Nuk
რისპაქსოლი® / RISPAXOL


რა არის რისპაქსოლი და რისთვის გამოიყენება ის

რისპაქსოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რისპერიდონს. ის მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს რომელთაც უწოდებენ “ანტიფსიქოტიკებს”.

რისპაქსოლი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

შიზოფრენია, როდესაც შეიძლება დაინახოთ, მოისმინოთ ან იგრძნოთ არარსებული რამ, დაიჯეროთ ის, რაც არ არის სიმართლე ან უჩვეულოდ ეჭვის გრძნობა გქონდეთ ან დაბნეული იყოთ.

მანია, მდგომარეობა, როდესაც თავს გრძნობთ ძლიერ აგზნებულად, აღფრთოვანებულად, აღელვებულად, ენთუზიაზმით სავსედ ან ჰიპერაქტიურად. მანია გვხვდება დაავადების დროს, რომელსაც „ბიპოლარული აშლილობა“ ეწოდება.

ალცჰაიმერის დემენციის მქონე ადამიანებში ხანგრძლივი აგრესიის მოკლევადიანი მკურნალობა (6 კვირამდე), იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი ზიანს აყენებს საკუთარ თავს ან სხვებს. მანამდე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ალტერნატიული (არაწამლისმიერი) მკურნალობა.

ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში (მინიმუმ 5 წლის ასაკიდან) და ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდებში ხანგრძლივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობა (6 კვირამდე).

 

რა უნდა იცოდეთ რისპაქსოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რისპაქსოლი:

თუ გაქვთ ალერგია რისპერიდონზე ან ამ პრეპარატის რომელიმე  სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში),

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოთ აღნიშნული, რისპაქსოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რისპაქსოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ:

გაქვთ გულის პრობლემა (მაგ., გაქვთ არარეგულარული გულის რიტმი ან თუ მიდრეკილი ხართ დაბალი არტერიული წნევისკენ ან თუ იღებთ არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს). რისპაქსოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა და შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი დოზის კორექტირება;

თქვენთვის ცნობილია რაიმე ფაქტორი, რომელიც შესაძლოა ინსულტის რისკს ზრდიდეს — მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ან თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემები;

თქვენ ოდესმე შეგინიშნავთ უნებლიე მოძრაობები ენის, პირის ან/და სახის არეში;

როდესმე გქონიათ მდგომარეობა, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, კუნთების დაჭიმულობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითება (ასევე ცნობილი, როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი);

გაქვთ პარკინსონის დაავადება ან დემენცია;

თქვენთვის ცნობილია, რომ ადრე გქონდათ თეთრი სისხლის უჯრედების დაბალი დონე (რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სხვა მედიკამენტებით ან სხვა მიზეზებით);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;

გაქვთ ეპილეფსია;

თუ ხართ მამაკაცი და ოდესმე შეგინიშნავთ გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია;

გიჭირთ სხეულის ტემპერატურის რეგულირება ან გადახურებისადმი ხართ მიდრეკილი;

გაქვთ თირკმლების პრობლემები;

გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

გაქვთ სისხლში ჰორმონ პროლაქტინის არანორმალურად მაღალი დონე ან ეჭვი გაქვთ პროლაქტინზე დამოკიდებულ სიმსივნეზე;

თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონია თრომბების (სისხლის შედედების) ისტორია, რადგან ანტიფსიქოზური პრეპარატები შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბების წარმოქმნასთან

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენ, სანამ რისპაქსოლს მიიღებთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

სისხლში შაქრის მაღალი დონე და შაქრიანი დიაბეტი

რადგან რისპაქსოლის მიღების ფონზე დაფიქსირებულა შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან უკვე არსებული დიაბეტის გამწვავება, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლში შაქრის მაღალი დონის ნიშნები. უკვე არსებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.

 

წონის მომატება

რისპაქსოლმა შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის მომატება. მნიშვნელოვანი წონაში მომატება შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე. თქვენი ექიმი რეგულარულად უნდა აკვირდებოდეს თქვენი სხეულის წონას.

 

ხანდაზმული პაციენტები დემენციით

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს ინსულტის მომატებული რისკი. არ უნდა მიიღოთ რისპერიდონი, თუ დემენცია გამოწვეულია ინსულტით.
რისპერიდონით მკურნალობის დროს აუცილებელია რეგულარული კონსულტაცია ექიმთან.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ ან თქვენი მომვლელი შეამჩნევთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის უეცარ ცვლილებას ან სახის, ხელების ან ფეხების უეცარ სისუსტეს ან დაბუჟებას, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან გაურკვეველ მეტყველებას, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება ინსულტის ნიშნები იყოს.

 

თვალის მხრივ დარღვევები

ბროლის შემღვრევის (კატარაქტის) გამო თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს შესაძლოა გუგის ზომა საჭიროებისამებრ არ გაიზარდოს. ასევე, ოპერაციის დროს ფერადი გარსი (თვალის ფერადი ნაწილი) შეიძლება მოდუნდეს, რამაც შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს. თუ თვალზე ოპერაციას გეგმავთ, აუცილებლად აცნობეთ ოფთალმოლოგს, რომ ღებულობთ რისპაქსოლს.

 

ბავშვები და მოზარდები

ქცევითი აშლილობის მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს აგრესიული ქცევის სხვა მიზეზები. თუ რისპერიდონით მკურნალობის დროს დაღლილობა განვითარდება, მიღების დროის შეცვლამ შესაძლოა გააუმჯობესოს ყურადღების გამახვილების პრობლემები.

 

სხვა მედიკამენტები და რისპაქსოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს:

თავის ტვინზე მოქმედ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება დასამშვიდებლად (ბენზოდიაზეპინები) ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (ოპიოიდები), ალერგიის სამკურნალო პრეპარატები (ზოგი ანტიჰისტამინური საშუალება), რადგან რისპერიდონმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების სედატიური ეფექტი;

მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის ელექტრული აქტივობა, როგორიცაა მალარიის, გულის რიტმის პრობლემების, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები (ანტიჰისტამინური), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან სხვა მედიკამენტები ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის შენელებას;

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დაბალ დონეს (მაგალითად, ზოგიერთი შარდმდენები);

მედიკამენტები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ. რისპაქსოლს შეუძლია არტერიული წნევის დაწევა;

პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, ლევოდოპა);

შარდმდენი ტაბლეტები (დიურეტიკები), რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების ან სხეულის ნაწილების შეშუპების დროს, რაც გამოწვეულია ჭარბი სითხის დაგროვებით (მაგალითად, ფუროსემიდი ან ქლოროთიაზიდი). რისპაქსოლის მიღებამ დამოუკიდებლად ან ფუროსემიდთან ერთად შეიძლება გაზარდოს ინსულტის ან სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში.

 

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ რისპერიდონის ეფექტი:

რიფამპიცინი (გარკვეული ინფექციების სამკურნალო პრეპარატი);

კარბამაზეპინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები);

ფენობარბიტალი.

თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ასეთი მედიკამენტების მიღებას, შესაძლოა დაგჭირდეთ რისპერიდონის განსხვავებული დოზა.

 

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიერონ რისპერიდონის ეფექტი:

ქინიდინი (გამოიყენება გულის გარკვეული ტიპის დაავადებების დროს);

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

ბეტა-ბლოკატორების სახელით ცნობილი მედიკამენტები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);

ფენოთიაზინები (მაგალითად, ფსიქოზის სამკურნალოდ ან დასამშვიდებლად გამოყენებული მედიკამენტები);

ციმეტიდინი, რანიტიდინი (კუჭის მჟავიანობის ბლოკატორები).

თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ასეთი მედიკამენტების მიღებას, შეიძლება დაგჭირდეთ რისპერიდონის განსხვავებული დოზა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, რისპერიდონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

რისპაქსოლი ალკოჰოლთან ერთად

რისპაქსოლის მიღების დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მისი მიღება.

შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, რომელთა დედებმა ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) მიიღეს რისპაქსოლი: კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს ამ სიმპტომებიდან რომელიმე გამოუვლინდა, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან დაკავშირება.

რისპაქსოლს შეუძლია გაზარდოს ჰორმონ პროლაქტინის დონე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე (იხილეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები).

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა

რისპაქსოლით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა და მხედველობის პრობლემები. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან

მექანიზმები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

 

რისპაქსოლი შეიცავს ლაქტოზას და საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი FCF (E 110)

რისპაქსოლის 2 მგ და 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

რისპაქსოლის 2 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი FCF (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

 

როგორ უნდა გამოიყენოთ რისპაქსოლი

როგორ უნდა გამოიყენოთ რისპაქსოლი  

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტათ ისე, როგორც ეს თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი გეტყვით, რა დოზით და რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ თქვენი წამალი. ეს დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე, თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. გამოსაყენებელი მედიკამენტის დოზირება მოცემულია ქვემოთ მოცემულ ნაწილში „რა დოზით უნდა მიიღოთ წამალი“.

რისპაქსოლი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად.

რისპაქსოლის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.

 

რამდენი მედიკამენტი უნდა მიიღოთ

შიზოპრენიის სამკურნალოდ

მოზრდილები
საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 მგ-ს დღეში, რომელიც შეიძლება მეორე დღეს გაიზარდოს 4 მგ-მდე.

ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს თქვენი დოზა მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 4-დან 6 მგ-მდე დღიური დოზით.

სრული დღიური დოზა შეიძლება მიღებულ იქნეს ერთხელ ან ორჯერ დღეში. ექიმი გეტყვით, რომელი დოზაა თქვენთვის საუკეთესო.

 

ხანდაზმული ადამიანები

საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.5 მგ-ს დღეში ორჯერ.

ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა 1-2 მგ-მდე დღეში ორჯერ.

ექიმი გეტყვით, რომელი დოზაა თქვენთვის საუკეთესო.

 

მანიის სამკურნალოდ

მოზრდილები

საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 2 მგ-ს დღეში ერთხელ.

ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 1-დან 6 მგ-მდე დოზით დღეში ერთხელ.

 

ხანდაზმულები

საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 0.5 მგ-ს დღეში ორჯერ.

ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეცვალოს თქვენი დოზა 1 მგ-დან 2 მგ-მდე დღეში ორჯერ,

მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

 

ალცჰაიმერის დემენციის მქონე პირებში ხანგრძლივი აგრესიის სამკურნალოდ

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)

საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.25 მგ-ს დღეში ორჯერ.

თქვენი დოზა შეიძლება თანდათან შეიცვალოს ექიმის მიერ, მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 0.5 მგ-ის დღეში ორჯერ მიღებისას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 1 მგ დღეში ორჯერ

ალცჰაიმერის დემენციის მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.

 

თირკმელებისა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები

მიუხედავად იმისა, რომელი დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს, რისპერიდონის ყველა საწყისი და შემდგომი დოზა უნდა განახევრდეს. დოზის ზრდა უნდა მოხდეს უფრო ნელა. რისპერიდონი ამ ჯგუფის პაციენტებში სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.

რიპსაქსოლის 2 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

რიპსაქსოლის 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ოთხ თანაბარ დოზად.

იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა 1 მგ-ზე ნაკლები დოზა, ექიმი დაგინიშნავთ სხვა დოზირების ფორმას ან სხვა რისპერიდონის შემცველ ტაბლეტებს.

 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

18 წლამდე ასაკის მოზარდებში და ბავშვებში  შიზოფრენიისა და მანიაკალური სინდრომის დროს რისპაქსოლით მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს.

 

ბავშვებსა და მოზარდებში ქცევითი აშლილობის სამკურნალოდ

დოზა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონაზე:

50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის

საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.25 მგ-ს დღეში ერთხელ.

დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეგამოშვებით, 0.25 მგ-ით ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.25 მგ-დან 0.75 მგ-მდე დღეში ერთხელ.

 

50 კგ ან მეტი წონის ბავშვებისთვის

საწყისი დოზა ჩვეულებრივ იქნება 0.5 მგ დღეში ერთხელ.

დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეგამოშვებით, 0.5 მგ-ით ეტაპობრივად დღეში.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 0.5 მგ-დან 1.5 მგ-მდე დღეში ერთხელ.

ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.

5 წლამდე ასაკის ბავშვებს ქცევითი აშლილობის სამკურნალოდ რისპაქსოლით მკურნალობა არ უნდა ჩაუტარდეთ.

 

თუ მიიღეთ რისპაქსოლის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან დაღლილობა, ან გქონდეთ სხეულის მოძრაობების დარღვევა, დგომისა და სიარულის პრობლემები, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ან გულისცემის დარღვევა ან კრუნჩხვები.

 

თუ დაგავიწყდათ რისპაქსოლის მიღება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ გამოტოვეთ ორი ან მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

 

თუ შეწყვეტთ რისპაქსოლი მიღებას

არ უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს. თუ ექიმი გადაწყვეტს ამ მედიკამენტის შეწყვეტას, თქვენი დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

 

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ დემენცია და აღგენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობის უეცარი ცვლილება ან სახის, ხელების ან ფეხების უეცარი სისუსტე ან დაბუჟება, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან მეტყველების დარღვევა, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები;

თუ აღგენიშნებათ სიცხე, კუნთების შებოჭილობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დონის დაქვეითება (დარღვევა, რომელსაც ეწოდება „ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი“). შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება;

თუ თქვენ ხართ მამაკაცი და გაწუხებთ გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია. ამას პრიაპიზმი ეწოდება. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება;

თუ აღგენიშნებათ ენის, პირის ღრუს და/ან სახის უნებლიე რიტმული მოძრაობები. შესაძლოა საჭირო გახდეს რისპერიდონის მიღების შეწყვეტა;

თუ ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში, აღგენიშნებათ სისხლის კოლტების წარმოქმნა (სიმპტომებია შეშუპება, ტკივილი და სიწითლე ფეხში), რომლებიც შეიძლება სისხლძარღვების გავლით ფილტვებში გადავიდეს და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება.

თუ თქვენ შენიშნავთ მწვავე ალერგიულ რეაქციას, რომელიც ხასიათდება სიცხით, პირის ღრუს, სახის, ტუჩის ან ენის შეშუპებით, ქოშინით, ქავილით, კანზე გამონაყარით ან არტერიული წნევის დაწევით.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დაძინების გაძნელება ან ძილის შენარჩუნების პრობლემა;

დაძაბულობა/ძილიანობის შეგრძნება;

პარკინსონიზმი. ეს მდგომარეობას მოიცავს სხვადასხვა სიმპტომს. თითოეული სიმპტომი შეიძლება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში გამოვლინდეს. პარკინსონიზმი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: ნერწყვის მომატებული გამოყოფა, ჩონჩხის კუნთების შებოჭილობა, ნერწყვდენა, კიდურების მომხრელი კუნთების სპაზმები, მოძრაობის შენელება ან დარღვევა, სახის გამომეტყველების დაკარგვა, კუნთების დაჭიმულობა, კისრის შებოჭილობა, კუნთების  რიგიდობა,  ნელი მოძრაობა, ხელების ნორმალური მოძრაობის არარსებობა სიარულის დროს, შუბლზე ხელის დარტყმის საპასუხოდ თვალების მუდმივი ხამხამი (პათოლოგიური რეფლექსი);

თავისტკივილი.

 

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), ბრონქიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, სინუსების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ინფექცია, გრიპის შეგრძნება;

რისპაქსოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლის ანალიზში აღმოჩენილი ჰორმონის, „პროლაქტინის“, დონე (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს სიმპტომები). მაღალი პროლაქტინის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მამაკაცებში მკერდის შეშუპებას, ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების სირთულეს, სექსუალური სურვილის შემცირებას ან სხვა სექსუალურ დისფუნქციას. ქალებში შეიძლება მოიცავდეს დისკომფორტს მკერდში, რძის გამოყოფას მკერდიდან,

მენსტრუალური ციკლის გადაცდენას ან ციკლის სხვა პრობლემებს;

წონაში მატება, მადის მომატება, მადის დაქვეითება;

ძილის დარღვევა, გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა, აგზნება, მოუსვენრობა;

დისტონია: ეს არის მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს კუნთების ნელ ან მდგრად უნებლიე შეკუმშვას. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია სხეულის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება (და შეიძლება გამოიწვიოს პოზის დარღვევა), დისტონია ხშირად მოიცავს სახის კუნთებს, მათ შორის თვალების, პირის ღრუს, ენის ან ყბის პათოლოგიურ მოძრაობებს;

თავბრუსხვევა;

დისკინეზია: ეს არის მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს კუნთების უნებლიე მოძრაობებს და შეიძლება მოიცავდეს განმეორებად, სპასტიკურ ან კრუნჩხვით მოძრაობებს ან კანკალს;

ტრემორი (კანკალი);

მხედველობის დაბინდვა, თვალის ინფექცია ან „ვარდისფერი თვალი“;

გახშირებული პულსი, მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი;

ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის გაჭედვა;

მუცლის ტკივილი, მუცლის დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი;

გამონაყარი, კანის სიწითლე;

კუნთების სპაზმები, ძვლების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი;

შარდის შეუკავებლობა (შარდის კონტროლის დაკარგვა);

სხეულის, ხელების ან ფეხების შეშუპება, ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი;

დაცემა.

 

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტს):

სასუნთქი გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ინფექცია, თვალის ინფექცია, ტონზილიტი, ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია, ცელულიტი, კანის ერთი ნაწილის ან სხეულის ერთი ნაწილის ინფექცია, ვირუსული ინფექცია, ტკიპებით გამოწვეული კანის ანთება;

ინფექციისგან დაცვაში დამხმარე სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება;

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების (სისხლის უჯრედების, რომლებიც სისხლდენის შეჩერებაში გვეხმარებიან) შემცირება, ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება), სისხლში ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება;

ალერგიული რეაქცია;

შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება, სისხლში შაქრის მაღალი დონე, წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება;

წონის დაკლება, მადის დაკარგვა, რაც იწვევს არასრულფასოვან კვებას და სხეულის დაბალ წონას;

სისხლში ქოლესტერინის მომატება;

გუნება-განწყობის ამაღლება (მანია), დაბნეულობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ნერვიულობა, კოშმარები;

გვიანი დისკინეზია (სახის, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების კანკალი ან კრუნჩხვები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ენის, პირის ღრუს და სახის უნებლიე რიტმულ მოძრაობებს. შესაძლოა საჭირო გახდეს რისპაქსოლის მიღების შეწყვეტა;

თავის ტვინში სისხლის მიწოდების უეცარი შეწყვეტა;

სტიმულებზე რეაქციის არარსებობა, გონების დაკარგვა, გონების დარღვევები;

კრუნჩხვები, გონების დაკარგვა;

სხეულის ნაწილების მოძრაობის დაუღალავი სურვილი, წონასწორობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა დგომისას, ყურადღების დარღვევა, მეტყველების პრობლემები, გემოს შეგრძნების დაკარგვა ან დარღვევა, კანის ტკივილისა და შეხების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტის ან კანის დაბუჟების შეგრძნება;

თვალების მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალის სიმშრალე, ცრემლდენის მომატება, თვალების სიწითლე, გამონადენი თვალიდან, შეშუპება;

თავბრუსხვევის შეგრძნება (თავბრუსხვევა), ყურებში შუილი, ყურის ტკივილი;

წინაგულების ფიბრილაცია (გულის რიტმის დარღვევა), გულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის გამტარობის შეწყვეტა, გულის ელექტრული გამტარობის დარღვევა, გულის QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემოს შენელება, გულის ელექტრული ტრასირების დარღვევა (ელექტროკარდიოგრამა ან ეკგ), გულმკერდში ფრიალის ან დარტყმის შეგრძნება (პალპიტაცია), კონის ტოტის ბლოკადა;

დაბალი არტერიული წნევა, ადგომისას დაბალი არტერიული წნევა, წამოწითლება;

საკვების ასპირაციით გამოწვეული პნევმონია, ფილტვების შეგუბება, სასუნთქი გზების შეგუბება, ხიხინით სუნთქვა ფილტვებში, სუნთქვის დროს მსუბუქი სტვენის ხმა, ხმის დარღვევა, სუნთქვის დარღვევები;

განავლის შეუკავებლობა, ძალიან მაგარი განავალი, კუჭის ან ნაწლავების ინფექცია, ყლაპვის გაძნელება, გაზების ჭარბი გამოყოფა;

ჭინჭრის ციება, ქავილი, თმის ცვენა, კანის გასქელება, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის ფერის შეცვლა, თავის კანის აქერცვლა, ქავილი, კანის დაზიანება, აკნე;

სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას (CPK) დონის მომატება (ფერმენტი, რომელიც ზოგჯერ გამოიყოფა კუნთების დაშლისას);

პათოლოგიური პოზა, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი, კუნთოვანი სისტემის ტკივილი (მიალგია);

ხშირი შარდვა, შარდვის შეუძლებლობა, ტკივილი შარდვის დროს;

ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა;

მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, მენსტრუაციის არარსებობა ან ციკლის სხვა პრობლემები;

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების განვითარება, სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა, სექსუალური დისფუნქცია, დისკომფორტი და ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, ვაგინალური გამონადენი;

სახის შეშუპება;

შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება;

სიარულის მანერის ცვლილება;

წყურვილის შეგრძნება, დისკომფორტი გულმკერდის არეში, დაღლილობა, ცუდად ყოფნა, „არაკომპორტულად ყოფნის“ შეგრძნება, მოდუნება, გრიპის მსგავსი დაავადება;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება;

პროცედურის დროს ტკივილი.

 

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს):

ინფექცია, შუა ყურის ქრონიკული ანთება (ოტიტი);

სისხლში ინფექციასთან საბრძოლველად საჭირო გარკვეული ტიპის ლეიკოციტების სახიფათოდ დაბალი რაოდენობა;

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ცხელება, პირის ღრუს, სახის, ტუჩის ან ენის შეშუპება, ქოშინი, ქავილი, კანზე გამონაყარი და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემა;

შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია, შარდში შაქარი;

წყლის სახიფათოდ ჭარბი მიღება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში ინსულინის მომატებული დონე, სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის) მაღალი დონე;

ემოციების ნაკლებობა, ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა;

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (დაბნეულობა, გონების დაქვეითება ან დაკარგვა, მაღალი სიცხე და კუნთების ძლიერი შებოჭილობა);

თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემები;

კომა არაკონტროლირებადი დიაბეტის გამო;

თავის კანკალი;

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), თვალების მოძრაობის პრობლემები, თვალების ტრიალი, ქუთუთოს კიდეებზე ქერქის წარმოქმნა, თვალის პრობლემები კატარაქტის ოპერაციის დროს (ინტრაოპერაციული მოდუნებული ფერადი გარსის სინდრომი);

არარეგულარული გულისცემა;

სისხლის კოლტები ფეხებში, სისხლის კოლტები ფილტვებში;

სუნთქვის გაძნელება ძილის დროს (ძილის აპნოე), სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა;

პანკრეასის ანთება, ნაწლავების გაუვალობა;

ენის შეშუპება, დახეთქილი ტუჩები, ტუჩების შეშუპება;

წამლის მიღებასთან დაკავშირებული კანზე გამონაყარი, ქერტლი;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი);

ახალშობილებში წამლის მიღების შეწყვეტის სიმპტომები;

პრიაპიზმი (პენისის გახანგრძლივებული ერექცია, რომელიც შეიძლება ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვდეს);

მენსტრუალური ციკლის შეფერხება, მკერდის ჯირკვლების გადიდება, მკერდის გადიდება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან;

სხეულის ტემპერატურის დაწევა, ხელებისა და ფეხების სიცივე;

მედიკამენტების მიღების შეწყვეტის სიმპტომები, კანის გამკვრივება;

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).

    
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-ს):
უკონტროლო დიაბეტის სიცოცხლისთვის საშიში გართულებები;
ნაწლავის კუნთების მოძრაობის დარღვევა, რაც იწვევს გაუვალობას;
სერიოზული ალერგიული რეაქცია შეშუპებით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყელს და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
რისპერიდონის ხანგრძლივი მოქმედების ინექციების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი    ეფექტები. მაშინაც კი, თუ არ იღებთ მკურნალობას რისპერიდონის ხანგრძლივი მოქმედების ინექციებით, მაგრამ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს, დაუკავშირდით ექიმს:
ნაწლავური ინფექცია;
კანქვეშა აბსცესი, კანის ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კანის ანთება;
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა, რაც ასუსტებს ორგანიზმის დაცვას ბაქტერიული ინფექციებისგან;
დეპრესია;
კრამპები;
თვალების ხამხამება;
ტრიალის ან რხევის შეგრძნება;
გულისცემის შენელება, მაღალი არტერიული წნევა;
კბილის ტკივილი, ენის სპაზმი;
ტკივილი დუნდულებში;
წონის დაკლება.
    
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ მედიკამენტების სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, იერსიკასის ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ტელეფონი: +371 67078400. ფაქსი: +371 67078428
ვებგვერდი: www.zva.gov.lv.
გვერდითი ეფექტების აღრიცხვით თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

როგორ შეინახოთ რისპაქსოლი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისობის ვადის“ შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამლები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რისპაქსოლი
აქტიური ნივთიერებაა რისპერიდონი (Risperidonum).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ან 4 მგ რისპერიდონს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
რიპაქსოლი 2მგ  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: Opadry Orange OY-8729 (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, Sunset Yellow FCF (E 110), ქინოლინის ყვითელი (E 104)), მაკროგოლი 6000, კარნაუბის ცვილი.
რიპაქსოლი 4მგ  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: Opadry AMB Green 80W21165 (შავი რკინის ოქსიდი (E 172), Indigo Carmine Lake (E 132), სოიოს ლეციტინი, პოლივინილის სპირტი, ქინოლინის ყვითელი (E 104), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქსანთანის გუმფისი), კარნაუბის ცვილი.

 

რისპაქსოლის  გარეგნული იერი და შეფუთვის შემცველობა.
რისპაქსოლი 2 მგტაბლეტები: ნარინჯისფერი მრგვალი ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ერთი ჭრილით. გატეხილი ნაწილი თეთრი ბირთვით.
რისპაქსოლი 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული  ტაბლეტები: მწვანე მრგვალი ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ორმაგი ჭრილით. გატეხილი ნაწილი თეთრი ბირთვით.
შეფუთვის ზომა: 20 ან 60 ტაბლეტი (10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე).
2 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
 

 

სად შევიძინოთ?