წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,1%
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თიომერსალი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი, კრემოფორ EL, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01BC03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. დიკლოფენაკს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივილის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს.
გამოყენების ჩვენებები
- მიოზის შემცირება კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის დროს;
- თვალის ქირურგიაში პოსტოპერაციული ანთებები;
- ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და იმპლანტაციასთან;
- თვალის წინა ნაწილების არაინფექციური ანთებითი პროცესები;
- რქოვანას მექანიკური და ტრავმული დაზიანებები;
- ანთებითი პროცესები გამოწვეული ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკით;
- ტკივილი გამოწვეული რადიალური კერატოტომიით ან სხვა ლაზერული პროცედურებით;
- ანთება, გამოწვეული სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტით.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავას და სხვა აასს-ების მიმართ, რომელიც გამოიხატება ბრონქული ასთმის შეტევების განვითარების, ურტიკარული გამონაყარის და მწვავე რინიტის სახით.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია: გარდამავალი წვის შეგრძნება და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, ალერგიული რეაქციები ქავილის სახით, ჰიპერემია და ფოტოსენსიბილიზაცია.
მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ინტრაოპერაციული მიოზის ინჰიბირებისათვის აწვეთებენ კლოდიფენს კონიუნქტივალურ პარკში 2 სთ-ის განმავლობაში 30წთ-იანი ინტერვალებით (4-ჯერ).
ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკისათვის აწვეთებენ კლოდიფენის თითო წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, ოპერაციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
სხვა ზემოთჩამოთვლილი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, ნიშნავენ კლოდიფენის თითო წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 კვირამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აუცილებლობის შემთხვევაში, კლოდიფენი შეიძლება გამოვიყენოთ სხვა თვალის წვეთებთან ერთად, მ.შ. გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან. ამ დროს ინტერვალი ჩაწვეთებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთისა, მომდევნო ინსტილაციით მოქმედი ნივთიერებების გამორეცხვის თავიდან აცილების მიზნით.
განსაკუთრებული მითითება
პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატ კლოდიფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ კონტაქტური ლინზების მოხსნის შემდეგ. ლინზების ჩასმა შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ 15 წუთში.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. პიპეტის წვერით თვალთან შეხება არ შეიძლება.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში კლოდიფენის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების რისკს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტებს, რომლებშიც ინსტილაციის შემდეგ იკარგება მხედველობის სიმკვეთრე, რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები კლოდიფენის გამოყენების უსაფრთხოებაზე არ არის ჩატარებული. ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
გამოშვების ფორმა
კლოდიფენის თვალის წვეთები 0,1%-იანი გამოდის 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.