1. რა არის პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ვიტაპროსტს აქვს ორგანოტროპული მოქმედება წინამდებარე ჯირკვალზე. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების ხარისხს, ლეიკოციტების ინფილტრაციას, ახდენს ეპითელიური უჯრედების სეკრეტორული ფუნქციის ნორმალიზებას, ზრდის ლეციტინის მარცვლების რაოდენობას აცინუსების სეკრეტში, ასტიმულირებს შარდის ბუშტის კუნთოვან ტონუსს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას წინამდებარე ჯირკვალში თრომბის წარმოქმნის შემცირებით, ანტიაგრეგანტული აქტივობით, ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვალში ვენულების თრომბოზის განვითარებას.
კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ ვიტაპროსტი® ზომიერად ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობას. პრეპარატი ამცირებს ობსტრუქციული და ირიტაციული სიმპტომების სიმძიმეს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, რაც გამოიხატება შარდის მაქსიმალური და საშუალო მოცულობითი ნაკადის მატებით და ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირებით.
კლინიკური კვლევების მონაცემებით დამტკიცებულია, რომ ვიტაპროსტის® გამოყენება ამცირებს ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტის გამწვავების ალბათობას, არ იწვევს ცვლილებებს სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზისა და შარდის ზოგადი ანალიზის მაჩვენებლებში. პრეპარატ ვიტაპროსტის® გამოყენების ეფექტურობა ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის, ექიმ-მკვლევარების შეფასებით, არის 97,5%. ვიტაპროსტი® ახდენს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეციისა და ეაკულატის პარამეტრების ნორმალიზებას. ამცირებს პროსტატიტით გამოწვეულ ტკივილს და დისკომფორტს, აქრობს დიზურიულ მოვლენებს, აუმჯობესებს კოპულაციურ ფუნქციას.
გამოყენების ჩვენებები
ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტი.
ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტის გამწვავების პრევენცია.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
მდგომარეობები წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ.
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან 10 დღის შემდეგ გრძნობთ გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვიტაპროსტ® ტაბლეტების გამოყენებამდე
არ მიიღოთ პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტები:
• თუ ალერგიული ხართ მოქმედი ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში).
• თუ გაქვთ ლაქტაზას დეფიციტი, საქაროზა/იზომალტოზას დეფიციტი, ლაქტოზას აუტანლობა, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
• თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილი მამაკაცების სამკურნალოდ; არ გამოიყენება ქალებსა და ბავშვებს.
ქრონიკული პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევების წინ და შემდეგ მდგომარეობების მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, ვიტაპროსტის® ტაბლეტების დანიშვნასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ჯგუფის პრეპარატების და მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდების გამოყენება.
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დაწყებამდე და აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის დროს რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზის ჩატარება.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების პერიოდში აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ამ დაავადების სტანდარტული კონტროლისთვის. მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პათოლოგია კეთილთვისებიანია.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ვიტაპროსტი® არ არის განკუთვნილი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ვიტაპროსტი®
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების ან შეუთავსებლობის შემთხვევები არ არის აღწერილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენება ქალებში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სამკურნალო პრეპარატი ვიტაპროსტი® არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერის, ოპერატორის მუშაობა).
პრეპარატი ვიტაპროსტი® ტაბლეტები შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას მონოჰიდრატს
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
3. პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტების მიღება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ფურცელ-ჩანართის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მიღების გზა
შიგნით.
თერაპიის ხანგრძლივობა
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს პრეპარატ ვიტაპროსტით® მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - არანაკლებ 30 დღე, ქრონიკული პროსტატიტის დროს - არანაკლებ 10 დღე.
ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში მინიმუმ 30 დღის განმავლობაში - წელიწადში 1-2-ჯერ.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვიტაპროსტის ტაბლეტი, ვიდრე უნდა მიიღოთ.
დღემდე, დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვიტაპროსტი®, აცნობეთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვიტაპროსტის® მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში.
ალერგიული რეაქციები.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზას, მათ შორის, ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ, რომლებიც გამოვლინდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტების შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაზე „ვარგისიამდე“ სიტყვების შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში. ჰკითხეთ აფთიაქის თანამშრომელს, როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ ვიტაპროსტის® ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს
მოქმედი ნივთიერება არის პროსტატის ექსტრაქტი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: პროსტატის ექსტრაქტს - 100 მგ, წყალში ხსნად პეპტიდებზე გადაანგარიშებით - 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა; გარსის შემადგენლობა: მეთაკრილის მჟავა და ეთილაკრილატის კოპოლიმერი [1:1], ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ტრიეთილციტრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ინდიგოკარმინი.
პრეპარატ ვიტაპროსტის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ტაბლეტები ლურჯიდან ღია ცისფერი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, დასაშვებია ნაკაწრების არსებობა.
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში დამზადებული პოლივინილქლორიდის ან პოლივინილქლორიდის/პოლივინილიდენქლორიდის ფირისგან და ალუმინის ლაქირებული ნაბეჭდი ფოლგისგან.
1, 2, 3 ან 6 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.