სანურენი
შემადგენლობა:
- თირკმლის ჩაი ( Ortosifon staminal ) 70 მგ
- პიტნა (Mentha piperita) 70 მგ
- სვიის ექსტრაქტი (Luppolo e.s. ) 70 მგ
- სიმინდის ულვაშის ექსტრაქტი (Mais stigmi e.s.) 50 მგ
- ფიჭვის გირჩების ექსტრაქტი (Pinus pinaster e.s.) 40 მგ
- ველური სტაფილოს ექსტრაქტი (Carota e.s.) 25 მგ
- ბორნეოლი (Borneolo) 15 მგ
- თავშავას ეთერზეთი (o.e. Origano) 10 მგ
- მაგნიუმის ციტრატი (Magnesium citrate) 25 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროსეპტიური, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიური, ნაღველმდენი საშუალება.
სანურენი
ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების, ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას.
თირკმლის ჩაის ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ ორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვან ზეთებს (2.7%), ღვინის მჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვან ზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფა α- ამირინი, β-სიტოსტერინი და ტანინი.
მედიცინაში თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, ავადმყოფებში თავის ტვინის გამოხატული ათეროსკლეროზით და ჰიპერტონული დაავადებით, რომელთაც თან სდევს თირკმლის ფუნქციების დარღვევა შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების დროს. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები. თირკმლის ჩაის მიღება რეკომენდირებულია საგულე გლიკოზიდებთან ერთად, გულის უკმარისობის II და III ხარისხის დროს.
პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია, ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი.
სვიის გირჩები შეიცავს ეთერზეთს (0, 2-1, 7%), მწარე ნივთიერებებს: ჰუმულინს და ლუპულონს, რომელიც ფლოროგლუცინის წარმოებულია. მათი დაშლისას გამოიყოფა იზოვალერიანის მჟავა. შეიცავს ასევე ქოლინს, ასპარაგენს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, იზოვალერიანის, ამინობენზოის და სხვა მჟავებს. ლეიკოანთოციანიდებს; შეიცავს ესტროგენულად მოქმედ ნივთიერებებს. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედება, დადგენილია დიურეზული მოქმედებაც. მას იყენებენ ნეფრიტების, ცისტიტების დროს. ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების, წყლულოვანი დაავადებების დროს.გააჩნია აგრეთვე ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
სიმინდის ულვაშში აღმოჩენილია მწარე გლიკოზიდური ნივთიერებები 1.15%, საპონინები 3.18%, ცხიმოვანი ზეთები 2.5%, კრიპტოსანტინი, ასკორბინის და პანტოტენის მჟავა,ვიტამინი K, ინოზიტი, სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი. სიმინდის მარცვლები შეიცავს სახამებელს (61.2%), სიმინდის ზეთს, დიდი რაოდენობით პენტოზანებს (7.4%), ბიოტინს, ნიკოტინის და პანტოტენის მჟავებს, კვერცეტინს და სხვა. სიმინდის ულვაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება (სხვადასხვა წარმოშობის სისხლდენების, გინეკოლოგიური დაავადებების დროს). ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადებს, ნეფრიტის, შეშუპების დროს .აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიების დროს. სიმინდის ულვაშის პრეპარატები ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის სიბლანტეს და შედარებით სიმკვრივეს,ამცირებს ბილირუბინის შემცველობას.
ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება და აქვთ ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება. გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს.
ველური სტაფილოს ნაყოფი შეიცავს 2%-მდე ეთერზეთებს, რომელთა შემადგენლობაში შედის 30% გერანიოლი. ველური ნაყოფი წარმოადგენს ასევე ნედლეულს კუმარინისა და ფუროკუმარინის მისაღებად. აღმოჩენილია აგრეთვე ალკალოიდები – პიროლიდინი და დაუცინი, ხოლო ნაყოფში ფიტოსტერინი-ჰიდრიკაროტინი და დაუკოსტერინი. გამოიყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, ხველის საწინააღმდეგო, ტუბერკულიოზის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, თირკმლის, ღვიძლის დაავადების, ჰელმინთებით ინვაზიის, თავბრუსხვევის, ლაქტაციის გასაუმჯობესებელ საშუალებას.
ბორნეოლი ერთ-ერთი ძირითადი ეთერზეთია, რომელიც მრავალ სამკურნალო მცენარის შემადგენლობაში შედის, როგორიცაა გვირილა, სამკურნალო კატაბალახა, ლავანდა. გააჩნია დამამშვიდებელი, ანქსიოლიზური (ანტიფობიური), ტკივილგამაყუჩებელი, საანესთეზიო და ლითოლიზური მოქმედება, იწვევს კუნთების რელაქსაციას, ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. გამოიყენება თირკმელკენჭოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
თავშავას ბალახი შეიცავს 0,2-1,2% ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის (44%) თიმოლი და კარვაკროლი; მთრიმლავ ნივთიერებებს (20%), ასკორბინისმჟავას. თავშავას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი და ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას და ამაღლებს მის ტონუსს.
გამოიყენება უძილობის დროს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული მოშლილობის დროს, ჰიპო და ანაციდური გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მეტეორიზმის, ენტეროკოლიტის, ნაწლავების ატონიის დროს. გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტის და ბრონქოექტაზის დროს, ასევე როგორც მადისმომგვრელი საშუალება.
მაგნიუმის ციტრატი წარმოადგენს ორგანიზმისთვის ასათვისებლად ყველაზე ხელსაყრელ მაგნიუმის ფორმას, რადგან ციტრატები აძლიერებენ უჯრედში შეღწევადობას. სუფთა მაგნიუმის შემცველობა მაგნიუმის ციტრატის შემადგენლობაში შეადგენს დაახლოებით 11%.
მაგნიუმის ციტრატს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი (ანალგეზიური, დამამშვიდებელი, საძილე, სტრესის, კრუნჩხვის, ანტიარითმიული, ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული მოქმედება). მაგნიუმი (Мg) - წარმოადგენს უჯრედშიდა აქტიურ ელემენტს და ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბევრი პროცესი დამოკიდებულია მაგნიუმის შემცველობაზე. მაგნიუმის უკმარისობა შარდში ოქსალატების - მჟაუნმჟავა მარილების მომატებას იწვევს. მაგნიუმის 2+ იონი უკავშირდება შარდში ოქსალატების კრისტალებს, ზრდის ოქსალატების ხსნადობას, თრგუნავს კრისტალიზაციას და თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებას.
ჩვენებები:
- შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი);
- დიზურიული მოვლინებები;
- თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა;
- თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), წვრილი უროლითიაზი;
- კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ;
- “ნეფროზული სინდრომი“;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა;
- ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, სპასტიკური კოლიტი, ჰელმინთური ინვაზიები;
- შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: სანურენი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ, იშვიათად ფიქსირდება ალერგიული რეაქციები;
გამოყენების წესი და დოზირება: სანურენი ინიშნება მოზრდილებში: ქრონიკული პროცესების დროს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მწვავე პროცესების დროს 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. ბავშვებში: 8 წლიდან 1 ტაბ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.