წამლის ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: შაქრის ბურთულები, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მეტაკრილის მჟავა – სოპოლიმერი, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის ორჟანგი, ჟელატინი.
აღწერილობა
თეთრი ფერის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი – თეთრიდან ჩალისფერი ან მოყვითალო ფერის თეთრამდე შეფერილობით პელეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
ათქ კოდი A02BC03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება. პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი (H+K+ატფ-ზა); მეტაბოლიზდება კუჭის პარიეტულ უჯრედებში სულფონამიდის აქტიურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+K+ატფ-ზას სულფჰიდრული ჯგუფების ინაქტივაციას. აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის ბოლო სტადიას ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის შემცირებით, გაღიზიანების ბუნების მიუხედავად. მარილმჟავას პროდუქციის შენელება 30 მგ დოზისას შეადგენს 80-97%-ს. კნტ-ის მოტორიკაზე არ მოქმედებს. მაინჰიბირებელი ეფექტი მიღების პირველ ოთხ დღეს იზრდება. მიღების შეწყვეტის შემდეგ 39 საათის განმავლობაში მჟავიანობა ბაზალური დონის 50%-ზე ნაკლები რჩება, სეკრეციის “რიკოშეტული” ზრდა არ აღინიშნება. სეკრეციული აქტივობა პრეპარატის მიღების დასრულებიდან 3-4 დღეში აღდგება. ავადმყოფებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომით უფრო ხანგრძლივად მოქმედებს.
ფარმაკოკინეტიკა. მისი აბსორბცია – მაღალია (საკვების მიღება ამცირებს აბსორბციასა და ბიოშეღწევდობას, მაგრამ კუჭის სეკრეციაზე შემანელებელი ზეგავლენა ერთნაირი რჩება, საკვების მიღების მიუხედავად). მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) დადგომის დრო 30 მგ პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ – 1.5-2.2 სთ, Cmax – 0.75-1.15 მგ/ლ. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი – 97.7-99.4%. აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.3-1.7 სთ-ია. ექსკრეტირდება თირკმელებით (მეტაბოლიტების სახით) – 14-23% და ნაწლავიდან. ღვიძლის უკმარისობისას და ხანდაზმულ პაციენტებში მისი გამოყოფა ნელდება.
გამოყენების ჩვენებები
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
• რეფლუქს-ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი.
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული ასაპ-ის გამოყენებასთან, სტრესული წყლულები.
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კნტ-ის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
სიფრთხილით – ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ორსულობა (II-III ტრიმესტრი), ხანდაზმული ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით. კაფსულები ჩაიყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში – 30 მგ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში (რეზისტენტულ შემთხვევებში 60 მგ-მდე დღეში).
კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი – 30-60 მგ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული ასაპ-ის გამოყენებასთან – 30 მგ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
Helicobacter pylori ერადიკაცია – 30 მგ დღეში 2-ჯერ 10-14 დღის განმავლობაში კომბინაციაში ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივის საწინააღმდეგო მკურნალობა – 30 მგ დღეში.
რეფლუქს-ეზოფაგიტის რეციდივის საწინააღმდეგო მკურნალობა – 30 მგ დღეში ხანგრძლივად (6 თვემდე).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი – დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად 10 მმოლი/სთ დონის ბაზალური სეკრეციის მიღწევამდე.
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის მომატება ან დაქვეითება, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა; ცალკეულ შემთხვევაში – წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად – დაუძლურება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა.
სუნთქვის სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველა, ფარინგიტი, რინიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპისმაგვარი სინდრომი.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით); ცალკეულ შემთხვევებში – ანემია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე; ცალკეულ შემთხვევებში – ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა.
სხვა: იშვიათად – მიალგია, ალოპეცია.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კნტ-ის ზედა ნაწილებში ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, ვინაიდან პრეპარატის მიღებას შეუძლია სიმპტომატიკის “შენიღბვა” და დიაგნოსტიკის გაძნელება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ანელებს იმ სამკურნალო საშუალებების ელიმინაციას, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში მიკროსომული ოქსიდაციის გზით (დიაზეპამის, ფენიტოინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების).
თეოფილინის კლირენსს 10%-ით ამცირებს.
ცვლის იმ სამკუნალო საშუალებების pH-დამოკიდებულ აბსორბციას, რომლებიც განეკუთვნება სუსტი მჟავების (შენელება) და ტუტეების (დაჩქარება) ჯგუფებს.
სუკრალფატი 30%-ით ამცირებს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას (ამ პრეპარატების მიღებათა შორის აუცილებელია 30-40-წუთიანი ინტერვალების დაცვა).
ანტაციდები ანელებენ და ამცირებენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას (მათი დანიშვნა უნდა მოხდეს ლანსოპრაზოლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 1-2 საათში).
გამოშვების ფორმა
30 მგ კაფსულები. 7 კაფსულა ბლისტერში; შეფუთვაში 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას 25°C-მდე ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.