Plasmon
ლაილენონი / Laylenon


თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:  ეპლერენონი – 25მგ ან 50მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი შემომგარსველი 15B220000 (ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეპლერენონი შერჩევითად ბლოკავს რეკომბინანტურ მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებს რეკომბინანტურ გლუკოკორტიკოიდულ, პროგესტერონულ და ანდროგენულ რეცეპტორებთან შედარებით; ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიასა და არტერიული წნევის რეგულაციაში მონაწილე რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ძირითადი ჰორმონის – ალდოსტერონის შეკავშირებას. 
ეპლერენონი იწვევს რენინისა და ალდოსტერონის ხანგრძლივ მატებას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს ალდოსტერონის მიერ რენინის სეკრეციის რეგულირებას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. ამასთან, პლაზმაში რენინის აქტივობისა და მოცირკულირე ალდოსტერონის დონის მატება არ ამცირებს ეპლერენონის მოქმედებას.
კვლევების მიხედვით ეპლერენონი ამცირებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს პლაცებოსთან შედარებით. აღნიშნული ეფექტი დადასტურდა არტერიული წნევის 24-საათიანი ამბულატორიული კონტროლისას. პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში და მაქსიმალურ ეფექტს მიაღწია 4 კვირაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა 8-24 კვირის განმავლობაში ასაკის, სქესის, რასისა და ასევე აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების, კალციუმის არხების ბლოკერების, ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერებისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას ლეტალობის მაჩვენებლისა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება. განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება აღნიშნული მაჩვენებლების შემცირება 75 წლამდე ასაკის პაციენტებში მკურნალობის საწყის ეტაპზე. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატის ეფექტი არასაკმარისადაა შესწავლილი. 
ეპლერენონის გამოყენებისას ჰიპერკალემიის გამოვლენის სიხშირე არ განსხვავდება პლაცებოს მიღებისას დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.  ეპლერენონი არ მოქმედებს  გულის შეკუმშვათა სიხშირეზე, ასევე Q-R-S, P-R ან Q-T ინტერვალზე

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება:
100მგ ეპლერენონის პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 69%-ია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2 სთ-ში. პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) და მრუდქვეშა ფართობი (AUC) პროპორციულია 10-დან 100მგ-მდე დოზის გამოყენებისას და ნაკლებად პროპორციულია 100მგ-ზე მაღალი დოზით გამოყენებისას. წონასწორული კონცენტრაცია მყარდება 48 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე.
ეპლერენონი პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოვებით 50%-ით, ძირითადად ალფა1-მჟავა-გლიკოპროტეინებს. განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 50(±7)ლ. ერითროციტებთან შერჩევითი კავშირი ეპლერენონისთვის დამახასიათებელი არ არის. 

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია:
ეპლერენონის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება CYP3A4-ით. პლაზმაში ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები არ ვლინდება. მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლები ელიმინირდება შეუცვლელი სახით შარდითა და ფეკალური მასებით. რადიოაქტიური ნიშნულით მარკირებული დოზის ერთჯერადი მიღებისას 32% ელიმინირდა ფეკალური მასებით, 67%-შარდთან ერთად. თ1/2 – 3-5სთ-ია. პლაზმის საშუალო კლირენსი 10ლ/კგ.

განსაკუთრებული პოპულაციები 
ასაკი, სქესი და რასა: 100მგ ეპლერენონის დღეში ერთჯერ მიღებისას ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ხანდაზმულებში (>65წ), ქალებსა და მამაკაცებში და შავკანიანებში ცალ-ცალკე. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა ქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. წონასწორულ მდგომარეობაში ხანდაზმულებში აღინიშნა Cmax (22%) დაAUC  (45%) მატება ახალგაზრდა (18-დან 45-წლამდე) სუბიექტებთან შედარებით.  წონასწორულ მდგომარეობაში შავკანიანებში აღინიშნა Cmax (19%) და AUC  (26%) კლება. 
თირკმლის უკმარისობა: ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა სხვა და სხვა სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე  და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით AUC  და Cmax წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა 38% და 24%-ით, შესაბამისად, პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით და შემცირდა 26% და 3%-ით, შესაბამისად, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. პლაზმაში ეპლერენონის  კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის კორელაცია არ ვლინდება. ჰემოდიალიზისას ეპლერენონი არ ელიმინირდება. 
ღვიძლის უკმარისობა: შეფასდა 400მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს მიხედვით) მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელ სუბიექტებს შორის. Cmax  და AUC  წონასწორულ მდგომარეობაში აღინიშნა 3.6% და 42%-ით მეტი, შესაბამისად. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია. 
გულის უკმარისობა: შეფასდა 50მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა გულის უკმარისობის (II-IV NYHA) მქონე პაციენტებში. იმავე ასაკის, წონისა და სქესის ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით წონასწორულ მდგომარეობაში AUC და Cmax 38% და 30%-ით მეტია, შესაბამისად. EPHESUS –ის კვლევიდან აღებული ზემოთ აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ისეთივეა როგორც ჯანმრთელ სუბიექტებში

ჩვენებები
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობა
სტანდარტული თერაპიის შემადგენელი კომპონენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად პაციენტებში სტაბილური კლინიკური მდგომარეობით მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (განდევნის ფრაქცია ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში.
არტერიული ჰიპერტენზია. პრეპარატი ინიშნება როგორც მონოთერაპიაში ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში. 
მიღების წესები და დოზები
დოზის ინდივიდუალური შერჩევისთვის არსებობს 25მგ და 50მგ ტაბლეტები. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს – 50მგ-ს.
ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეში.
მკურნალობა იწყება 25მგ ერთჯერ დღეში და იზრდება 50მგ-მდე დღეში 4 კვირის განმავლობაში სისხლის შრატში კალიუმის მაჩვენებლის გათვალისწინებით (ცხრილი 1). ეპლერენონით მკურნალობა იწყება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3-14 დღეს. 
შრატში კალიუმის 5.0მმოლ/ლ-ზე მაღალი მაჩვენებლის მქონე პაციენტებში ეპლერენონი არ ინიშნება.
შრატში კალიუმის შემცველობა აუცილებელია განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირისა და ერთი თვის შემდეგ ან დოზის ცვლილების შემთხვევაში. კალიუმის დონე შრატში უნდა განისაზღვროს პერიოდულად, საჭიროების მიხედვით.
მკურნალობის დაწყების შემდეგ დოზის კორექცია ხდება შრატში კალიუმის დონის მაჩვენებლის მიხედვით, როგორც ნაჩვენებია 1 ცხრილში. 
ცხრილი 1: დოზის კორექტირების ცხრილი 



შრატში კალიუმის დონის 6მმოლ/ლ და მეტად მომატების გამო პრეპარატის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია 25მგ ეპლერენონის მიღება დღეგამოშვებით მას შემდეგ რაც კალიუმის მაჩვენებელი ჩამოვა 5მმოლ/ლ-ზე ქვევით.
ბავშვები და მოზარდები
ეპლერენონის გამოყენების აუცილებლობის მონაცემები პედიატრიულ ასაკში არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მოხუცები
საწყისი დოზის კორექცია ხანდაზმულებში საჭირო არ არის.  თირკმლის ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული გაუარესების გამო ჰიპერკალემიის რისკი მეტია.  თანმხლები დაავადების ფონზე ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით აღნიშნული რისკი იმატებს. რეკომენდებულია შრატში კალიუმის პერიოდული კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
საწყისი დოზის კორექცია ასეთ პაციენტებში საჭირო არ არის. რეკომენდებულია შრატში კალიუმის პერიოდული კონტროლი. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (CrCl  30-60მლ/წთ) მკურნალობა იწყება 25მგ დღეში და დოზის კორექცია დამოკიდებულია შრატში კალიუმის დონის მაჩვენებელზე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
საწყისი დოზის კორექცია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობისას საჭირო არ არის. ეპლერენონის სისტემური მოქმედების მატების გამო ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის ხშირი და რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
CYP3A4-ის მსუბუქ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, მაგალითად ამიოდარონთან, დილთიაზემთან და ვერაპამილთან,  მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 25მგ ეპლერენონის დღეში 1-ჯერ გამოყენებით. Dდღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 25მგ-ს. 
ეპლერენონის დანიშვნისას საკვების მიღებასთან კავშირის გათვალისწინება საჭირო არ არის. 

გვერდითი მოვლენები
კვლევების მიხედვით ეპლერენონის მიღებისას არასასურველი ეფექტების გამოვლენის საერთო სიხშირე მცირედ აღემატება პლაცებოს მიღებისას გამოვლენილი ეფექტების სიხშირეს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან დაკავშირებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის (ძირითადად ჰიპერკალემიის გამო) სიხშირე 8.7% -ია პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 4% პლაცებოს მიღებისას.
გვერდითი მოვლენების  ჩამონათვალი მოყვანილია სისტემების მიხედვით და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად: ხშირი >1/100, <1/10; იშვიათი>1/1000,<1/100.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები იშვიათად: ეოზინოფილია.
მეტაბოლური დარღვევები ხშირად: ჰიპერკალემია, იშვიათად: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკური დარღვევები იშვიათად: უძილობა.
ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: გრიპოზული სინდრომი; იშვიათად: პიელონეფრიტი.
ნერვული სისტემის დარღვევები ხშირად: თავბრუსხვევა, იშვიათად: თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები ხშირად: არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად: წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, ტაქიკარდია, ქვედა კიდურების არტერიების თრომბოზი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ხშირად: დიარეა, გულისრევა. იშვიათად: მეტეორიზმი, ღებინება.
თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები ხშირად: ალბუმინურია.
სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები იშვიათად: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები იშვიათად: ასთენია, დაქვეითებული გუნება-განწყობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები იშვიათად: ჰიპერჰიდროზი, ქავილი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები იშვიათად: წელის ტკივილი, კანჭის კუნთების კრამპი. 
ლაბორატორიული ანალიზები იშვიათად: შარდოვანასა დაკრეატინინის მატება სისხლში.
სამედიცინო პრაქტიკაში ფართო გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი.

უკუჩვენებები
პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პაციენტები შრატში კალიუმის საწყისი მაჩვენებლით >5მმოლ/ლ 
პაციენტები თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <50მლ/წთ)
პაციენტები ღვიძლის მძიმე უკმარისობით (კლასი C ჩაილდ-პიუს მიხედვით)
პაციენტები, რომლებიც იღებენ კალიუმის შემნახველ შარდმდენებს, კალიუმის პრეპარატებს ან CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარიტრომიცინი და ნეფაზოდონი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კალიუმის შემნახველი შარდმდენები და კალიუმის პრეპარატები: ჰიპერკალემიის განვითარების რისკის მატების გამო ეპლერენონი არ ინიშნება პაციენტებში რომლებიც იღებენ კალიუმის შემნახველ შარდმდენ სასუალებებსა და კალიუმის პრეპარატებს. კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები აძლიერებენ ჰიპოტენზიური საშუალებებისა და სხვა შარდმდენების ეფექტებს.
ლითიუმი: ლითიუმთისა და ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისას ურთიერთქმედებაზე კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, არსებობს ცნობები ლითიუმის ტოქსიურობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ლითიუმთან ერთად იღებდნენ დიურეზულ საშუალებებსა და აგფ-ინჰიბიტორებს. სასურველია, თავიდან ავიცილოთ ეპლერენონისა და ლითიუმის ერთდროული დანიშვნა.  აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობისას, საჭიროა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი.
ციკლოსპორინი,  ტაკროლიმუსი: ციკლოსპორინთან და ტაკროლიმუსთან ერთად დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ჰიპერკალემია. სასურველია, თავიდან ავიცილოთ ეპლერენონის ციკლოსპორინთან და ტაკროლიმუსთან ერთად დანიშვნა. ასეთი კომბინაციის აუცილებლობისას საჭიროა შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი. 
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა გორგლოვან ფილტრაციაზე პირდაპირი მოქმედებით, განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში (მოხუცები და/ან პაციენტები გაუწყლოვნებით). ეპლერენონისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და მკურნალობის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
ტრიმეტოპრიმი: ტრიმეტოპრიმისა და ეპლერენონის ერთდროული დანიშვნა ზრდის ჰიპერკალემიის განვითარების რისკს. აუცილებელია შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით მოხუცებსა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. 
აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-II –ის რეცეპტორების ანტაგონისტები(AILA): ეპლერენონი აგფ-ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ-II-ის რეცეპტორების ბლოკერებთან ერთად ინიშნება სიფრთხილით. ამ ჯგუფის პრეპარატებთან ეპლერენონის ერათდროული დანიშვნისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგალითად მოხუცებში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის კონცენტრაციისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. 
Aლფა-1-მაბლოკირებელლი საშუალებები (პრაზოზინი, ალფუზოზინი): ალფა-1-მაბლოკირებელი საშუალებებისა და ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და/ან პოსტურალური ჰიპოტენზია. ასეთი კომბინაციისას რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა პოსტურალური ჰიპოტენზიის დროული დიაგნოსტირებისთვის. 
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპსიური საშუალებები, ამიფოსტინი, ბაკლოფენი: ჩამოთვლილი საშუალებების ეპლერენონთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და  პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითერების რისკის ზრდა.
გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი: ამ პრეპარატებთან ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება (სითხისა და მარილების შეკავება). Iნ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ეპლერენონი არ წარმოადგენს იზოფერმენტ CYP1A2, CYP2C19, CYP2C9, CYP2D6-ისა და  CYP3A4-ის ინჰიბიტორს. ეპლერენონი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.
დიგოქსინი: ეპლერენონის დიგოქსინთან ერთად დანიშვნისას უკანასკნელის სისტემური მოქმედება (AUC) 16%-ით იზდრება. დიგოქსინის თერაპიული დიაპაზონის ზღვრულ დოზასთან მიახლოვებული დოზით დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. 
ვარფარინი: ვარფარინთან ერთად დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ვლინდება. ვარფარინის თერაპიული დიაპაზონის ზღვრულ დოზასთან მიახლოვებული დოზით დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. 

CYP3A4ის სუბსტრატები: ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით CYP3A4ის სუბსტრატებთან, მაგალითად მიდაზოლამთან, ციზაპრიდთან, ერთად ეპლერენონის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ვლინდება. 
CYP3A4ის ინჰიბიტორები: 
CYP3A4ის ძლიერი ინჰიბიტორები: მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ვლინდება CYP3A4ის ძლიერი ინჰიბიტორებისა და ეპლერენონის ერთდროული დანიშვნისას. CYP3A4ის ძლიერი ინჰიბიტორის (კეტოკონაზოლი 200მგ დღეში) კომბინაციაში დანიშვნა იწვევს ეპლერენონის AUC-ის მატებას 441%-ით. ეპლერენონი არ ინიშნება ისეთ საშუალებეთან ერთად, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზადონი. 
CYP3A4ის სუსტი და ზომიერი ინჰიბიტორები: ერითრომიცინთან, საქვინავირთან, ამიოდარონთან, დილთიაზემთან, ვერაპამილთან და ფლუკონაზოლთან ერთდროული დანიშვნისას ეპლერენონის  AUჩ იმატებს 98-187%-ის დიაპაზონით. შესაბამისად ასეთ პრეპარატებთან დანიშვნისას ეპლერენონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25მგ-ს.
CYP3A4ის ინდუქტორები: კრაზანას (CYP3A4 ის ძლიერი ინდუქტორი) და ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისად გამოვლინდა ეპლერენონის  AUC-ის შემცირება 30%-ით. ამ უკანასკნელის AUC შესაძლოა მეტად შემცირდეს (CYP3A4ის უფრო ძლიერ ინდუქტორებთან, მაგალითად რიფამპიცინთან ერთად გამოყენებისას. შესაბამისად, ეპლერენონის ეფექტის შემცირების რისკის გამო CYP3A4ის ძლიერ ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კრაზანა) ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. 
ანტაციდები: ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ანტაციდებთან ერთად დანიშვნისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედბა არ ვლინდება. 

განსაკუთრებული მითითებები
ჰიპერკალემია: ეპლერენონის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალეიმია, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამოდინარე. კალიუმის დონის კონტროლი აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე და დოზის კორექციისას. შესაბამისად, კალიუმის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი რეკომენდებულია რისკის ჯგუფის პაციენტებში, მაგალითად მოხუცებში, თირკმლის უკმარისობისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში. ეპლერენონით მკურნალობისას  კალიუმის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ელპერენონის დოზის შემცირებისას მცირდება შრატში კალიუმის კონცენტრაცია. ერთერთი კვლევის მონაცემის მიხედვით ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ ეპლერენონთან ერთად გამოიწვია შრატში კალიუმის კონცენტრაციის საწყის დონეზე დაბრუნება. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლია საჭირო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიისას. თირკმლის ფუნქციათა დაქვეითებისას ჰიპერკალემიის განვითარების რისკი იმატებს. EPHESUS –ის მონაცემების მიხედვით შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის პაციენტები მიკროალბუმინურიით შეზღუდულადაა წარმოდგენილი, თუმცა ასეთ პაციენტებში აღინიშნა ჰიპერკალემიის განვითარების რისკის მატება. შესაბამისად, ასეთი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ეპლერენონი ჰემოდიალიზისას არ ელიმინირდება.  
ღვიძლის ფუნქციათა დარღვევა: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციათა მსუბუქი და სასუალო ხარისხის დარღვევისას (A და B კლასი ჩაილდ-პიუს მიხედვით) შრატში კალიუმის დონის მატება 5.5მმოლ/ლ-ზე მეტი მაჩვენებლით არ დაფიქსირებულა. ასეთ პაციენტებში საჭიროა ელექტროლიტების რეგულარული კონტროლი. ეპლერენონის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით არ არის შესწავლილი, შესაბამისად მისი გამოყენება ასეთ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
CYP3A4ის ინდუქტორები: ეპლერენონით მკურნალობისას CYP3A4ის ძლიერი ინდუქტორების დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
თავიდან უნდა ავიცილოთ ლითიუმის, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსისა და ეპლერენონის ერთდროული გამოყენება.
ლაქტოზა: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც არ ინიშნება ისეთი იშვიათი გენეტიკური დაავადებებისას როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპის ლაქტოზის უკმარისობა და გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ეპლერენონის ორსულებში გამოყენების მონაცემები არასაკმარისადაა წარმოდგენილი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა პირდაპირი და არაპირდაპირი არასასურველი ეფექტები ორსულობაზე, ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობის მსვლელობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. ეპლერენონი ორსულობისას ინიშნება სიფრთხილით.
ლაქტაცია: ეპლერენონის დედის რძით გამოყოფის მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ხდება სარგებელისა და რისკის გათვალისწინებით.

ბავშვთა ასაკი : პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეპლერენონის გავლენა შესწავლილი არ არის. პრეპარატი არ იწვევს თავბრუსხვევასა და კოგნიტურ ფუნქციათა დარღვევას, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობისას. 

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სავარაუდო  ზედოზირების გამოვლინებაა ჰიპოტენზია და ჰიპერკალემია. ეპლერენონი არ ელიმინირდება ჰემოდიალიზისას; წარმოქმნის მყარ კავშირს გააქტივებულ ნახშირთან; სიმპტომური ჰიპოტენზიის გამოვლენისას საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. ჰიპერკალემიის განვითარებისას საჭიროა სტანდარტული თერაპია. 

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 3 წელი. ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)

სად შევიძინოთ?