Nuk
ცხიმოვანი ქსოვილი და მისი გავლენა ორგანიზმზე

თარიღი: 05 მაისი, 2020

ცხიმოვანი ქსოვილი ადამიანთა უმრავლესობისთვის ჭარბ წონასთან ასოცირდება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ზომიერად განვითარებული ეს  ქსოვილი ჩვენი ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კუნთოვანი ან ძვლოვანი ქსოვილი. ორგანიზმზე ცხიმის გავლენაზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი - ნათია რომაშვილი. 

გაგიკვირდებათ და ცხიმოვანი უჯრედები - ადიპოციტები, მრავალფუნქციურთან ერთად მრავალფეროვანიცაა, სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით განირჩევა: თეთრი, ყავისფერი და გარდამავალი-ჩალისფერი(ან კრემისფერი) ცხიმოვანი უჯრედები.

ძირითადი და ყველაზე გავრცელებული, ამასთან მრავალფუნქციურიც, გახლავთ თეთრი ცხიმოვანი უჯრედები. ისინი:
- წარმოადგენენ ენერგიის რეზერვუარს
- მონაწილეობენ ისეთი ჰორმონების სინთეზში, როგორებიცაა: ესტროგენები, ლეპტინი, ინსულინი, კორტიზოლი, ზრდის ჰორმონი და სხვა
- მონაწილეობენ არაერთი ვიტამინის ათვისებაში და ა.შ.

აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ცხიმოვანი ქსოვილის სასარგებლო თვისებები გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი რაოდენობა ზომიერია. ჭარბად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი კი პირიქით, ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და ისეთ მძიმე დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა: დიაბეტი ტიპი -2, კორონარული არტერიების დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰორმონალური დისბალანსი,  ორსულთა გართულებები, კიბო და მრავალი სხვა.

რადიკალურად განსხვავებული თვისებებით ხასიათდება, ცხიმოვანი ქსოვილის მეორე ტიპი - ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილი. მას ამ შეფერილობას მიტოქონდრიებში (უჯრედის შემადგენლობაში)  უხვად არსებული რკინა ანიჭებს. ყავისფერი  ცხიმოვანი ქსოვილი, მეტად განვითარებულია ჩვილობის ასაკში და აქტიურად მონაწილეობს სითბოს შენარჩუნების პროცესში.  მოზრდილებში ის  ძალიან მცირე რაოდენობით, ძირითადად კისერსა და მხრებზე გვხვდება. ყავისფერი ცხიმი არღვევს გლუკოზისა და ცხიმის მოლეკულებს, წარმოქმნის სითბოს, ეხმარება სხეულს ტემპერატურის შენარჩუნებაში (თერმოგენეზი) და ამასთან,   ზემდეტი კალორიების გახარჯვაში.

დღესდღეობით, ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედები,  თავის უნიკალური თვისებების გამო, მკვლევართა დიდ ყურადღებას იპყრობს. ისინი დაინტერესებულნი არიან, იპოვონ ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედების  მოქმედების სტიმულირების გზები,  ვინაიდან პოტენციურად,  ის განიხილება სიმსუქნისა და სხვა მეტაბოლური დაავადებების მკურნალობის ხელშემწყობ ფაქტორად.

კიდევ უფრო საინტერესოა, თეთრ ცხიმოვან უჯრედებს შორის აღმოჩენილი და ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედების მსგავსი თვისებების მქონე - გარდამავალი,  ჩალისფერი  (იგივე - brite  (white + brown)) ცხიმოვანიუჯრედები. ითვლება, რომ ეს უჯრედები სტრესის, ვარჯიშის, სიცივისას, გამოყოფილ ჰორმონთა და ფერმენტთა ზემოქმედებით, თეთრი ცხიმოვანი ქსოვილისგან გარდაიქმნება და ხასიათდება ყავისფერი  ცხიმოვანი ქსოვილის მსგავსად,  ცხიმის ,,დაწვის” - ენერგიის გახარჯვის უნარით.

 

მაინც რამდენი ცხიმი გვჭირდება?
ჩვენს ორგანიზმში დასაშვები ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტული მაჩვენებლები,  განსხვავდება სქესის მიხედვით. სანდო წყაროების ნაწილი აკონკრეტებს და ითვალისწინებს ასევე ასაკს, ნაწილიც სხეულის მასას ან ათლეტურ აგებულებას. ძირითად, მონაცემებს თუ შევაჯამებთ, ცხიმოვანი ქსოვილი მამაკაცებში არ უნდა აღემატებოდეს 24 % ხოლო ქალბატონებში -31-35 %-ს (წყარო: American Council on Exercise (ACE); American Journal of Clinical Nutrition).

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცხიმის რაოდენობა, არამედ მისი მდებარეობა, ანუ სად გვაქვს ის?!
სხეულის გარკვეულ ნაწილებში ცხიმის არსებობა აუცილებელია, ასეთი ე.წ. სასიცოცხლო მნიშვნელობის ლიპიდები (ცხიმოვანი ნივთიერებები),  გვხვდება ძვლის ტვინის შემადგენლობაში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, სარძევე ჯირკვალში და ზოგადად, უჯრედთა  მემბრანაში.

რაც შეეხება,  დეპონირებულ ცხიმოვან ქსოვილებს,  ის წარმოდგენილია: კანქვეშა და ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილის სახით.

მათგან, უდიდესი წილი მოდის, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე, რომელიც მთელს სხეულშია გადანაწილებული. ის ინახავს ენერგიას თავის უჯრედებში, ასევე მონაწილეობს თერმორეგულაციაში და სხვა მრავალ პროცესში. ჭარბად განვითარების შემთხვევაში, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი,  ერთი მხრივ,    ვიზუალიზდება სიმსუქნის ფორმით, ხოლო მეორე მხრივ, მასში თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის  სიმრავლის გამო, ასოცირებულია იმ მძიმე დაავადებების მომატებულ რისკთან, რომელზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. 

და ბოლოს, ჯერ კიდევ არაფერი გვითქვამს, ყველაზე ვერაგი და საშიში ცხიმოვანი ქსოვილის მდებარეობის შესახებ. ყველაზე სახიფათო ე.წ. ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილი , მოთავსებულია-ცენტრალურად, მუცლის ღრუში, ასევე ძირითადი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები, პანკრეასი, ნაწლავები, გული) მახლობლად.

მისი სივერაგე კი გამოიხატება, მეტაბოლური დაავადებების განვითარებისა და ხელშეწყობის კიდევ უფრო მაღალი უნარით, ვიდრე  ეს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს შეუძლია. 

 

ვისცერული სიმსუქნისას იზრდება შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:
- გულის დაავადებები
- არტერიული ჰიპერტენზია
- ინსულტი
- დიაბეტი ტიპი 2
- ზოგიერთი სიმსივნე,  მათ შორის: სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის
- ალცჰეიმერის დაავადება

ზოგადად,  რაც უფრო ჭარბი წონა  აქვს ადამიანს და განსაკუთრებით დიდია მუცლის გარშემოწერილობა (გამოხატული აბდომინური სიმსუქნე),  მით უფრო მეტია, მასში ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილი და შესაბამისად, მეტია რისკი. თუმცა, გაგიკვირდებათ და კვლევებით აღმოჩნდა,  რომ ნორმალური წონის მქონე ქალების 11 % და მამაკაცების 10% -ს, ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილი, მიუხედავად ნორმალური წონისა, ჭარბად განვითარებული ჰქონდათ. ამიტომ, დღეს დიდი ყურადღება ექცევა, როგორც ზოგადად გაცხიმოვნების საერთო პროცენტული მაჩვენებლის გასაზღვრას, ასევე კონკრეტულად,  ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობრივ შეფასებას, როგორც ერთგვარად რისკების წინასწარი შესწვალის მეთოდს.

 

როგორ განვსაზღვროდ რისკი და როდის მივმართოთ ექიმს? 
გამოთვალეთ, სხეულის მასის ინდექსი BMI >25  ნიშნავს, რომ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ,ხოლო  BMI  30  ან მეტი ნიშნავს, რომ სიმსუქნე გაქვთ

გაზომეთ მუცლის გარშემოწერილობა,  თუ ის ქალების შემთხვევაში >88 სმ-ზე  ხოლო მამაკაცების შემთხვევაში >102 სმ-ზე  მეტია   არსებობს დიდი რისკი, რომ ეს სწორედ, ვისცერული ცხიმის ხარჯზეა

მეტი სიზუსტისთვის, გამოიყენეთ ისტრუმენტული კვლევები. მაგალითად, ორმაგენერგეტიკულ რენტგენულ აბსორბციომეტრს  (DXA-დენსიტომეტრი)  შეუძლია განსაზღვროს, მთელი სხეულის კომპოზიცია - ცხიმის, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის პროცენტული მაჩვენებელი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი-ვისცერული ცხიმის ზუსტი რაოდენობა.  გარდა ამისა , თუ დენსიტომეტრით კვლევას გადაწყვეტთ, არ გამოგრჩეთ ძვლების გამოკვლევა, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ასაკობრივ მატებასთან ერთად

 

გახსოვდეთ ორგანიზმის საუკეთესო პროტექტორები: ბალანსირებული კვება, ნაკლები სტრესი და მეტი  ფიზიკური აქტივობა!


წყარო: 
ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

https://www.aversi.ge/