Nuk
გულის დაავადებები და ინსულტი დიაბეტის დროს

თარიღი: 29 დეკემბერი, 2021

დიაბეტიან ადამიანებს სხვებზე ადვილად ემართებათ გულის დაავადებები. მათ საგრძნობლად აქვთ მომატებული ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ცნობილია, რომ ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს სისხლის მაღალი წნევა და სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, დიაბეტის დროს კი ხშირად ეს ორი მაჩვენებელიც მომატებულია.

მოდი, ერთად გავარკვიოთ, როგორ ავიცილოთ თავიდან ან შევამციროთ მაინც ეს გართულებები დიაბეტის დროს.

 

რისკი იმატებს
ჭარბი გლუკოზა სისხლძარღვებსა და ნერვებს აზიანებს. ამის შედეგად ირღვევა გულისა და სისხლძარღვების კვება და ინერვაცია. რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით უფრო მაღალია გულის დაავადების რისკი. დიაბეტიანებთან გულის პრობლემები გაცილებით ადრეულ ასაკში იჩენს თავს, ვიდრე დიაბეტის არმქონეებთან.

დიაბეტიანების სიკვდილის მიზეზი უმეტესად სწორედ ინფარქტი ან ინსულტია, – ამ მიზეზით ისინი დიაბეტის არმქონეებზე ორჯერ ხშირად იღუპებიან, – ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიაბეტის სწორი მართვა მკვეთრად ამცირებს მომაკვდინებელი გართულებების რისკს.

 

საშიში ფაქტორები
გულის დაავადებისა და ინსულტის რისკი დიაბეტიანებთან სხვა ფაქტორების გავლენითაც იმატებს. ესენია:

 

მოწევა
მოწევა ისედაც სწევს მაღლა გულის დაავადების რისკს, დიაბეტის ფონზე კი სისხლძარღვებს უფრო მეტად ავიწროებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს ფილტვის დაავადებების განვითარებას, აზიანებს ფეხების მკვებავ სისხლძარღვებს და ზრდის ტერფის ინფექციის, დაწყლულებისა და ამპუტაციის ალბათობას.

 

მაღალი წნევა
მაღალი არტერიული წნევის დროს სიხლძარღვები გულიდან გადასროლილ სისხლს მეტ წინააღმდეგობას უწევს. მის დასაძლევად გული გაძლიერებულად იწყებს მუშაობას. ეს იწვევს გულის დეფორმაციას, სისხლძარღვების დაზიანებას, ზრდის ინფარქტის, ინსულტის, თვალებისა და თირკმელების დაზიანების ალბათობას.

 

ქოლესტეროლის ბალანსის დარღვევა
ქოლესტეროლი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელსაც ღვიძლი წარმოქმნის. სისხლში ორი ტიპის ქოლესტეროლია: მაღალი სიმკვრივის (HDL) ანუ კარგი და დაბალი სიმკვრივის (LDL) ანუ ცუდი. სისხლში ცუდი ქოლესტეროლის მომატება არასახარბიელო ცვლილებებს განაპირობებს – ნივთიერება სისხლძარღვში გროვდება, მის კედელს ავიწროებს და სისხლის გავლას აფერხებს. შესაბამისად, მცირდება ცალკეული ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება. მაგალითად, ინფარქტის მიზეზი სწორედ გულის მკვებავი სისხლძარღვების დახშობაა.

გულის დაავადების რისკს მაღლა სწევს სისხლში სხვა ტიპის ცხიმოვანი ნივთიერების – ტრიგლიცერიდების მომატებაც.

 

ჭარბი წონა
ჭარბი წონა და სიმსუქნე ართულებს დიაბეტის მართვას და ზრდის ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას. მაგალითად, ჭარბწონიან და მსუქან ადამიანებთან უფრო ხშირად გვხვდება გულის კორონარული დაავადება. მომატებულია სისხლის არტერიული წნევა.

ჯანსაღი, ნაკლებკალორიული საკვები სისხლში გლუკოზის დონესაც ამცირებს და წამლების მიღების საჭიროებასაც.

საინტერესოა, რომ თუნდაც წონა (სხეულის მასის ინდექსი) ნორმის ფარგლებში იყოს, მუცელზე და წელის გარშემო ცხიმის ჭარბი ჩალაგება მაინც სწევს მაღლა გულის კორონარული დაავადების რისკს. ამ არეებში ცხიმის სიჭარბეზე საუბრობენ, თუ წელის გარშემოწერილობა მამაკაცისთვის აღემატება 100 სმ-ს, ქალისთვის კი – 90 სმ-ს.

წელის გარშემოწერილობა იზომება ამოსუნთქვის შემდეგ, თეძოების ზემოთ.

 

ოჯახური ისტორია
გულის დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის ოჯახური ისტორიაც, მაგალითად, თუ თქვენი ოჯახის თუნდაც ერთმა წევრმა 50 წლამდე გადაიტანა ინფარქტი, თქვენც უფრო მაღლი გექნებათ გულის კორონარული დაავადების განვითარების ალბათობა. რა თქმა უნდა, ოჯახურ ისტორიას ვერ შეცვლით, მაგრამ თუ დიაბეტი გაქვთ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფარქტისა და ინსულტის პრევენციას.

 

ვამცირებთ რისკს
გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დიაბეტის კონტროლი და მართვა.

ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

 

HbA1C -ის განსაზღვრა
გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1C გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობას უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში. გლუკოზის ყოველდღიურ კონტროლს სხვა დატვირთვა აქვს, HbA1C -ს განსაზღვრას – სხვა. ამ უკანასკნელის მეშვეობით ადგენენ, რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას. ჯანმრთელი ადამიანისთვის მისი მაჩვენებელი 5,7%-ზე ნაკლებია. 5,7-6,4% პრედიაბეტური მდგომარეობაა, 6,5%-ზე მეტი – შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტიანთა უმეტესობას გლუკოზა, წესისამებრ, 7%-ზე ნაკლები აქვს, თუმცა საკუთარი სამიზნე მაჩვენებლის შესახებ, ჯობს, ექიმს ინდივიდუალურად გაესაუბროთ. გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სასურველია წელიწადში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში – ოთხჯერაც.

 

წნევის რეგულირება
ინფარქტის, ინსულტის, თირკმელებისა და თვალების დაზიანება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა.

დიაბეტიანთა უმეტესობისთვის წნევის სამიზნე მაჩვენებელი არ აღემატება 140`90 მმ ვწყ სვ-ს.

 

ქოლესტეროლის დაბალანსება
დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის მატება თუ სისხლძარღვების დახშობას და უამრავ გართულებას იწვევს, მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლს სისხლძარღვებიდან გამოაქვს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი. 40 წელს გადაცილებულთათვის სასურველია სპეციალური მედიკამენტების – სტატინების დანიშვნა, რომლებიც ცუდი ქოლესტეროლის დონეს ამცირებს და გულს იცავს. თუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი მეტისმეტად არის მომატებული, ამ წამლის დანიშვნა უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება.

 

მოწევას – უარი
თამბაქოსთვის თავის დანებება ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტიანებისთვის, რადგან ორივე ფაქტორი – დიაბეტიცა და მოწევაც – სისხლძარღვებს ავიწროებს და ერთმანეთის დამაზიანებელ გავლენას აძლიერებს.

მოწევაზე უარის თქმის შედეგად:

• მცირდება ინფარქტის, ინსულტის, ნერვული დარღვევების, თირკმელებისა და თვალების დაავადებების, ფეხის ამპუტაციის ალბათობა;

• შესაძლოა გაუმჯობესდეს სისხლში გლუკოზის შემცველობა, წნევის მაჩვენებელები, ქოლესტეროლის შემცველობა;

• უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა;

• ადამიანი უფრო მეტ დროს პოულობს ფიზიკური აქტივობისთვის.

 

ცხოვრების წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესი პაციენტს დიაბეტის მართვასა და გულის დაავადებების პრევენციაში ეხმარება. ეს წესი მოიცავს სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. ფიზიკური დატვირთვა ადამიანის ყოველდღიური რუტინის ნაწილად უნდა იქცეს. გარდა ამისა, აუცილებელია ჯანსაღი წონის შენაჩუნება, ჭარბი წონის შემთხვევაში – დაკლება, სრულფასოვანი ძილი, კარგად გამოძინება.

 

სტრესის მართვა
დიაბეტიანებისთვის ცხოვრება ყოველთვის არ არის მარტივი. ასეთ დროს ხშირია სევდიანობაც და მრისხანებაც. შესაძლოა, წესებს გულდასმით იცავდე, მაგრამ პრობლემებს ადრე თუ გვიან მაინც შეეჯახო. ხანგძლივი სტრესი კი ნამდვილად არ არის სასურველი დიაბეტით დაავადებულისთვის – შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის მომატება, წნევის აწევა... ადამიანს სტრესთან გამკლავება და მისი დამაზიანებელი ზემოქმედების შესუსტება უნდა შეეძლოს.

ამაში დაგეხმარებათ ღრმა სუნთქვა, ეზოში ფუსფუსი, სეირნობა, იოგას სისტემით ვარჯიში, მედიტაცია, საყვარელი საქმის კეთება, საყვარელი მუსიკის მოსმენა.

 

წამლები გულისათვის
გულის დასაცავად საჭიროა სწორად გამოწერილი წამლების სწორად მიღება. პირველი ექიმს მიანდეთ – ის ინდივიდუალურად, დიაგნოზისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით  შეგირჩევთ მედიკამენტებს და მათ დოზას. ეს წამლები დაგეხმარებათ:

• გლიკოზირებული ჰემოგლობინის, სისხლის წნევისა და ქლესტეროლის რეგულირებაში;

• თრომბის წარმოშობის, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირებაში;

• სტენოკარდიის მკურნალობაში (სტენოკარდია შესაძლოა ინფარქტის ადრეული ნიშანის იყოს).

ასპირინის მიღება პაციენტმა აუცილებლად ექიმს უნდა შეუთანხმოს. მასთანვე დააზუსტოს დოზაც, რადგან ეს წამალი ყველასთვის უსაფრთხო არ არის.

ექიმმა უნდა გამოწეროს სტატინებიც, რომლებიც ზოგიერთ პაციენტთან ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

ახალი წამლის მიღებამდე პაციენტი ზედმიწევნით უნდა გაეცნოს მის ინსტრუქციას, შესაძლო გვერდით ეფექტებს და მათი თავიდან აცილების გზებს. ჯობს, ამის თაობაზე ექიმს გაესაუბროს.

კიდევ ერთი: ექიმთან შეუთანხმებლად პაციენტმა არც ერთი წამლის მიღება არ უნდა შეწყვიტოს.

 

დიაგნოსტიკა
დიაბეტის დროს გულის დაავადებას ეჭვობენ სიმპტომების, ოჯახური ისტორიის, გასინჯვის შედეგების საფუძველზე. გლიკოზირებული ჰემოგლობინის, ქოლესტეროლის და წნევის მაჩვენებლების მიხედვით ექიმი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევა გულის მდგომარეობის შესაფასებლად.

 

ინფარქტი
გულის შეტევის ნიშნებია:

• გულის არეში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება ან მეორდება;

• ტკივილი და დისკომფორტი მკლავებში, მხრებში, ბეჭებში, ზურგზე, კისერზე, ყბაზე;

• ჰაერის უკმარისობა;

• ოფლიანობა ან სისუსტე;

• დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება;

• დაღლილობის შეგრძნება.

ამ სიმპტომების დროს სამედიცინო ჩარევა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის ყველა ნიშანი არ არის გამოხატული.

გულის შეტევა ქალებთან ზოგჯერ გულისრევით და ღებინებით ვლინდება, ზოგჯერ _ რამდენიმედღიანი ძლიერი დაღლილობით. შესაძლოა, გულმკერდის არეში არაფერს უჩიოდნენ, მაგრამ სტკიოდეთ ზურგი, მხრები ან ყბა.

ადამიანებმა, რომლებსაც დიაბეტის გამო ნერვები აქვთ დაზიანებული, შესაძლოა ტკივილი საერთოდ ვერ აღიქვან.

 

ინსულტი
ინსულტის ნიშნებია უეცარი:

• სახის, ხელების ან ფეხების სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ცალ მხარეს;

• მეტყველების დარღვევა;

• თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, სიარულის მანერის შეცვლა;

• მხედველობის დაბინდვა ცალ ან ორივე თვალში.

ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. ადამიანი კლინიკაში არა უმეტეს ერთი საათის განმავლობაში უნდა მოხვდეს.

 

გახსოვდეთ
დიაბეტის დროს გულისა და სისხლძარღვების დასაცავად აუცილებელია:

• სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულირება;

• სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის რეგულირება;

• სისხლის არტერიული წნევის რეგულირება;

• თამბაქოზე უარის თქმა.