Nuk
ახალი კორონავირუსის COVID – 19 შესახებ

თარიღი: 18 მარტი, 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე პანდემიად გამოცხადებულ ახალი კორონავირუსის Covid-19-ის შესახებ ვესაუბრებით ექიმ-ეპიდემიოლოგს,"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ეპიდემიოლოგს, "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკრი იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკური ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს, ბ-ონ ოთარ ჩოკოშვილს.

 

ბ-ნო ოთარ, რა არის ახალი კორონავირუსი (COVID-19) ? 

ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის რნმ შემცველი ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება კორონავირუსების ოჯახს და არის ამ ვირუსის ახალი შტამი. მისი ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

 

რა დაავადებას იწვევს ახალი კორონავირუსი (COVID-19) და როგორია მისი გამოსავალი? 

იგი იწვევს სასუნთქი გზების (რესპირაციულ) ინფექციას და ახასიათებს შესაბამისი სიმპტომები, თუმცა დაავადების მძიმე ფორმებისთვის ძირითადად დამახასიათებელია: ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ანთების (პნევმონიის) განვითარებით და პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების 85% შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, ხოლო 15 % - კი მძიმედ. დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებში სიკვდილობა აღწევს 3-4%-ს. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანები ან/და დიაბეტით, გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებებით დაავადებულები არიან. შედარებით დაბალია სიკვდილობა ახალგაზრდებში, ხოლო ბავშვებში დაავადება თითქმის უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად მიდის.

სამწუხაროდ დღეისათვის არ არსებობს ეფექტური მედიკამენტი ამ დაავადების მიმართ, თუმცა შესწავლის სტადიაშია რამდენიმე მედიკამენტი და ვაქცინა, რომლებმაც გარკვეული ეფექტი აჩვენა. დაავადების მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და გამოჯანმრთელებას 2 - 10 კვირამდე ესაჭიროება.

 

როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელება და რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ ქვეყნები მის შესაჩერებლად ?

ახალი კორონავირუსის გავრცელება არის პანდემიის სტადიაში, ანუ იგი გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და უკვე მოიცვა 155 ქვეყანა.

დღეისათვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 189 000 - ზე მეტი ადამიანი დაავადდა, მათგან 7 505 გარდაიცვალა და 80 000 გამოჯანმრთელდა. ინფექცია ყველაზე მეტად გავრცელდა ჩინეთში, კორეაში, ირანში, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ამჟამად გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩინეთში აღინიშნება ახალი შემთხვევების კლება, ხოლო ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში ინფექცია ახლა იკრებს ძალას.

დაავადების შეჩერების მთავარი გზა არის მისი პრევენცია, რაც ინფიცირებულებთან კონტაქტის მაქსიმალურ შეზღუდვას გულისხმობს. ამისთვის ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები, დაითხოვეს სასწავლებლები, გადადიან დისტანციურ მუშაობაზე, აიკრძალა დიდი თავყრილობები, დაავადებულ პირებთან კონტაქტში მყოფები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში 14 დღის მანძილზე, უკვე დაავადებული პირები მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში და მათთან სამედიცინო პერსონალი სპეციალური ფორმებით მუშაობს.

 

რა მდგომარეობაა ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში?

17 მარტის მდგომარეობით სულ საქართველოში გამოვლენილია 34 შემთხვევა. კარანტინშია 1008 და სტაციონარულ მეთვალურეობაზეა 64. საქართველოში ამ ინფექციის დაბალი გავრცელება აღინიშნება, რაც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სისტემის, კერძოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სწორი და დროული ინტერვენციების შედეგია.

 

ვინ იმყოფება ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ? 

ამჟამად ზოგადი მოსახლეობითვის რისკი დაბალია. ადამიანები არ იმყოფებიან მომატებული რისკის ქვეშ, თუ მათ არ უმოგზაურიათ დაავადების გავრცელების არეალში: ჩინეთი, ირანი, იტალია და ევროპის სხვა ქვეყნებში.

რისკის ქვეშ არიან ის ადამინიები ვისაც აქვს კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან.

 

როგორ იჭრება ახალი კორონავირუსი ორგანიზმში?

იგი ორგანიზმში იჭრება პირის, ცხვირის და თვალების ლოწოვანზე ვირუსის უშუალოდ მოხვედრის ან უკვე ინფიცირებული პირის მიერ გამოყოფილი ვირუსის შემცველი აეროზოლების (ხველის, ცემინების, საუბრის დროს) შესუნთქვისას. 

 

როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი COVID – 19 ? 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებით ახალი კორონავირუსით დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან დაახლოებით 2 მეტრამდე (6 ფუტის) მანძილზე კონტაქტით. ინფიცირებულთან შეხება, ხელის ჩამორთმევა, ასევე მის ბიოლოგიურ გამონაყოფებთან (მათ შორის ფეკალიებთან) კონტაქტი წარმოადგენს ინფიცირების რისკს.

ახალი კორონავირუსი ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება. წვეთოვანი გზა ნიშნავს, რომ ვირუსი შედის იმ წვეთების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყოფა ინფიცირებული ადამიანისგან ხველის, ცემინების ან საუბრის დროს. ასეთი წვეთები ვრცელდება 1 ან მაქსიმუმ 2 მეტრის მანძილზე და ილექება სხვადასხვა ზედაპირებზე, სადაც შეიძლება გაძლოს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე (იშვითად 9 დღემდეც კი). ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყოფილი წვეთები შეიძლება შეისუნთქოს 1-2 მეტრის მანძილზე მყოფმა არაინფიცირებულმა ადამიანმა, ასევე წვეთები შეიძლება მოხვდეს მის თვალზე, პირზე და ცხვირზე.

კორონავირუსით დაბინძურებულ ზედაპირზე ხელით შეხების და შემდეგ იგივე ხელით  ცხვირის, პირის და თვალის მიდამოზე შეხებისას შეიძლება გადავიტანოთ ვირუსი და დავინფიცირდეთ.

 

როგორია ახალი კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი და როდის არის იგი გადამდები?

ახალი კორონავირუსის ინკუბაციური (პერიოდი რომელიც გრძელდება დაავადებულთან კონტაქტიდან სიმპტომების გამოვლენამდე) პერიოდი მერყეობს 2 დან 14 დღემდე. ინფიცირებული ადამიანი გადამდებია მაშინ, როდესაც იწყება დაავადების სიმპტომები. თუმცა ზოგ შემთხვევაში უსიმპტომო ინფიცირებული ადამიანიც შეიძლება იყოს გადამდები.

 

როგორ ისმება დიაგნოზის?

ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება რამდენიმე მეთოდი, რომელთა შორის წამყვანია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი.

 

როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?

ხალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა მიყვეთ გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევეცნიის ზოგად რეკომენდაციებს:

- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი ხელების სადეზინფექციოდ.

- ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით.

- მოერიდეთ მჭიდრო (2 მეტრამდე) კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან.

- ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი და არა ხელისგული.

- ინფიცირებულმა ადამიანმა გადაადგილებისას უნდა ატაროს ნიღაბი და დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო საშუალებებით.

- გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი და ნიღაბი უნდა მოიხსნათ ფრთხილად ინფიცირებულ ნაწილზე ხელის შეუხებლად და ჩააგდოთ ურნაში და ხელები უნდა დაიბანოთ წყლით და საპნით ან დაიმუშაოთ სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით.

- ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში მოგზაურობის ან/და ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა 14 დღიანი თვითიზოლაცია ან კარანტინი.

გახსოვდეთ! ნიღაბი არ არის სრულყოფილი დაცვა და იგი უფრო ეფექტურია ხელების ჰიგიენასთან კომბინაციაში.