოზაა 30 მგ დღეში ერთხელ 8 კვირამდე.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ თქვენ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას და შესაბამისად გააგრძელებს მკურნალობას.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ და დღიური დოზა უნდა განახევრდეს.
თუ ფიქრობთ, რომ დეგასტროლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დეგასტროლის საჭიროზე მეტი დოზა
ამ შემთხვევაში, ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობას თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე.
თუ მიიღეთ დეგასტროლის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დეგასტროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და რეგულარულად იღებდით, გამოტოვებული დოზა მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ მედიკამენტის რეგულარულად მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
შესაძლო ეფექტები დეგასტროლით მკურნალობის შეწყვეტისას
დეგასტროლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით, რათა უზრუნველყოთ თქვენი მდგომარეობიდან სრული გამოჯანმრთელება.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დეგასტროლში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არც ისე ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, შეწყვიტეთ დეგასტროლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი (ცხელება, გამონაყარი, შეშუპება და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემა)
სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანისა და თვალების ირგვლივ ანთება სისხლის შეგუბებით, შეშუპებითა და სიწითლით)
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით)
მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც, როგორც წესი, სპონტანურად ქრება და იწვევს მაქმანების მსგავს გამონაყარს ხელებზე, სახესა და ტერფებზე)
ჰეპატიტი (შეიძლება განვითარდეს კანის ან თვალების გაყვითლება)
სახის შეშუპება, განსაკუთრებით პირის ღრუს გარშემო (ენა და/ან ყელი და/ან ყლაპვის გაძნელება) ან გამონაყარი სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება)
თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, ან გაქვთ მძიმე ალერგია დეგასტროლზე, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
დეგასტროლის გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.
ხშირი:
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
გულისრევა
დიარეა
კუჭის ტკივილი
ყაზბობა
ღებინება
მეტეორიზმი
პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ჭინჭრის ციება
ქავილი
სიწითლე
დაღლილობა
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში
არც ისე ხშირი:
თრომბოციტემია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
ეოზინოფილების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია)
ლეიკოციტების რაოდენობის უმნიშვნელო შემცირება (ლეიკოპენია)
დეპრესია
სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობები
შეშუპება
იშვიათი:
ანემია
უძილობა
ჰალუცინაციები
დაბნეულობა
მოუსვენრობა
ვერტიგო (თავბრუსხვევა წონასწორობის დარღვევით)
დაბუჟება
ძილიანობა
კანკალი
მხედველობის დარღვევები
გინგივიტი
საყლაპავის კანდიდოზი (სოკოვანი ინფექციის სახეობა)
პანკრეატიტი
გემოს შეგრძნებების დარღვევები
ღვიძლის ანთება
სიყვითლე
წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანქვეშ
მდგომარეობა, რომელიც ვლინდება კანში სისხლდენით
თმის ცვენა
მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ სპონტანურად იკურნება და იწვევს მაქმანებიან გამონაყარს ხელებზე, სახესა და ფეხებზე)
დისკომფორტი ან ტკივილი სინათლის ან სიკაშკაშისგან
თირკმლის ანთება, რომელიც ვლინდება მადის დაკარგვით, ძლიერი წყურვილით და ღებინებით
მკერდის გადიდება მამაკაცებში
ცხელება
ჭარბი ოფლიანობა
ალერგიით გამოწვეული სახისა და ყელის შეშუპება
მადის დაკარგვა
იმპოტენცია
სახის შეშუპება, განსაკუთრებით პირის ღრუს გარშემო (ენა და/ან ყელი) და/ან ყლაპვის გაძნელება ან სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ჭინჭრის ციება (ანგიონევროზული შეშუპება)
ძალიან იშვიათი:
აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება)
პანციტოპენია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება)
კოლიტი (ნაწლავების ანთება)
პირის ღრუს ანთება
სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ვლინდება შეშუპებით, სიწითლით და სისხლჩაქცევით კანისა და თვალების გარშემო)
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის სერიოზული დაავადება, რომელიც ვლინდება ბუშტუკებით)
ანაფილაქსიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია)
ცხიმის მსგავსი ნივთიერებების, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების, დონის მომატება
ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის ნორმალურ დონეზე დაბალი დონე)
უცნობი:
ჰიპომაგნიემია (სისხლში მაგნიუმის ნორმალურ დონეზე დაბალი დონე)
თუ ლანსოპრაზოლის კაფსულებს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებთ, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.
კანქვეშა კანის წითელი მგლურა (კანისა და ზოგიერთი ორგანოს იმუნური სისტემის მიერ გამოწვეული დაავადება)
ჰიპოკალციემია (სისხლში კალციუმის დონის ნორმაზე დაბლა ვარდნა)
ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დონის ნორმაზე დაბლა დაქვეითება)
მხედველობითი ჰალუცინაციები (არარსებულის ან არასწორად დანახვა)
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
როგორ შევინახოთ დეგასტროლი
დეგასტროლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ DEGASTROL შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ DEGASTROL, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს მედიკამენტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის
ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.