ნორმოდორმი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დოქსილამინი, ჰიდროგენსუქცინატი
1.რას წარმოადგენს ნორმოდორმი და მისი გამოყენება
ნორმოდორმი მედიკამენტია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინის ჰიდროგენსუქცინატს. დოქსილამინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს - ანტიჰისტამინებს, რომელთაც ახასიათებთ სედატიური თვისებები.
მედიკამენტი ნაჩვენებია დროგამოშვებითი უძილობის სიმპტომური მკურნალობისათვის მოზდილებში 18 წლის ზემოთ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 7 დღის შემდეგ.
2.რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოდორმის მიღებამდე
დაუშვებელია ნორმოდორმის მიღება:
-თუ პაციენტი ალერგიულია დოქსილამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
-თუ პაციენტი ალერგიულია სხვა ანტიჰისტამინების (ანტიალერგიული მედიკამენტების) მიმართ;
-ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორმოდორმის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
-თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება;
-ეპილეფსია;
-QTინტერვალის გახანგრძლივება (გულის პრობლემა);
-სისხლში კალიუმის დაბალი დონე ან ელექტროლიტული ბალანსის სხვა დარღვევა;
-გულის დაავადება და მაღალი არტერიული წნევა;
-ასთმა, ქრონიკული ბრინქიტი (ბრონქების პერსისტენტული ანთება) და ფილტვის ემფიზემა (დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს და ძნელდება სუნთქვა);
-გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
-შარდის შეკავება;
-პროსტატის ჰიპერტროფია (პროსტატის გადიდება);
-პეპტიკური წყლული (კუჭის კედლის ან ნაწლავის დასაწყისის ეროზიები), პილოროდუოდენალური ობსტრუქცია (კუჭიდან ნაწლავებში საჭმლის გადასვლის გაძნელება) და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია (საშარდე გზების დაავადება).
თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, ან დოზის მიღება გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
მკურნალობის დროს არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლური სასმელები.
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს გვერდითი მოვლენების მიმართ.
ნორმოდორმმა შეიძლება მოახდინოს დეჰიდრატაციის და სითბური დარტყმის სიმპტომების აგრავაცია ოფლიანობის შემცირების გამო.
სხვა მედიკამენტები და ნორმოდორმი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
არ უნდა მოხდეს ნორმოდორმის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან მათი ეფექტების გაძლიერების გამო:
-ეპინეფრინი (გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
-მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, როგორიცაა მაგ.: არითმიის სამკურნალო პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მალარიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, გარკვეული ანტიჰისტამინები, სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დამაქვეითებელი გარკვეული მედიკამენტები ან ზოგიერთი ნეიროლეფსური საშუალება (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
-მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სხვა პრეპარატების გამოყოფას, როგორიცაა აზოლის წარმოებულები ან მაკროლიდები, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ნორმოდორმის ეფექტი;
-ზოგიერთი დიურეტიკი (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას);
-ცენტრალური ნერვული სისტემის ინჰიბიტორები (მაგ.: ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, სედატივები, ანქსიოლიზური საშუალებები, ოპიოიდების ტიპის ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები ან პროკარბაზინი);
-ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები), რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა გუანაბენზი, კლონიდინი ან ალფა-მეთილდოფა;
-სხვა ანტიქოლინერგული მედიკამენტები, როგორიცაა დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები), ნეიროლეფსური საშუალებები (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ), ატროპინის პრეპარატები სპაზმების სამკურნალოდ, ან დიზოპირამიდი (გულის გარკვეული დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
-თუ პაციენტი იღებს სხა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სმენაზე ტოქსიკური გავლენა, როგორიცაა კარბოპლატინი ან ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), ქლოროქვინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან მისი პრევენციისათვის) და ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატები), როგორიცაა საინექციო ერითრომიცინი ან ამინოგლიკოზიდები, ნორმოდრომმა შეიძლება შენიღბოს ამ მედიკმენტების ტოქსიკური ეფექტები, ამიტომ საჭიროა პერიოდულად სმენის შემოწმება.
დიაგნოსტიკურ ტესტებზე გავლენა
დოქსილამინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგენების გამოყენებით კანის ალერგიულ სინჯებზე. რეკომენდებულია, რომ ამ სინჯის ჩატარებამდე ნორმდორმით მკურნალობა შეჩერდეს არაუმცირეს სამი დღით ადრე.
ნორმოდორმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლური სასმელები არ უნდა იქნას მიღებული ნორმოდორმით მკურნალობის დროს. იხ. პარაგრაფი 3. ნორმოდორმის მიღების წესი.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ნორმოდორმის მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს.
არ არის მონაცემები ნორმოდორმის შესაძლო ეფექტების შესახებ ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ნორმოდორმს შედარებითი გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა სახიფათო მექანიზმები, არაუმცირეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
3. ნორმოდორმის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის)
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (25 მგ) დღეში.
თუ აღინიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, რეკომენდებულია დოზა უნდა შემცირდეს ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში, ან მიღება უნდა მოხდეს გაღვიძებამდე არაუმცირეს 8 საათით ადრე.
დაუშვებელია 1 ტაბლეტზე (25 მგ) მეტის მიღება დღეში.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გამოყენება
65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში უფრი მეტად მოსალოდნელია სხვა პათოლოგიების განვითარება, ამიტომ შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის შემცირება. არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რეკომენდებულია დოზის შემცირება ნახევარ ტაბლეტამდე (12.5 მგ) დღეში.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენება
ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს განსხვავებული დოზა, კორექცია უნდა მოხდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ექიმის მიერ.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ნორმოდორმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში გამოსაყენებლად, ამიტომ მედიკამენტი არ გამოიყენება ამ პოპულაციაში.
მიღების წესი და მეთოდი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 30 წუთით ადრე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (უმჯობესია წყალთან) ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა არის რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე.
მედიკამენტი არ უნდა დაინიშნოს 7 დღეზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ნორმოდორმის დოზის გადაჭარბებისას
ინტოქსიკაციის სიმპტომებია: ძილიანობა, დეპრესია ან ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, ანტიქოლინერგული ეფექტები (გუგების გაფართოება, ცხელება, პირის სიმშრალე, ნაწლავების ტონუსის დაქვეითება), სიწითლე, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა ან ცვლილება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, აგზნება, სიარულის მანერის ცვლილება, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, სედაცია, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები. შეიძლება განვითარდეს დელირიუმი, ფსიქოზი, დაქვეითებული არტერიული წნევა, გულყრები, სუნთქვის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, კომა და სიკვდილი. სერიოზული გართულება შეიძლება იყოს რაბდომიოლიზი (კუნთების დაზიანება), რომელსაც მოსდევს თირკმლის უკმარისობა.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ანტიჰისტამინების დოზის გადაჭარბების დროს, ამიტომ მკურნალობა არის სიმპტომური და მხარდამჭერი. ექიმი შეაფასებს ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის საჭიროებას, ან დანიშნავს არტერიული წნევის ამწევ მედიკამენტებს.
საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ნორმოდორმის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს შემდეგ დღეს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოდორმიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დოქსილამინის გვერდითი ეფექტები ზოგადად არის სუსტი და გარდამავალი ხასიათის და უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ძილიანობა და ეფექტები, როგორიცაა პირის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, ბრონქული სეკრეტის გაზრდა, ვერტიგო, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა და ნევროზულობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ასთენია (დაღლილობა), პერიფერიული შეშუპება (ხელებისა და ფეხების შეშუპება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი კანზე, ყურებში ხმაური, ორთოსტატიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის შეცვლისას), დიპლოპია (მხედველობის გაორება), დისპეფსია (კუჭის პრობლემები), რელაქსაციის შეგრძნება, ღამის კოშმარები და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აგზნება (განსაკუთრებით, ბავშვებსა და ხანდაზმულებში), ტრემორი, გულყრა ან სისხლის პათოლოგიები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია ან აგრანულოციტოზი (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის დაქვეითება).
უცნობი სიხსირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ზოგადად ანტიჰისტამინების მიღების დროს, თუმცა არ აღინიშნა დოქსილამინის მიღებისას: არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილება), გულის თრთოლვა, დუოდენოგასტრული რეფლუქსი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზური სიყვითლე), ეკგ-ზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივება (გულის პათოლოგია), მადის დაქვეითება, მადის გაზრდა, მიალგია (კუნთების ტკივილი), კოორდინაციის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (მოძრაობის დარღვევები), პარესთეზია (პათოლოგიური შერგრძნებები), ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება (შეგრძნება-მოძრაობის კოორდინაცია), დეპრესია, ბრონქების სეკრეციის დაქვეითება, ალოპეცია (თმის ცვენა), ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა), ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიძლიერე შეიძლება შემცირდეს ყოველდღიური დოზის შემცირებით.
65 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი, რადგან მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ სხვა დაავადებები ან იღებდნენ სხვა მედიკამენტებს ერთდროულად. ამ პაციენტებს, ასევე აქვთ გულის წასვლის მაღალი რისკი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ნორმოდორმის შენახვის წესი
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნორმოდორმი
აქტიური ნივთიერებაა დოქსილამინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დოქსილამინის ჰიდროგენსუქცინატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, დაბალი შემცველობის ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინი (E-132).
ნორმოდორმის ფორმა და შეფუთვა
ნორმოდორმი 25 მგ ცისფერი, მოგრძო ფორმის და გამყოფი ხაზის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია. თითოეული შეფუთვა შეიცავს 7 ან 14 ტაბლეტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე