Nuk
კარდოპანი-სანოველი პლუსი / CARDOPAN-SANOVEL PLUS


შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტი - 1 ტაბ.
ვალსარტანი -  80 მგ
ჰიდროქლორთიაზიდი - 12.5 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზული საშუალება 
ათქ კლასიფიკაციის კოდი – C09CA03

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) აქტიურ ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ანგიოტენზინ I-დან აგფ-ის მონაწილეობით. ანგიოტენზინი II უკავშირდება სხვადასხვა ქსოვილებში უჯრედულ მემბრანებზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს. მას გააჩნია ფიზიოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი, რომელშიც პირველ რიგში შედის მისი როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი მონაწილეობა არტერიული წნევის რეგულაციაში. წარმოადგენს რა, სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ძლიერ საშუალებას, ანგიოტენზინ II იწვევს პირდაპირ ვაზოპრესულ ეფექტს. გარდა ამისა, იგი ახდენს ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაციას და ხელს უწყობს ნატრიუმის შეკავებას. 
ვალსარტანი – ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიური და სპეციფიური ანტაგონისტია, რომელიც გამოიყენება შიგნით მისაღებად. იგი არჩევითად მოქმედებს Aთ1 რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანგიოტენზინ II ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანით AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის შრატისმიერი დონეების გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი AT1 რეცეპტორების მიმართ რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტივობას არ ამჟღავნებს. AT1 რეცეპტორებისადმი ვალსარტანის აფინურობა დაახლოებით 20000-ჯერ მეტია, ვიდრე Aთ2 რეცეპტორებისადმი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ცნობილია ასევე კინინაზა II–ის სახელწოდებით, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. ბრადიკინინით განპირობებული რაიმე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. კლინიკური გამოკვლევებისას, რომლებშიც ტარდებოდა ვალსარტანის შედარება აგფ-ის ინჰიბიტორებთან, მშრალი ხველის განვითარების სიხშირე ნაკლები იყო (p<0.05) იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორს (2.6%-7.9% შესაბამისად). იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ადრე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს ვითარდებოდა მშრალი ხველა, ვალსარტანით მკურნალობისას ეს გართულებები აღინიშნა შემთხვევათა 19.5%-ში, ხოლო თიაზიდური დიურეზული საშუალებით მკურნალობისას აღინიშნა შემთხვევათა 19.0%-ში, იმ დროს როდესაც ავადმყოფთა იმ ჯგუფში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა აგფ ინჰიბიტორით, ხველა აღინიშნა შემთხვევათა 68.5%-ში (p<0.05). ვალსარტანი ურთიერთქმედებს და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში ვალსარტანით მკურნალობის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც თან არ ახლავს პულსის სიხშირის ცვლილება.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება – 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას, მიუხედავად მიღებული დოზისა, არტერიული წნევა მაქსიმალურ დაქვეითებას აღწევს ჩვეულებრივ 2-4 კვირის განმავლობაში და აღნიშნულ დონეზე რჩება ხანგრძლივი თერაპიის მსვლელობისას. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინირებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას. თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების შეხების წერტილს წარმოადგენს თირკმლის დისტანციური კლაკნილი მილაკების ქერქული ნაწილი, სადაც განლაგებულია დიურეზულების მიმართ მაღალმგრძნობიარე რეცეპტორები, და სადაც ხდება ნატრიუმისა და ქლორის Nა+   Cl- იონების ტრანსპორტის დათრგუნვა. თიაზიდების მოქმედების მექანიზმი უკავშირდება Nა+Cl- ტუმბოს დათრგუნვას, რაც როგორც ჩანს, ხდება Cl‾ იონის ტრანსპორტის ადგილის კონკურენციის ხარჯზე. ამის შედეგად, ნატრიუმის და ქლორის იონების ექსკრეცია დაახლოებით ერთდროულად მატულობს. დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნება ცირკულირებადი პლაზმის მოცულობის შემცირება, რის გამოც მატულობს რენინის აქტივობა, ალდოსტერონის სეკრეცია, შარდთან კალიუმის გამოყოფა და, შესაბამისად, კალიუმის კონცენტრაციის შემცირება შრატში. რენინსა და ალდოსტერონს შორის ურთიერთკავშირი ხორციელდება ანგიოტენზინ II-ის საშუალებით, ამიტომ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტის დანიშვნა შეამცირებს კალიუმის დანაკარგს, რომელიც უკავშირდება თიაზიდური დიურეზული საშუალებების მიღებას.

ფარმაკოკინეტიკა
ვალსარტანი: პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში. ბიოშეღწევადობის საშუალო სიდიდე შეადგენს 23%-ს. 
ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T1/2α<1 სთ და T1/2β დაახლოებით 9 სთ).
შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის კონცენტრაცია ქალისა და მამაკაცის სისხლის პლაზმაში ერთნაირია. 
ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინებს. განაწილების წონასწორული მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ). 
ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2ლ/სთ) თირკმლის სისხლმიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30ლ/სთ), ვალსარტანის შიგნით მიღებული დოზის 70% გამოიყოფა განავალთან ერთად, 30% - შარდთან ერთად უპირატესად შეუცვლელი სახით.
ვალსარტანის საკვებთან ერთად მიღებისას AUC მცირდება 48%-ით, თუმცა პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაციები პლაზმაში, როგორც მისი მიღებისას უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად, - ერთნაირია. ამასთანავე, AUC-ის შემცირებას თან ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება.
ჰიდროქლორთიაზიდი: პერორალური მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება (Tmax - დაახლოებით 2 საათი). საბოლოო ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-15 საათს. დღეში ერთხელ მიღების დროს კუმულაცია უმნიშვნელოა. ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა მისი პრერალური მიღებისას შეადგენს 60-80%-ს. გამოიყოფა შარდთან ერთად დოზის 95%-ზე მეტი უცვლელი სახით და დაახლოებით 4%- ჰიდროლიზატის სახით. ჰიდროქლოროთიაზიდის საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება მისი სისტემური ბიოშეღწევადობის როგორც მომატება, ასევე დაქვეითება. ამ მაჩვენებლების დიაპაზონი დიდი არ არის და კლინიკურად უმნიშვნელოა.
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი: ვალსარტანთან ერთად მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა კლებულობს დაახლოებით 30%-ით. ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება თავის მხრივ, არსებით გავლენას არ ახდენს ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული მიღების ეფექტურობაზე. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა მოცემული კომბინაციის გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც აღემატებოდა ცალკე აღებულ თითოეული კომპონენტის ეფექტს, ასევე პლაცებოს ეფექტს.
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები:
ხანდაზმული ასაკის ზოგიერთ ავადმყოფთან ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება რამდენადმე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა ავადმყოფებში, თუმცა იგი კლინიკურად უმნიშვნელოა. არამრავალრიცხოვანი მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ხანდაზმულ ავადმყოფებში (როგორც ჯანმრთელებში, ისე არტერიული ჰიპერტენზიით დააავადებულებში) ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური კლირენსი დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში.
ავადმყოფები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: ავადმყოფებს კრეატინინის კლირენსით 30-70 მლ/წთ, დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ. ამჟამად არა გვაქვს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია) და იმ ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე. ვალსარტანი ხასიათდება პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხით და ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა. ჰიდროქლოროთიაზიდი კი, პირიქით, ჰემოდიალიზის დროს გამოიყოფა ორგანიზმიდან. 
თირკმელებით ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფა ხდება პასიური ფილტრაციის და აქტიური სეკრეციის გზით თირკმლის მილაკებში. თირკმელების ფუნქციის მდგომარეობა დიდ როლს ასრულებს ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაში, რაც სავსებით გასაგებია, თუ გავითვალიწინებთ, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა მხოლოდ თირკმელებით.
ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის სუსტად და ზომიერად გამოხატული დარღვევებით, 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამჟამად არა გვაქვს მონაცემები ვალსარტანის გამოყენების შესახებ იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ღვიძლის დაავადებები არსებით გავლენას არ ახდენენ ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ მისი დოზების შემცირება საჭირო არ არის.  

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია. 
არტერიული ჰიპერტენზია პაციენტებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მონოთერაპისას.

უკუჩვენებები
საერთო:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან სულფონამიდის წარმოებულების  მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
ვალსარტანი:
ღვიძლის მწვავე უკმარისობა სანაღვლე გზების ობსტრუქციის ფონზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი<30მლ/წთ); 
კალიუმის მომატებულ დაკარგვასთან დაკავშირებით: ნეფროპათია, ღვიძლის ფუნქციის კარდიოგენური დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა, რეფრაქტერული  ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სიმპტომური ჰიპერურიკემია, ჰიპერტენზია ორსულობის ფონზე, ადისონის დაავადება, პრეპარატის მიღება ლითიუმთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები 
შრატის ელექტროლიტების წონასწორობის ცვლილება: საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას კალიუმის მარილებთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, სუფრის მარილის კალიუმიან შემცვლელებთან, ასევე იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა (მაგ. ჰეპარინთან). არსებობს ცნობები ჰიპოკალიემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზული საშუალებებით მკურნალობის დროს. რეკომენდებულია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების  გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი. თიაზიდები იწვევენ შარდთან ერთად მაგნიუმის ექსკრეციის მომატებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.
ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი. ავადმყოფებში, რომლებსაც ორგანიზმში აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი, მაგალითად დიურეზულების მაღალი დოზების მიღებისას, იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიქმნას სიმპტომატური ჰიპოტენზია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტი დავაწვინოთ და, საჭიროების მიხედვით ჩავატაროთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.
თირკმლის არტერიის სტენოზი: პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ავადმყოფებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზით, დადგენილი არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებთან, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30 მლ/წთ-ზე მეტს, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: საჭირო არ არის დოზის შეცვლა ავადმყოფებთან ღვიძლის სუსტად, ან ზომიერად გამოხატული დარღვევებით, ქოლესტაზის მოვლენების არ არსებობისას, თუმცა რეკომენდებულია გარკვეული სიფრთხილე. ღვიძლის დაავადებები არსებითად არ ცვლიან ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს.
სისტემური წითელი მგლურა: არსებობს ცნობები, რომ თიაზიდურმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურის გამწვავება.
სხვა მეტაბოლური დარღვევები: თიაზიდურმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლუკოზის მიმართ  ტოლერანტობის ცვლილება, ასევე სისხლის შრატში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდმჟავას კონცენტრაციების მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია: 
ცნობილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. თიაზიდური დიურეზული საშუალებების შეყვანა საშვილოსნოს ღრუში იწვევს თრომბოციტოპენიის განვითარებას ნაყოფში ან ნეონატალურ პერიოდში, აგრეთვე სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებას, რომლებიც აღენიშნებათ შემდგომში მოზრდილებს. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონულ სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში. თუკი ორსულობა გამომჟღავნდა მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა.
ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში, ასევე გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში.
ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა: ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებების დანიშვნისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები
გვერდით მოვლენები ატარებს მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. ≥1% სიხშირით აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაზოფარინგიტი (ფარინგიტისა და რინიტის ჩათვლით), დაღლილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, ზურგის ტკივილი.
პოსტმარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით საკმაოდ იშვიათია ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყარის, ქავილის და ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის სხვა რეაქციების შემთხვევები, შრატისმიერი დაავადებისა და ვასკულიტების ჩათვლით. არსებობს მონაცემები თირკმლის ფუნქციის დარღვევების ძალზე იშვიათი შემთხვევების შესახებ. 
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ავადმყოფთა 2.2%-ში, შრატში კალიუმის კონცენტრაცია შემცირდა 20%-ზე მეტად (ამ მაჩვენებლის დაქვეითებამ ავადმყოფთა ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, შეადგინა 3.3 %).
კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში კრეატინინის დონის მომატება აღინიშნა 1.4% შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 
ვალსარტანი: ვალსარტანით მონოთერაპიის კლინიკურ გამოკვლევებში აღნიშნული სხვა გვერდითი ეფექტები, გამოსაკვლევ პრეპარატთან მათი მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად 1% სიხშირით გვხვდება ართრალგია; 1%-ზე ნაკლები სიხშირით – ლიბიდოს დაქვეითება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების იშვიათი მომატება.
ჰიდროქლორთიაზიდი: თიაზიდური დიურეზული საშუალებებით მონოთერაპიის დროს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება: წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა და მეტაბოლური პროცესების მოშლა. ხშირად – ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის მატულობს ალკოჰოლის, სანარკოზე საშუალებების ან სედატიური საშუალებების მიღებისას; იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, ქოლესტაზი ან სიყვითლე, არითმიები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, დეპრესია, პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, თრომბოციტოპენია, ზოგჯერ პურპურით; ძალიან იშვიათად – ნეკროზული ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანისმიერი რეაქციები, რომლებიც მოგვაგონებენ სისტემურ წითელ მგლურას, ასევე სისტემური წითელი მგლურას კანისმიერი გამოვლინებების გამწვავებას, პანკრეატიტი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
ვალსარტანი:
სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ანტიჰიპერტენზული ეფექტის გაძლიერება. კალიუმის მარილების, კალიუმშემნახველი დიურეზული საშუალებების, სუფრის მარილის კალიუმშემცველი შემცვლელების ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის ერთდროული მიღება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (მაგალითად, ჰეპარინის), მოითხოვს უსაფრთხოების ზომების დაცვას და სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ხშირ განსაზღვრას. 
ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას აგფ ინჰიბიტორებთან ან თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან ერთად, აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ამასთან დაკავშირებით ტოქსიკური მოვლენების გაძლიერება. ვალსარტანის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენების გამოცდილება ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში  რეკომენდებულია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ ყოფილა ვალსარტანით მონოთერაპიის ჩატარების დროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი. 
ჰიდროქლორთიაზიდი:
თიაზიდები იწვევენ კურარესმაგვარი მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირებას. შესაძლებელია პრეპარატის თიაზიდური კომპონენტის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგ. სალიცილის მჟავას წარმოებულებთან, ინდომეტაცინთან). თანმხლებმა ჰიპოვოლემიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება.
ჰიპოკალიემის განვითარების რისკი მატულობს სალურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების, აკტჰ, ამფოტერიცინის, კარბენოქსოლონის, პენიცილინი G  და სალიცილის მჟავას წარმოებულების ერთდროული გამოყენების დროს.
თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, რომლებიც თავის მხრივ ზრდიან არითმიის განვითარების რისკს გლიკოზიდური ინტოქსიკაციის დროს. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.
თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი მოვლენები: ალოპურინოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიხშირის გაზრდა, ამანტადინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა; დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური მოქმედების გაძლიერება; თირკმელებით ციტოსტატური პრეპარატების გამოყოფის შემცირება (მაგ. ციკლოფოსფამიდის, მეთოტრექსატის) და მათი მიელოსუპრესორული მოქმედების პოტენცირება.
თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობის მომატება აღინიშნება ქოლინობლოკატორების ერთდროული დანიშვნის დროს (მაგ. ატროპინის, ბიპერიდენის), რაც როგორც ჩანს, უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის შემცირებას და კუჭის შიგთავსის დაცლის შენელებას.
არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზულის და მეთილდოფას ერთდროული დანიშვნის დროს. ქოლესტირამინი ამცირებს თიაზიდური დიურეზულების შეწოვას.
თიაზიდური დიურეზულების და D ვიტამინის ან კალციუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატების პოტენცირება.
ციკლოსპორინის ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის განვითარების რისკის მომატება და პოდაგრის გამწვავების მსგავსი სიმპტომების გაჩენა.
ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან ან ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად მიღებისას იზრდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. 
ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია ირღვევა ანიონ-ჩამანაცვლებელ მატრიცებთან ერთად მიღებისას.

მიღების წესი და დოზირება:   
პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ყოველდღიურად. კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს ერთჯერადად 80/12.5 მგ-ს ან 160/12.5 მგ-ს. აუცილებლობისას შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 160/25 მგ-მდე. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის პირველი 2-4 კვირის განმავლობაში. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატი შეიცავს ჰიდროქლოროთიაზიდს, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი<30 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება არარეკომენდებულია.
თირკმლის ფუნქციის სუსტად ან ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე ავადმყოფებთან (კრეატინინის კლირენსი>30 მლ/წთ) პრეპარატის დოზის შეცვლა საჭირო არ არის. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, ციროზით, სანაღვლე გზების ობსტრუქციით, პრეპარატის გამოყენება არარეკომენდებულია.
პრეპარატის დოზის შეცვლა საჭირო არ არის ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ არაბილიარული გენეზის სუსტად ან ზომიერად გამოხატული ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზის თანმხლები მოვლენების გარეშე.
ბავშვებში: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულ პაციენტებში: პაციენტებში, 65 წლის ასაკის ზევით, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ვალსარტანის დონე გაიზარდოს 50%-ით. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, თუმცა ამ დროისათვის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.
მკურნალობა: თუ პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის დროს თერაპიის ჩვეული მეთოდია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.
არ შეიძლება ვალსარტანის ორგანიზმიდან გამოდევნა ჰემოდიალიზის დახმარებით, პლაზმის ცილებთან მისი მნიშვნელოვანი შეკავშირების გამო. ამავე დროს ორგანიზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოსადევნად ჰემოდიალიზი ეფექტურია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: 
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

სხვა ფორმები:
კარდოპანი-სანოველი 80 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი-სანოველი 160 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი-სანოველი 320 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი-სანოველი 160 მგ/12.5 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი-სანოველი 160 მგ/25 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.


სად შევიძინოთ?