Nuk
ბავშვი და ძილი

თარიღი: 09 აპრილი, 2017

მართალია, ძველი წარმოდგენები ყოველთვის არ ემთხვევა თანამედროვეს, მაგრამ ზოგიერთ ხალხურ სიბრძნეს დღეს მეცნიერული ახსნაც აქვს. ალბათ გაგიგონიათ, ბავშვი ძილში იზრდებაო. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ზრდის ჰორმონი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. ასე რომ, მოარული წარმოდგენების ხელაღებით უგულებელყოფა არ ეგების. რაც შეეხება თავად ძილს, მის მნიშვნელობაზე (და არამხოლოდ ზრდისთვის) აღარავინ დავობს. საკითხავი ის არის, მართებულად ვუდგებით თუ არა მშობლები ბავშვების ძილს, ვუყალიბებთ თუ არა მათ ძილის სწორ ჩვევას. ამის შესახებ რამდენიმე კითხვით “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგს ლია ლომიას მივმართეთ:

 

– ზრდასრული ადამიანი ცხოვრების თითქმის მესამედს ძილში ატარებს. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რაში გვჭირდება ამდენი ძილი, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მოწმობს, რომ ის ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ძილი არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა, ძილის დროს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დონე რამდენიმეჯერ იცვლება. ძილ-ღვიძილის მთელი ციკლი მოიცავს ღვიძილს – აქტიურ მდგომარეობას, თვლემას – პასიურ მდგომარეობას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. თვლემისა და ნელი ძილის დროს ემოციური დაძაბულობის დონე დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი – მაღალი.

 

– რა ხდება თითოეულ ფაზაში?

– თვლემა ღვიძილსა და ძილს შორის გარდამავალი ფაზაა, რომლის დროსაც თვალების ნელი მოძრაობები შეინიშნება. ზედაპირული ნელი ძილის ფაზაში ადამიანს სძინავს, მაგრამ თუ გავაღვიძებთ, შესაძლოა უარყოს, რომ ეძინა. ღრმა ნელი ძილის ფაზა მართლაც ყველაზე ღრმაა და ადამიანის გაღვიძება მხოლოდ ძლიერ გამაღიზიანებლს შეუძლია. ასეთ დროს გამოღვიძებული ადამიანი დაბნეულია და გონების მოკრება უჭირს.

 

ღრმა ნელი ძილის ფაზას სწრაფი ძილის ფაზა მოსდევს. მძინარე ადამიანს სახეზე ემოციები გამოეხატება, დახუჭულ თვალებს სწრაფად ამოძრავებს. ამ დროს ის სიზმარს ხედავს და თუ გააღვიძებთ, მისი დაწვრილებით მოყოლაც შეუძლია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ფაზაში ტვინი მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ანდაზა, დილა საღამოზე ბრძენიაო – წინა დღეს წარმოშობილ პრობლემას ადამიანი ხშირად მეორე დილით, დასვენებული გონებით, უფრო ადვილად წყვეტს.

სწრაფი და ნელი ძილი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ენაცვლება ერთმანეთს.

 

– ძილის როგორი ხანგრძლივობა მიიჩნევა ნორმალურად ბავშვისთვის?

– სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ძილის ნორმა სხვადასხვაა, თუმცა მკაცრად გაწერილი რიცხვები არ არსებობს. მონაცემები, რომლებსაც სხვადასახვა ჩამონათვალში წააწყდებით, ამა თუ იმ ასაკის ბავშვთა დიდ ჯგუფში დაანგარიშებულ ძილის საშუალო ხანგრძლივობას გულისხმობს. რეალურად ყველას ერთნაირი მაჩვენებელი არ ექნება.

 

ჩვილს 16-20 საათი სძინავს. 6-12 თვის ბავშვს საშუალოდ 14-საათიანი ძილი სჭირდება. ეს დრო ორ-სამ დღის ძილსაც მოიცავს, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა 0.5-2 საათია. 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმეტესობა დღე-ღამეში 12-14 საათს ატარებს ძილში, სკოლამდელი ასაკისა – 11-12 საათს, სასკოლო ასაკისა (6-დან 12 წლამდე) – 10-11 საათს. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის ძილის სასურველი ხანგრძლივობა 9 საათია.

 

– როგორ ნაწილდება დღისა და ღამის ძილი ასაკის მიხედვით,როდემდე იღვიძებს ბავშვი ღამით და როდემდეა საჭირო მისი დღისით დაძინება?

– ბავშვის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ადრეულ ასაკში დღის ძილი აუცილებელია. ჩვილებს ძილ-ღვიძილის დღეღამური ციკლი ჩამოუყალიბებელი აქვთ და თუ თვითონ არ მოითხოვეს, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში კვებისთვის 3-4 საათში ერთხელ უნდა შევაღვიძოთ, ვიდრე ასაკის შესაბამის წონას არ მიაღწევენ, მერე კი შეიძლება, უფრო მეტხანსაც, თუნდაც 4-5 საათს, იძინონ გადაბმულად.

 

სამი თვისთვის, როცა მშობლებს ღამით გამოძინება უკვე აუხდენელ ოცნებად ეჩვენებათ, ბავშვს დღეღამური ციკლი (ცირკადული რიტმი) უყალიბდება და მთელი ღამე გადაბმულად იწყებს ძილს. ამ პერიოდში მას დღე-ღამეში დაახლოებით 14 საათი სძინავს, აქედან 8-9 საათი – ღამის ძილით, რომელსაც ერთხელ ან ორჯერ წყვეტს საკვების მისაღებად. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები ძილის დროს უფრო ხანმოკლე შუალედს აკეთებენ. 6 თვიდან ერთ წლამდე პატარების უმეტესობა ღამით კვებისთვის აღარ იღვიძებს, ერთი წლის ბავშვების უმეტეს ნაწილს კი დღისით ერთხელ დაძინებაც ჰყოფნის.

 

3 წლიდან, თუ ბავშვს ღამით 11 საათი სძინავს და დღის განმავლობაში სათანადოდ აქტიურობს, რეჟიმიდან დღის ძილის ამოგდება შეიძლება, მაგრამ თუ დღისით მოდუნებულია და თვითონვე ითხოვს დაძინებას, დღის ძილი შეიძლება 6 წლამდეც გაგრძელდეს. თუმცა 5 წლის ბავშვები, წესისამებრ, დღისით აღარ იძინებენ.

 

– როგორ დავეხმაროთ ბავშვსს წორი ძილის ჩამოყალიბებაში?

– ამაზე მისი დაბადებიდანვე უნდა ვიზრუნოთ. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვის ქცევაზე სათანადო რეაქცია. მაგალითად ექვს თვემდე მსუბუქი ძილის დროს პატარა შეიძლება ტიროდეს ან სხვა ხმებს გამოსცემდეს, რამდენიმე წუთით გამოიღვიძოს, მაგრამ მალე თავისით ჩაიძინოს. თუ ღამით ექვს თვეს გადაცილებული ბავშვი ტირის, უყურადღებობა უკვე აღარ შეიძლება – მისი ტირილი სიგნალია: პატარას შია, ჩასველებულია, სცივა ან ავად არის.


6 თვემდე

როდესაც ბავშვი ღამით გამოსაცვლელად ან საჭმელად იღვიძებს, ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და სწრაფად უნდა გააკეთოთ. არ არის საჭირო საუბარი, თამაში, სინათლის ანთება ან ბავშვის ჩაძინებამდე თავის შექცევა ტელეფონით, რომლის ეკრანიც ანათებს. თავადაც გახსოვდეთ და ბავშვიც შეაჩვიეთ, რომ ღამე ძილისთვისაა განკუთვნილი. თუ თქვენ არ შეაჩვიეთ ამ აზრს, თავად ბავშვს არ ადარდებს, მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მშობელი რამდენი დროს დახარჯავს.

ეცადეთ, ჩვილი ასაკიდანვე ბავშვი საკუთარ საწოლში მანამდე ჩააწვინოთ, ვიდრე ჩაეძინება. შეაჩვიეთ დაძინების განსაზღვრულ რიტუალს, რათა ძილის რუტინა ჩამოუყალიბდეს. შეგიძლიათ, ამ რიტუალში ჩართოთ ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაში, კითხვა, სიმღერა, მუსიკის მოსმენა. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ბავშვს ძილთან დაკავშირებული ასოციაციები ჩამოუყალიბდება, რომლებიც დააამშვიდებს და დაძინებას გაუადვილებს.

 

ამ დროს ჩვენი მიზანია, ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაძინება, არ დასჭირდეს ხელში აყვანა, რწევა, ხოლო თუ გამოეღვიძა, თვითონვე შეძლოს თავის დამშვიდება და ძილის შებრუნება.

 

6-დან 12 თვემდე

ამ ასაკში ზოგი ბავშვი, განსაკუთრებით – თუ ძუძუზეა, ღამღამობით ჯერ კიდევ იღვიძებს, მაგრამ ბავშვების უმეტესობას ღამის კვება აღარ სჭირდება.

 

თუ ბავშვს ღამით გამოეღვიძა, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ არ შია, აცადეთ რამდენიმე წუთი – შესაძლოა, თავისთავად დაწყნარდეს. თუ არ გაჩერდა, შეეცადეთ, ისე დაამშვიდოთ, რომ ხელში არ აიყვანოთ (დაუყვავეთ, მსუბუქად დაუზილეთ ზურგი), მერე ცოტა ხანს კვლავ გაერიდეთ. გამონაკლისია ავადმყოფობა – ამ დროს ბავშვს ხელში აყვანა და ტარება სჭირდება. თუ პატარას არც შია, არც ავადაა, მაგრამ მაინც აგრძელებს ტირილს, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ მიაკითხეთ.

 

ამ ასაკში ბავშვებს ეწყებათ განშორების შიში, რაც მათი ნორმალური განვითარების ნაწილია, მაგრამ ამის გამო ღამის წესები არ უნდა შეცვალოთ. ეცადეთ, პატარა ღამით ხელში არ აიყვანოთ, არ აუნთოთ სინათლე, არ უმღეროთ, არ ესაუბროთ, არ ეთამაშოთ, არ აჭამოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისით ჩაძინებას ვერ ისწავლის.

 

1-დან 3 წლამდე

ამ ასაკის ბავშვებს ხშირად მშობლებთან დაწოლის სურვილი სიფხიზლეს აიძულებს. თქვენ განუხრელად უნდა მისდიოთ შემუშავებულ სტრატეგიას: ბავშვი ღამით თუ დღისით ერთსა და იმავე დროს დააძინოთ. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ბავშვმა დღისით არ დაიძინა, ღამით უფრო იოლად ჩაიძინებს, მაგრამ დღის განმავლობაში ზედმეტად გადაღლილ ბავშვებს დაძინება, წესისამებრ, უფრო მეტად უჭირთ. კიდევ ერთი: მართალია, პატარების უმეტესობა დღისითაც იძინებს, მაგრამ თქვენ დაძინება არ უნდა აიძულოთ. საკმარისია, წყნარი საათი მოუწყოთ. არჩევანი, დაიძინებს თუ არა, თავად მას მიანდეთ.

 

დაძინების რიტუალი, მაქსიმუმ, 30 წუთს უნდა გაგრძელდეს. კარგი იქნება, ბავშვსაც მისცეთ არჩევანის საშუალება: აარჩევნოთ პიჟამა, რბილი სათამაშო ლოგინში ჩასაწვენად, მუსიკა.

 

რაც არ უნდა იოლი მოსავლელი იყოს ბავშვი, ზოგჯერ მაინც გაუჭირდება – კბილების ამოსვლა არ დააძინებს ან სიზმარი შეაშფოთებს. ღამის კოშმარები განსაკუთრებით იმ ბავშვებს აშინებთ, რომლებიც სიზმარსა და სინადვილეს ჯერ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან, ამიტომ მშობლებმა სიფრთხილით უნდა შეარჩიონ სატელევიზიო პროგრამებიც.

 

თუ ბავშვი სიზმარმა გააღვიძა, მოაყოლეთ, დაუყვავეთ და სანამ არ დაწყნარდება, მასთან დარჩით.

 

3-დან 6 წლამდე

თუ ბავშვს ღამით კარგად სძინავს, დღის ძილი მისთვის აუცილებელი აღარ არის, თუმცა დღის მეორე ნახევარში წყნარი საათის მოწყობა მაინც სასურველია. შეგიძლიათ, შესთავაზოთ ხალიჩაზე ან დივანზე კოტრიალი და მშვიდი გართობა (მაგალითად, გაფერადება). თუ ბავში დღისით აღარ იძინებს, აჯობებს, ღამით ცოტა ადრე დააძინოთ.

 

6-დან 12 წლამდე

სასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია არასრულფასოვანი ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც სხვადასხვა რამ განაპირობებს, მათ შორის – გადატვირთული დღის რეჟიმი, ძილის წინ ელექტრონულ მოწყობილობებთან დიდხანს ჯდომა, გვიან დაძინება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები ამ ასაკში გამოვლინდება ჩაძინების გაძნელებით, სომნამბულიზმით (ძილში სიარულით), ბრუქსიზმით (კბილების კრაჭუნით), ღამის შიშებით, ღამის კოშმარებით, ღამის ენურეზით (შარდის შეუკავებლობით), ხვრინვითა და ხმაურიანი სუნთქვით. არასრულფასოვანმა ძილმა კი შესაძლოა გამოიწვიოს აგზნებადობა, ჭირვეულობა, სიჯიუტე, აგრესიულობა, ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, დამახსოვრებისა და ორგანიზებულობის სირთულეები, დღისით ჩაძინება, როცა ამ ასაკის ბავშვებს დღის ძილი არ სჭირდებათ, ჭარბი წონა. უამრავი კვლევა მოწმობს ჭარბ წონასა და არასრულფასოვან ძილს შორის კავშირს – ბავშვებს, რომლებსაც ცოტა სძინავთ, მადა გაძლიერებული აქვთ და უფრო მეტს ჭამენ. ამასთან, ჭარბი წონა ძილის აპნოეს სერიოზული რისკფაქტორია.

სწორი ძილის ჩამოსაყალიბებლად ამ ასაკშიც აუცილებელია ძილის განრიგის დაცვა, ძილისწინა რუტინა და ხელსაყრელი გარემო საწოლ ოთახში.

 

12 წლიდან

ამ ასაკის ბავშვები, წესისამებრ, დატვირთულები არიან და ძილისთვის განკუთვნილ ცხრა საათს უმეტესად ვერ იძინებენ, ხოლო ყოველდღე თითო საათით გამოუძინებლობა კვირის განმავლობაში ერთი ღამით ნაკლებ ძილს ნიშნავს. ძილის უკმარისობა იწვევს ყურადღების დეფიციტს, ურითიერთგამომრიცხავ ქცევას, მეხსიერების ხანმოკლე დაქვეითებას, რეაქცების შენელებას, ყოველივე ამან კი შესაძლოა აგზნებადობამდე, სწავლის სირთულეებამდე, გამოფხიზლების მიზნით სტიმულატორების, კოფეინის ან სხვა ენერგეტიკული სასმელების გამოყენებამდე მიგვიყვანოს.

ამ ასაკის ბავშვებთან სერიოზული პრობლემაა არარეგულარული ძილი. თუ შუა კვირაში ბავშვები ადრე მაინც დგებიან, შაბათ-კვირას თავს უფლებას აძლევენ, გვიან დაწვნენ და გვიანვე ადგნენ, ასეთი რეჟიმი კი მათ ნორმალურ ძილს არღვევს.

იდეალურ შემთხვევაში ბავშვი ერთსა და იმავე დროს უნდა დაწვეს და ერთსა და იმავე დროს ადგეს, ჯამში კი, როგორც აღვნიშნეთ, ცხრა საათი მაინც ეძინოს.

 

– როდისაა აუცილებელი მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვა და რამდენად უსაფრთხოა ეს?

– საძილე საშუალებების გამოყენებით ძილის მოწესრიგება არ არის სასურველი, ვინაიდან ხშირად მედიკამენტი, პირიქით, აღაგზნებს პატარას და ქცევას ურღვევს. ამასთან, ასეთი წამლების უმრავლესობა იწვევს მოხსნის სინდრომს (შეწყვეტის შემდეგ დაავადების გამწვავებას), ამიტომ უმჯობესია, სწორი ძილის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე რეჟიმის მოწესრიგებით დავიწყოთ.

 

– დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა ჭამოს ბავშვმა? როგორი საკვები ჯობია?

– ბავშვი არასოდეს დააწვინოთ მშიერი, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მაინც ავახშმეთ. ეცადეთ, ვახშამი მსუბუქი იყოს და არა ნოყიერი. რაციონიდან ამოიღეთ კოფეინის შემცველი სასმელები(კოკა-კოლა, ცივი ჩაი) და შოკოლადი.

 

– მისაღებია თუ არა ჩვილის ძილი დედის საწოლში?

– სანამ ბავშვი ძუძუს წოვს, ხშირად დედა მას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოხერხებულია, მაგრამ უმჯობესია, ამის შესახებ პედიატრს გაესაუბროთ. მშობლის საწოლში ბავშვის დაძინება არამც და არამც არ შეიძლება, თუ მშობელი იღებს ანტიდეპრესანტებს, ნასვამია ან ეწევა. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვილს დედის გვერდით უფრო მშვიდად სძინავს და იშვიათად ეღვიძება, ორ წლამდე შეიძლება, მის საწოლში იწვეს.

 

– როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ღამით მშობლების საწოლში გადმოსვლას?

– მშობლებთან ერთად წოლას ბავშვი 2-3 წლიდან უნდა გადააჩვიოთ, თორემ მერე უფრო გაგიჭირდებათ. ამ ასაკში ბავშვი დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და ხშირად ამბობს: “მე თვითონ“. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მშობლის გარეშე დაძინება უკვე შეუძლია. მშობელს მოთმინება მართებს, რადგან გადაჩვევის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

უმჯობესია, ცალკე ძილისთვის ბავშვი ნელ-ნელა მოამზადოთ. მაგალითად, დღისით თავის საწოლში დააძინეთ, ღამით შუაში დიდი რბილი სათამაშო ჩაიწვინეთ – ამით პატარა თქვენ შორის ფიზიკურ ბარიერს მიეჩვევა. ბავშვის საწოლი თქვენი საწოლის გვერდით დადგით და პატარა თანდათან მისკენ გაწიეთ. ასეთი თანმიმდევრული სტრატეგიით ბოლოს საკუთარ საწოლში დაძინებასაც მიეჩვევა.