Nuk
აუტისტური სპექტრის აშლილობა მკურნალობა, პერსპექტივა

თარიღი: 09 მარტი, 2021

ასა-ს (აუტისტური სპექტრის აშლილობის) დიაგნოზის დასასმელად ბავშვი რამდენიმე დარგის სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა, მით უფრო დიდია მდგომარეობის გამოკეთების შანსი.

ასა-ს მკურნალობის მეთოდებისა და ამ დიაგნოზის მქონე ბავშვთა აღზრდის სირთულეების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გვესაუბრება.

ნაბიჯ-ნაბიჯ
დადასტურდება ასა თუ გაურკვეველი ფორმის სიმპტომების გამო მხოლოდ ვიეჭვებთ მას, მკურნალობა უნდა დავიწყოთ. ზოგი მშობელი ფიქრობს, დიაგნოზი არ დაუსვამთ და როგორ ვუმკურნალოო. სინამდვილეში ადრეული ინტერვენცია მცირე ასაკში ასა-ს დიაგნოსტიკის ნაწილია.

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მოქმედებს ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან სხვადასხვა სფეროს განვითარების სტიმულირებისკენაა მიმართული. ამ პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება განვითარების შეფერხების მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. რაც უფრო ადრე დაიწყება განვითარების სტიმულირება, მით უკეთესია შედეგი. ბავშვის ტვინი ძალზე მოქნილია და ასეთი თერაპია ხშირად საგრძნობლად ამსუბუქებს პრობლემას.

თბილისში უკვე მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის. ეს პროგრამა ფსიქოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება. ყველაზე გავრცელებულია ბიჰევიორული მიდგომა ანუ გამოყენებითი ქცევითი ანალიზი – ABA. ABA თერაპია გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიტიური ქცევის განმტკიცებას და ჩააქრობს ნეგატიურს, დაეხმარება ბავშვს ვერბალური ანუ სამეტყველო ქცევის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის ჩვევების გამომუშავებაში.


როდესაც ვიცით, რა მოსწონს ბავშვს, შეგვიძლია, მისი მოთხოვნილებების გათვალისწინებით დავაჯილდოოთ, ანუ გავახაროთ იმით, რაც სიამოვნებს და ამგვარად “ვაიძულოთ” იმის გაკეთება, რაც ჩვენ გვინდა. ასე ხდება სასურველი ქცევის განმტკიცება და მიუღებლის ჩაქრობა.

ბავშვი სწავლობს სიტყვით მოთხოვნას, სიტყვის საჭიროებისამებრ გამოყენებას. ასა-ს მქონე ბავშვებს კომუნიკაციის მოთხოვნილება არ აქვთ (ზოგჯერ არც შეუძლიათ), მაგრამ როცა მოტივაციას გრძნობენ, ჟესტითაც და სიტყვითაც გვაგებინებენ, რა სურთ.

ABA თერაპია ყველაზე გავრცელებული, იაფი, სწრაფი, გაზომვადი და ეფექტურია. ასიდან 99 ბავშვი მას კარგად ემორჩილება.

არსებობს თერაპიის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, ფლორთაიმი. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში სწორედ ამ მეთოდს მივმართავთ. ფლორთაიმი ბავშვის ბუნებრივი განვითარების ლოგიკას მისდევს და მისი მიზანია არა კონკრეტული ჩვევების ფორმირება, არამედ კონკრეტული უნარების სტიმულირება და მათი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა ფლორთაიმთერაპია უფრო ნელია, სპეციფიკურ მომზადებას და გამოცდილებას მოითხოვს და ამიტომ უფრო ძვირიც ღირს.

თერაპიის ეს ორი სახეობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. დასაწყისისთვის ძალიან კარგია ABA, მერე კი  – კომუნიკაციის განვითარებაზე ორიენტირებული თერაპია. აუცილებელია მკურნალობაში ლოგოპედისა და ოკუპაციური თერაპევტის ჩართვაც. ამის კვალობაზე, ასა-ს მკურნალობა ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში მას სახელმწიფო აფინანსებს.

ჩვენთან აუტიზმის მკურნალობის პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში მოქმედებს. მისი გაფართოება არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ სპეციალისტების მომზადებასაც მოითხოვს.

თვითდამაზიანებელი ქცევის შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობაც დაგვჭირდეს. როდესაც ბავშვი უბრალოდ აღგზნებულია, ჭირვეულობს ან უჩვეულოდ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე, ქცევითი და ოკუპაციური თერაპია საკმარისია.

სამედიცინო მომსახურება
როგორი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ასეთი ბავშვების ფსიქოლოგიური მკურნალობა უფრო წინ არის წასული, ვიდრე მათი სამედიცინო მენეჯმენტი, არადა, ასა-ს მქონე ბავშვებს ხშირად დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა, დარღვეული აქვთ სენსორული ინტეგრაცია, საჭმლის მონელება (მათი ნაწლავური ფლორა განსხვავდება ჯანმრთელი ბავშვის ფლორისგან), ძილი, გემოვნება, რაც საკვებისადმი შეზღუდული ინტერესით გამოიხატება, ნივთიერებათა (კაზეინისა და გლუტენის) ცვლა. ყოველივე ეს ფსიქოლოგების კომპეტენციის სფეროს სცდება და სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

საბავშვო ბაღი და სკოლა
როგორ შევურჩიოთ საბავშვო ბაღი და სკოლა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს?
ადრეული ინტერვენცია საგრძნობლად ამსუბუქებს აშლილობის სიმპტომებს და ბაღისა და სკოლის პრობლემაც აღარ დგას ისე მწვავედ. მაღალი ინტელექტის მქონე ნაკლებად გამოხატული ასა-ს შემთხვევაში აშლილობაზე ეჭვი მხოლოდ ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ ჩნდება, როდესაც ის არ ასრულებს მასწავლებლის მითითებებს, აგრძელებს თავის რიტუალებს და სხვა.

თუ პედაგოგი კომუნიკაბელური და გამოცდილია, განურჩევლად იმისა, იცის თუ არა რამე აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ, ჩვენს რეკომენდაციებს იოლად უღებს ალღოს. ამ შემთხვევაში ბავშვის ჩვეულებრივ ბაღში მიყვანა ჯობს. როცა მდგომარეობა რთულია, ბავშვი უჩვეულოდ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე და ხშირად აქვს ტანტრუმი (ძლიერი ჭირვეულობა), უარს ამბობს კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციაზე, სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლისა თუ სათანადოდ მომზადებული ფსიქოლოგის დაუხმარებლად შეუძლებელია ჯგუფში მისი ადეკვატური ჩართვა. ასეთი ბავშვისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას სპეციალური მომზადება სჭირდება. უამისოდ მასწავლებელიც, მშობელიც და ბავშვიც დიდ პრობლემებს შეეჯახებიან. ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ასა-ს მქონე ბავშვთან მუშაობისას აუცილებელია გარეგანი სტიმულების კონტროლის ცოდნა, ასევე – სხვა ბავშვების მშობლებისა და სხვა მასწავლებლების ცოდნის ამაღლება აუტიზმის შესახებ. ბავშვის ინკლუზიისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და მშობლების განწყობაც. თუ ასა-ს ნიშნები მკაფიოდაა გამოხატული, შესაძლოა, უკეთესი იყოს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი, ისიც მაშინ, თუ პერსონალი სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციისაა. იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზეც – თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი, მათ და სხვა მოსწაფეების მშობლებს არ აქვთ ადეკვატური განწყობა, ბავშვს ახასიათებს თვითდამაზიანებელი ქცევა ან მძიმე ტანტრუმი, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, სპეციალიზებულ სკოლაში ვატაროთ.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის, თუნდაც მაღალფუნქციურის, ინკლუზია საკმაოდ რთულია. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სტიმულების კონტროლი, რადგან შესაძლოა, ბავშვს გარშემო მყოფებისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით დაეწყოს ტანტრუმი, მაგალითად, ფანჯარასთან ჯდომისას – შუქ-ჩრდილებზე, უკან ჯდომისას – წინ მსხდომი მოსწავლეების რაოდენობაზე. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ბავშვის სტერეოტიპული მოქმედებების, ვიწრო ინტერესების, ცვლილებებისადმი რეზისტენტობის შესახებ და შეეძლოს მათი მართვა. სხვაგვარად სავალალო შედეგს მივიღებთ.

ტემპლ გრანდინი, ამერიკელი პროფესორი, ცხოველების სპეციალისტი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, თავის წიგნში “აუტისტური ტვინი” იხსენებს შემთხვევას, როცა დედამ მას ძალით დაახურა ქუდი და გოგონას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მთელი ტონა სიმძიმე დააწვა თავზე, თმა ეწვოდა და მიწაში იჭყლიტებოდა. ბავშვი ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა და დედა, რომელიც საჭესთან იჯდა, მის გაჩერებაში ძლივს გადაურჩა ავტოკატასტროფას. ასა-ს მქონე ბავშვები გარემოს ძალზე სპეციფიკურად აღიქვამენ, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მათთან, კარგად უნდა იცნობდნენ ასეთი ბავშვების რეაგირებისა და ქცევის ლოგიკას.

დაბალფუნქციური ასა-ს მქონე ბავშვი გაკვეთილში ჩართული არ არის, ამიტომ მისთვის ინტეგრირებულ კლასში ყოფნა ჯობს. ასეთი კლასი თბილისში ორია, მაგრამ ისინიც ჯერ კიდევ მოითხოვს დახვეწას. მასწავლებლებს პრაქტიკა და გამოცდილება აკლიათ და მოსწავლეც ბევრია. არ შეიძლება, ასა-ს მქონე შვიდ ბავშვს ორად ორი მასწავლებელი ასწავლიდეს. ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაფუძნებული სტანდარტის თანახმად, საჭიროა ორ ბავშვზე ერთი მასწავლებელი და ექვსზე – სპეციალური განათლების მქონე ერთი პედაგოგი. ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანთლებლო კლასის თანატოლებთან ერთად ჩასატარებელი აქტივობები მკაფიოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. აუცილებელია სხვა ბავშვების მშობლებისა და სხვა მასწავლებლების ცოდნის ამაღლებაც. ამ მრავალმხრივი სამუშაოს გარეშე ასა-ს მქონე ბავშვების ინტეგრირება რთულდება და წარმოიშობა ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი პრაქტიკის მიმართ. საბოლოოდ ისევ ადამიანური რესურსების ნაკლებობამდე მივდივართ. ფინანსები რომც მოიძებნოს, საქმეს ვერ გავაკეთებთ, რადგან კვალიფიციური სპეციალისტები არ გვყავს.

პერსპექტივა
ახერხებენ თუ არა ასეთი ბავშვები მომავალში დამოუკიდებელ ცხოვრებას?
მაღალფუნქციური ასა-ს მქონენი ჩვეულებრივ ცხოვრობენ, დანარჩენებს კი სხვადასხვა ტიპის დახმარება სჭირდებათ, ზოგს – პერიოდული, ზოგს – მუდმივი. სხვათა შორის, რაც დაავადების ცნობადობა გაიზარდა, რამდენიმე ზრდასრულმა ადამიანმა მოგვაკითხა – ეჭვი შეეპარათ, ხომ არ ჰქონდათ აუტისტური სპექტრის აშლილობა. მათი ეჭვი დადასტურდა, თუმცა დღეს ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან, თუ არ ჩავთვლით კომუნიკაციის პრობლემას.

რას ეტყვით ასა-ს მქონე ბავშვების მშობლებს?
თავდაპირველად მშობლებს ძალიან უჭირთ შვილის დიაგნოზთან შეგუება, მაგრამ გადის ხანი და ისინი დახმარების ძიებას იწყებენ, აქტიურობენ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან, ბევრ რამეს აკეთებენ თავიანთი შვილებისა თუ ასა-ს მქონე სხვა ბავშვებისთვის. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა არ არის განაჩენი. მცირეწლოვან ბავშვებთან, მაშინაც კი, როცა ასა-ს ყველა ნიშანი მკაფიოდაა გამოხატული, განსაზღვრული ხნის შემდეგ სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ თერაპიის დროული დაწყება აუცილებელია. რაც უფრო ადრე დაიწყება ის, მით მეტია ბავშვის მოქნილი ნერვული სისტემის ადეკვატური განვითარების შანსი. ამავე დროს, მინდა, ყველა მშობელს ვთხოვო, ნუ ჩაატარებენ ექსპერიმენტებს შვილებზე და ორ წლამდე ნუ გააკარებენ მათ ტელევიზორს, აიპედსა თუ სხვა გაჯეტებს. არც მულტფილმები, არც ინგლისურენოვანი განმავითარებელი პროგრამები არ რგებს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას. ორ წლამდე ასაკი მეტყველების განვითრებისთვის კრიტიკული პერიოდია. სწორედ ამ დროს უნდა ესმოდეს ბავშვს ცოცხალი მეტყველება მშობლიურ ენაზე. მშობლებთან კომუნიკაცია და თამაში, თუნდაც მცირე ხნით, ფასდაუდებელია ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის.