Nuk
რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები ეზოში

თარიღი: 02 მაისი, 2019

თანამედროვე სამყარო ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება. თუ ბავშვები ადრე უამრავ დროს ატარებდნენ ეზოში, ეხლა ეს პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გაიზარდა ტექნოლოგიების როლი, როგორც უფროების, ისე მოზარდების ცხოვრებაში. ფაქტია, რომ ესეთი ცვლილება ხელოვნურად არ მომხდარა. გარემო პირობების, მოთხოვნების, ღირებულებების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა თითოეული ჩვენგანის დღის რეჟიმი. ამასთან, კითხვაზე თუ რას უკავშირდება თქვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება, სავარაუდოდ პასუხი დაკავშირებული იქნება ეზოში, ბუნებაში რაიმე ტიპის აქტივობასთან. დამატებით, კითხვაზე თქვენი შვილები ისევ ისე თამაშობენ, როგორც თქვენ ერთობოდით ბავშვობისას? სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითი იქნება. თანამედროვე სამყაროში ბავშვებს გადატვირთული რეჟიმი აქვთ, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ტექნიკასთან, ძალიან მცირეს კი ეზოში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობის საშუალება. არამედ, მას უდიდესი როლი აქვს მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდი სწავლობს თამაშის, კეთების, ექსპერიმენტების, სამყაროს კვლევისა და აღმოჩენების საშუალებით. იმისთვის, რომ სწავლის პროცესი წარმატებული იყოს, აუცილებელია ორი ფაქტორის გათვალისწინება:

  

1. პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო - ბავშვს უნდა მოსწონდეს ის რასაც, როგორც და ვისთან ერთადაც აკეთებს და სწავლობს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამყაროსწარმატებულად და მოტივირებულად შესწავლა. 

2. პროცესი უნდა იყოს რეალური/კონტექსტუალური - მით უფრო წარმატებულია დასწავლის პროცესი, რაც უფრო რეალური ფაქტებით, თვალსაჩინო მაგალითებით მიმდინარეობს იგი და ამასთან სრულიად ბუნებრივ გარემოში. 

ერთადერთი გარემო სადაც ორივე ფაქტორის მიღწევაა შესაძლებელი ეს არის ბუნება, ეზო. სწორედ ამიტომ, მშობლის, საბავშვო ბაღის, სკოლის სასწავლო გეგმა უნდა გულისხმობდეს ბავშვისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და სწავლებას ღია სივრცეში, ბუნებასთან ახლოს, სადაც ყველა ის კანონზომიერება მოქმედებს და რომელთა თვალსაჩინო დანახვაც შესაძლებელია, რასაც მერხებთან, ჩაკეტილ სივრცეში ასწავლიან. 

 

რა სარგებელი აქვს ეზოში თამაშს

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ნაკლებად მოუწოდებენ მშობლები ბავშვებს ეზოში გასვლისკენ. ამის ნაცვლად, სთხოვენ დარჩნენ სახლში და უფრო მეტი იმეცადინონ. მოზარდებს თითქმის შეუსვენებლად უწევთ აკადემიური საქმიანობით დაკავება, რათა უფრო მაღალი ქულები მიიღონ და გაუმკლავდნენ სასკოლო, საზოგადოებრივ მოთხოვნებს. სახლში თავისუფალი დროის არსებობის პირობებშიც ბავშვების თამაში ხშირად სტრუქტურირებულია - რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი თამაშობენ წინასწარგანსაზღვრული წესების მიხედით. ბავშვებს კი სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ განვითარდენენ და ახლად ათვისებული უნარები გამოსცადონ რეალურ სამყაროში: რა იციან, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. 

რეკომენდირებულია ბავშვმა ეზოში გაატაროს რაც შეიძლება მეტი დრო. თუ ბევრი მიზეზის უშლის ამას ხელს, მშობლის ამოცანაა დაეხმაროს ბავშვს დღის გეგმის ისე განაწილებაში, რომ მოზარდს დარჩეს მინიმუმ ერთი საათი ბუნებასთან, თანატოლებთან რეალური ურთიერთობისთვის. ეზოში სტაბილურად, ყოველდღიურად დროის გატარება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით:

  

1. სენსორული სფეროს განვითარება - გარემოში ბუნებრივად არსებული, მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება: ბალახში, ქვიშაში, წყალში თამაში, სხვადასხვა ხმების მოსმენა, გემოების შეგრძნება დადებითად ზემოქმედებს ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე, მეტად ღიას ხდის ახალი შეგრძნებების, გამოცდილების მიღებისადმი. შედეგად, აღარ აშინებს უცხო სიტუაციები, გაბედულად ხვდება სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მონდომებით იკვლევს და შეიმეცნებს სამყაროს. 

2. მოტორულისფეროს განვითარება - მოძრაობა, ფიზიკური აქტივობა მოზარდებს საშუალებას აძლევს განივითარონ მოტორული უნარები, შეძლონ კოორდინირებული მოქმედება, მოახერხონ წონასწორობის დაცვა, საკუთარი სხეულის გაკონტროლება და 

 

მართვა. შედეგად, მეტად მოქნილნი, ფიზიკურად ჯანსაღნი არიან, მეტი ინტერესით კავდებიან სპორტული აქტივობით, იცავენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, უკეთესად გამოსდით წერა, ცეკვა და სხვა აქტივობები, რომელიც სხეულის ფლობას მოითხოვს. 

3. ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა - ეზოში ყოველდღური თამაში მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი, იმუნური სისტემის განვითარებისთვის, შინაგანი ორგანოების სიჯანსაღისთვის, D ვიტამინის მიღებისთვის. ადამიანი იბადება გენეტიკურად წინასწარ განპირობებული შესაძლებლობებით. თუმცა, გარემოს ზემოქმედების შედეგად იცვლება და ვითარდება აღნიშნული შესაძლებლობები. შესაბამისად, მრავალფეროვენი გარემო-პირობების არსებობა ფიზიოლოგიურ დონეზე ცვლის და აუმჯობესეს თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს.

4. ფუნქციონალური უნარ-ჩვევების განვითარება - ეზოში ბავშვები სწავლობენ საკუთარი სხეულის მართვას, ფრთხილად მოქმედებას, საკუთარი თავის დაცვას, თვითდახმარებასა და სხვათადახმარებას, ბუნებაზე ზრუნვას, მის გაფრთხულებას. 

 

5. შემეცნებითი უნარების განვითარება- ეზოში თამაშით ბავშვები სწავლობენ უამრავ რაიმეს, რისი მიღწევაც სახლის პირობებში ისე სწრაფად და სრულყოფილად ვერ მოხერხდება: რა შეგრძნებაა ყინულთან და ქვიშასთან შეხება? როგორ არის შესაძლებელი ტოტის ქვიშაზე დაყენება და გაჩერება? როგორ არის შესაძლებელი ველოსიპედის სიჩქარის მომატება? როგორი სუნი აქვს ტალახს და რა შეგრძნებაა მასთან შეხება? როგორ მოძრაობს ჩრდილი მზის მოძრაობის პარალელურად? და ა.შ. ეზოში ყოფნისას ბავშვები ეჩეხებიანმეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის ძირითად კანონზომიერებს, ქმნიან თამაშის გეგმას, სიუჟეტს, ანაწილებენ როლებს, სწავლობენ მოქმედებების, საგნების, სივრცითი მახასიათებლების აღმნიშვნელ სიტყვებს, იმრავალფეროვნებენ ლექსიკურ მარაგს, ცდილობენ საკუთარი გამოცდილების გადმოცემას. შედეგად ვითარდება მეტყველება, აზროვნება, აღქმა, მეხსიერება, ყურადღება. 

6. სოციალური უნარების განვითარება - ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად თამაში ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მოზარდებისთვის, რათა მათ დაისწავლონ ძირითადი სოციალურად მისაღები წესები, შეძლონ მეგობრების შეძენა, საკუთარი აზრის დაფიქსირება, პოზიციის დაცვა, დათმობაზე წასვლა, რიგის დაცვა, სხვისი გათვალისწინება, სხვებთან თანამშრომლობა და ა.შ. წარმოსახვითი თამაშის განმავლობაში მორგებული როლების დახმარებით კი ისინი აცნობიერებენ, რომ არსებობენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები და სწავლობენ მათი პოზიციიდან ხედვას. 

7. პიროვნული უნარების განვითარება - იყალიბებენ საკუთარი თავის მიმართ წარმოდგენას, თვითშეფასებას. დამოუკიდებლობა საშუალებას აძლევთ გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, არ შეეშინდეთ სირთულეების, ეცადონ პრობლემის გადაჭრასა და მიზნის მიღწევას. თავისუფალი თამაშის პროცესში თავად გეგმავენ, მიჰყვებიან და აკონტროლებენ პროცესს. ეს კი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი საფუძველია. პატივს სცემენ და აღიარებენ სხვებს, ხდებიან მეტად ტოლერანტულნი. 

8. ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება - უკეთესად იცნობენ და სჯერათ საკუთარი თავის. ახერხებენ ენერგიის პოზიტიურ გამოთავისუფლებას და შემდგომ კვლავ შევსებას. 

თავს გრძნობენ აქტუალიზირებულად, მოტივირებულად, ბედნიერად.

9. ქცევის მოწესრიგება - ეზოში თამაში მნიშვნელოვნად ამცირებს აგრესიას. როლური თამაშების დროს ბავშვები შედიან სხვის „ტყავში“. შედეგად, მეტად ითვალისწინებენ უფროსებს, ცდილობენ არ მიაყენონ ტკივილი სხვას. უკეთესად ახერხებენ იმპულსის მართვას და საკუთარი ქცევის გაკონტროლებას. 

რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილის განვითარების სხვა გზებიც არსებობს. სახლში, საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც შესაძლებელია ვიზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ფიზიკურ, შემეცნებით, სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე და ა.შ. მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლებელი ან საკმაოდ რთულია ხელოვნურ სიტუაციაში. ეს არის კონტექსტში, ბუნებრივ გარემოში სწავლება. სპეციალისტები კი ერთხმად თანხმდებიან: სწავლა 

ბუნებრივ გარემოში, კონტექსში სხვა ტიპის სიამოვნებასთანაა დაკავშირებული და განსხვავებულად ავითარებს თავის ტვინს. შედეგად ბავშვები უფრო ადვილად, სწრაფად ახერხებენ აღნიშნული ცოდნის ათვისებას, გაშინაგნებას და პრაქტიკულ გამოყენებას. დამატებით,  ვინაიდან ეს ცოდნა პერსონალიზებულია და პიროვნულად მნიშვნელოვანი მათი ათვისება უფრო ადვილია, დავიწყება კი ძნელი. ამასთან, 9 წლამდე ასაკის ბავშვები უკეთესად სწავლობენ, როდესაც მთლიანად ჩართულნი არიან ამ პროცესში; სწავლის პროცესში აქტიური უნდა იყოს გონებაც, სხეული და ემოციაც; მათთვის მნიშვნელოვანია სად, როგორ, რას და ვისთან ერთად სწავლობენ. 

  

რა სარგებლის მოტანა შეუძლია ეზოში თამაშს სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის

3-9 თვის ბავშვები- ამ ასაკის ბავშვების განვითარება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ისინი იმრავალფეროვნებენ და ივითარებენ უნარებს, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ, ენობრივ, სოციალურ და სენსორული სფეროს განვითარებასთან. ამ პერიოდში მათ სჭირდებათ მრავალფეროვანი გამოცდილება, რათა შეძლონ ასაკობრივ მოთხოვნებთან გამკლავება. ეზოში ყოფნა, ბუნებასთან შეხება კი მათ საშუალებას აძლევს:

- მოისმინონ გარესამყაროს ბუნებრივი ხმები: ფოთლების შრიალი, სხვა ბავშვების ჟრიამული, ჩიტების ჭიკჭიკი;

- გამოსცადონ სხვადასხვა ტიპის ამინდის თავისებურებები: სიცხე, სიცივე, ქარი, წვიმა;

- გამოსცადონ სხვადასხვა მხედველობითი სტიმულის თავისებურებები: ფერები, სინათლის სიმკვეთრე, სიკაშკაშე და შეაჩვიონ მზერა სხვადასხვა ტიპის ნათებას; 

- შეიგრძნონ სხვადასხვა სუნები: ბალახის, მიწის.

- შეეხონ სხვადასხვა ფაქტურის ობიექტებს, როგორიცაა ბალახი, ქვიშა, ფოთლები;

- მოახერხონ სხვადასხვა ფაქტურის ნივთების მოპოვება, როგორიცაა ბალახის მოგლეჯვა, ქვიშის მუჭში მოგროვება. ეს ავითარებს მათ სენსორულ სფეროს და ნატიფი მოტორულ უნარებს;

- მშობლის ამოცნაა გაშალოს ხალიჩა ბალახზე, მოათავსოს ბავშვი ისე, რომ უყურებდეს სხვა ბავშვებს, მისცეს სხვადასხვა ობიექტებთან შეხების, სხვადასხვა სენსორული შეგრძნებების მიღების საშუალება, ეთამაშოს პატარ-პატარა სათამაშოებით: ბურთებით, ზარებით, მოასმენინოს სხვადასხვა ხმები;

10-14 თვის ბავშვები - ამ ასაკის ბავშვები უკვე ძალიან აქტიურები არიან, ახერხებენ ხოხვას, დგომას, დახმარებით და შემდგომ დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმას.  მათი მოქმედებები ბევრად მიზანმიმართული ხდება. ისინი ცდილობენ სასურველ ნივთებთან, ადამიანებთან გამიზნულად მიახლოებას. ამ პერიოდში ეზოში თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს:

- განვითაროს მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები;

- გახდეს უფრო მოქნილობა და შეძლოს ბალანსის დაცვა;

- გახდეს უფრო მეტად ცნობისმოყვარე;

- მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება სამყაროს შესახებ;

- დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა;

- ჰქონდეს ბავშვებზე და მათ თამაშზე დაკვირვების საშუალება;

- შეძლოს საკუთარი ყურადღების ფოკუსის მართვა; გადაერთოს ახალ, საინტერესო მოვლენაზე;

- ბუნებაში, ღია სივრცეში ყოფნით უმჯობესდება მისი ფიზიკური ჯანმრთელობა;

- მშობელს შეუძლია ეთამაშოს საპნის ბუშტებით, ქვიშით, წყლით, ფერადი ბურთებით;შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა ხმები კენჭების სროლით, ტოტების ერთმანეთზე დაჯახუნებით, ფოთლების დაშრიალებით. შეუძლია ამოეფაროს ხეს და ეთამაშოს „ჭი-ტა“, მისცეს მრავალფეროვანი შეგრძნებების მიღების საშუალება.

 

15-24 თვის ბავშვები - ამ ასაკში ბავშვები არიან საოცრად ცნობისმოყვარენი, ინტერესდებიან ყველაფრით და ცდილობენ მათ გამოყენებას, სამყაროს გამოკვლევას. ამ ასაკში თამაშს და მის მრავალფეროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წარმოსახვის, აზროვნების, სოციალური უნარების და შემოქმედობითობის განვითარებითვის. ეზოში თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს:

- დააკვირდეს თანატოლებს, სცადოს მათთან ურთიერთობა, მათი მოქმედებების გამეორება, მათთან თამაშის პროცესში ჩართვა;

- ისწავლოს როგორ „მუშაობს“ სამყარო;

- გამოიყენოსთავის შემოქმედობითობა თამაშის პროცესში;

- შესაბამისად, მშობელი უნდა ეთამაშოს ყველაფრით, რაც დაეხმარება ბავშვს წარმოსახვითი აზროვნების განვითარებაში, დაეხმაროს საკუთარი სხეულის ფლობის გაუმჯობესებაში: იცოცონ, აძვრნენ, გაძვრნენ, მიაწვენ ნივთებს; დააკვირდნენ და შეისწავლონ ბუნებაში არსებული მოვლენები: რა ფერია, როგორია ბალახი, როგორი ფორმა აქვს ვაშლს. სცადოს ნივთებით მანიპულირება - ამოთხაროს ქვიშა, ჩაყაროს ჯამში.

2 იდან 3 ½ წლის ბავშვები - სწავლობენ უამრავ რაიმეს საკუთარი შეგრძნებების საშუალებით: მხედველობა - გარეთ უამრავი რამეა, რისი დანახვაც შეუძლია (ცხოველები, ჩიტები, მწვანე მცენარეები); რისი მოსმენაც შეიძლება (ფოთლების შრიალი, ჩიტების ხმა); რისი დაყნოსვაც შეიძლება (ყვავილების სუნი, წვიმის შემდგომ მიწის სუნი); რასთან შეხებაც შეიძლება (ხის მერქანი, ბალახი) და რისი გემოს გასინჯვაც შეიძლება (წვიმის წვეთები, თოვლის ფიფქები); სწორედ ეს გამოცდილება ქმნის ბავშვის განვითარების საფუძველს. ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტექნიკასთან იღებენ გამოცდილებას, მხოლოდ ორი სენსორული არხისთვის: სმენა და მხედველობა. რაც უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე. გარემოსთან ურთიერთობის შედეგად კი ბავშვები სწავლობენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს: როგორ დნება თოვლი მზიან ამინდში, როგორ შეუძლია ქარსნივთების ამოძრავება, როგორ მიაქვს ჭიანჭველას მასზე დიდი ნივთები და ა.შ. ისინი სწავლობენ, რომ არსებობს ერთნაირი და ერთმანეთისგან განსხვავებული საგნები. ისინი იღებენ სივრცის შესახებ ინფორმაციას: მიწის ზემოთ, ქვემოთ, ხის უკან, გვერდით და ა.შ. შედეგად უკეთესად ესმით სივრცითი მნიშვნელობები. ხშირი და სხვადასხვა ტიპის მოძრაობები საშუალებას აძლევს მათ ფლობდნენ საკუთარ სხეულს, შეძლონ საკუთარი მდებარეობის განსაზღვა სივრცეში და მოახერხონ კოორდინირებული მოქმედება. ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოძრავნი არიან, უკვე ატარებენ სამბორბლიან ველოსიპედს, ძვრებიან ნივთებზე, იჭერენ, ისვრიან ბურთს. ეზოში თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს:

- განივითარონ კრეატიულობა, წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება;

- ისწავლონ გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა და თანატოლებთან თანამშრომლობა;

- სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში შეძლონკომუნიკაციური და ენობრივი უნარების გაუმჯობესება;

- გაიგონ მეტი სამყაროს და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ;

- გაიმრავალფეროვნონ ლექსიკური მარაგი: დაისწავლონ ბევრი სიტყვები;

- გამოსცადონ ახლადშეძენილი უნარები და მიიღონ სიამოვნება ამ პროცესით;

- დახარჯონ ენერგია მიზანმიმართულად და აივსონ ახალი, პოზიტიური ძალით;

 

3 ½ დან 5 წლამდე ბავშვები - ამ ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას, ურთიერთობების დამყარებას და მეგობრობას. ამ ასაკში ისინი უკვე ხვდებიან, რომ სხვა ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები შეიძლება ქონდეთ. სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში, ცდისა და შეცდომის გზით სწავლობენ მათთან თანამშრომლობას, რიგის დაცვას, დათმობას, დალოდებას, საკუთარი მოსაზრების დაცვას და მიზნის მიღწევას. ეზოში თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს იყოს ფიზიკურად აქტიური, გამოავლინოს დამოუკიდებლობა, აითვისოს ახალი უნარები, გაუმკლავდეს გამოწვევებს და შეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა.
ეზოში თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს: - გაეცნონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს, ითამაშონ ქვიშით, წყლით, ტოტებით, ფოთლებით, ტალახით.

მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ტალახში თამაშის საშუალება. ეთამაშოს დაჭერობანა, დამალობანა, ერთად გაუშვან ფრანი. სახლში ერთად მოაწყონ პატარა ბაღი. თუ სახლს ეზო არ აქვს, მაშინ ოთახში პატარა კუთხე გამოყონ ქოთნის მცენარეებისთვის. ბავშვმა უნდა მიიღოს მონაწილეობას მათ დარგვაში, მორწყვასა და მოვლაში; ხშირად ატარონ პინკინზე - ერთად ჩაალაგონ კალათაში საგზალი, კოცონზე შეწვან სოსისები, ბაღში შეაგროვონ ხილი და მიიღოს მონაწილეობა ნამცხვრის გამოცხობაში. ბუნებაში, პარკში უბრალოდ სეირნობისას მშობელი უნდა ესუბროს იმ შეგრძნებებზე, რასაც იმ წამს შეიგრძნობენ: რა შეგრძნებას ტოვებს მზის სხივები, ჩიტების ჭიკჭიკი, ბავშვების ჟრიამული და ა.შ. ერთად გააკეთონ სახლები ჩიტებისა თუ ცხოველებისთვის; მიიღოს მონაწილეობა მათ დაყენებაში; შემდომ ფრინველებისა და თუ ცხოველების მოვლაში.

სკოლის ასაკის ბავშვები -დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეზოში თავისუფალი თამაშის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის სწავლის პროცესს და აკადემიურ მიღწევას. რაც მეტ დროს ატარებს ბავშვი ბუნებაში, თავისუფალ გარემოში, უკეთესად ახერხებს მეცადინეობის ან გაკვეთილის მიმდინარეობისას ყურადღების კონცენტრირებას, ინფორმაციის დამახსოვრებას, მათზე მსჯელობას.შესაბამისად, ყველა მშობელმა უნდა აკონტროლოს ბავშვის დღის განრიგი და გამოყოს მეცადინეობის პროცესს შორის პერიოდები, როდესაც ბავშვი აუცილებლად სეირნობს ან თამაშობს გარეთ. ბუნებაში ყოფნა და ეზოში თავისუფალი თამაში:

- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს, რაც საჭიროა მისი განვითარებისთვის და ფუნქციონირებისთვის;

- აუმჯობესებს სწავლის პროცესს, რადგან თავის ტვინის ნეირონები უკეთესად ურთიერთობენ ერთმანეთთან;

- ხელს უწყობს ნეირონებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბებას. 

- ავითარებს თავის ტვინის რეგიონებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, კოორდინაცისა და სივრცეში ორიენტაციაზე.

- ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

- ცოცვა, სირბილი, სტუნვა, ცეკვა, ველოსიპედის ტარება, მეგობრებთან დაჭერობანას, დახუჭობანას თამაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის უნარებს და ემოციურ მდგომარეობას. 

არსებობს მარტივი გზა, რომელიც დაგვარწმუნებსბავშვის ეზოში თამაშის აუცილებლობაში. ამისთვის, შეგვიძლია დავსხდეთ და დავაკვირდეთ მათ გარეთ ყოფნისას. ვნახავთ თუ როგორი ბედნიერები არიან იმით, რასაც აკეთებენ. შესაბამისად, ბავშვის დღის განრიგში აუცილებლად გამოყავით დრო, რომ მას ჰქონდეს ყოველდღიურად ეზოში თავისუფალი თამაშის საშუალება. კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც კი მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკი, ლაშქრობა, ექსკურსია.

 სტატიის ავტორი: ირინე დოღაძე

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი