Nuk
ჰიპერტენზიის მართვა

თარიღი: 12 აგვისტო, 2020

დღეისათვის არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება მთელ მსოფლიოში. მისი გავრცელების საშუალო მაჩვენებელი პოპულაციურ დონეზე დაახლოებით 30 პროცენტია. ამ აქტუალური საკითხის შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი-კარდიოლოგი, ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი და ალადაშვილის კლინიკის ჰიპერტენზიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა რეხვიაშვილი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში არტერიულ ჰიპერტენზიას განიხილავს, როგორც კარდიოვასკულური ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობისა და სიკვდილობის ძირითად, წამყვან რისკ-ფაქტორს. საქართველოში, სადაც ძალზე მაღალია არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება და დაბალია ადექვატურ მკურნალობაზე მყოფი და კონტროლირებული წნევის მქონე პაციენტთა ხვედრითი წილი, ჰიპერტენზიის მართვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია.

- რა არის არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი არტერიული წნევის მიზეზი?
უპირველეს ყოვლისა, მართებულია, განვმარტოთ, თუ იგულისხმება არტერიული ჰიპერტენზიის ქვეშ. თუ პაციენტის არტერიული წნევა აღემატება ან ტოლია 140/90 მმ.ვწყ.სვ., ეს უკვე არტერიულ ჰიპერტენზიას წარმოადგენს. ამასთან, არტერიული წნევა არ არის მუდმივი სიდიდე და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინრე ის მუდმივად იცვლება.
არტერიულ წნევაზე გავლენას ახდენს: ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვა, უარყოფითი თუ დადებითი ემოცია, სიცილი, ტირილი, ხველა, შიში, კვება, გარემო ტემპერატურა და სხვა. შესაბამისად, ნორმაში ადამიანს დღე–ღამის განმავლობაში აღენიშნება წნევის ვარიაბელობა. თუმცა ეს უკნასკნელი არ უნდა სცდებოდეს დასაშვები ნორმის ფარგლებს. ამის შეფსებას კი ექიმი–სპეციალისტი ახდენს სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით.
არტერიული ჰიპერტენზია მულტიფაქტორიალური დაავადებაა, რომლის მექანიზმიც ძალზედ რთულია და უაღრესად მრავალმხრივი. დღეისათვის ორი ტიპის ჰიპერტენზიაა კლასიფიცირებული – პირველადი, ანუ იდიოპათიური (იგივეა, რაც ესენციური) და მეორადი. 40 წელს გადაშორებულ პირებში უპირატესად პირველადთან გვაქვს საქმე, სადაც პათოგენეზში რენინ–ანგიოტენზი–ალდოსტერონის, ნერვული და ჰორმონული მექნიზმებია ჩრთული. შესაბამისად, პრობლემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
განსხვავებით პირველადი ჰიპერტენზიისაგან, მეორად ჰიპერტენზიას რომელიმე კონკრეტული ორგანოს პათოლოგია იწვევს, ისეთი როგორიცა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი თუ ტვინოვანი შრის დაავადებები, აორტის კოარქტაცია, თირკმლის და თირკმლის სისხლძარღვთა დაავადებები, ძილის აპნოეს სინდრომი და სხვა.
დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობა ასაკის მატების ტენდენციით გამოირჩევა, რაც ინოვაციებს უკავშირდება დავადებათა მართვასა და მკურნალობაში. არტერიული ჰიპერტენზია კი ასაკთან კორელაციაში მყოფი პათოლოგიაა. შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელების მასშტაბი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკის, მართვისა და მკურნალობის კუთხით ყველა პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს ასაკის, სქესის, თანმხლები პათოლოგიის, ოჯახური ანამნეზის, მწეველობის, სხეულის მასის ინდექსის და სხვათა გათვალისწინებით.

- წნევის რა მაჩვენებლების მიღწევის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
ნორმულ არტერიულ წნევად განიხილება 120-129/80-84მმ.ვწყ.სვ. აღნიშნულ დონეზე მაღალი სისტოლური ან დიასტოლური წნევის მატარებელმა პაციენტმა რეკომენდირებულია, მიმართოს ექიმს, რათა სწორად შეფასდეს მისი რისკის ჯგუფი, დაენიშნოს საჭირო გამოკვლევები და აუცილებლობის შემთხვევაში მიეცეს სამკურნალო რეკომენიდაციები.

– რა წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის რისკ–ფაქტორებს?
არტერიული ჰიპერტენზიის რისკ–ფაქტორთა ჩამონათვალი სკმაოდ დიდია, ამასთან მოწოდებულია მათი დაყოფა ორ ჯგუფად; კერძოდ მოდიფიცირებადი, ანუ ის რისი შეცვლაც შესაძლებელია და არამოდიფიცირებადი, ანუ ის რისი შეცვლაც შეუძლებელია. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება:
პაციენტის ასაკი,
ოჯახური ანამნეზი,
სქესი
რასობრივი კუთვნილება. 

მოდიფიცირებადი ფაქტორები კი საჭიროებენ დიდ შრომას როგორც ექიმის, ისე პაციენტის მხრიდან, რომ მოხდეს მათი კორექცია და შემცირდეს ჰიპერტენზიის გართულებების გნვითარების რისკი.

მოდიფიცირებად ფაქტორებს მიეკუთვნება:
შაქრიანი დიაბეტი,
მწეველობა,
მჯდომარე ცხოვრების წესი და ადინამია,
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,
ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში,
მარილის ჭარბი მოხმარება და სხვა.

- რა გართულელები შეიძლება მოჰყვეს უმართავ არტერიულ ჰიპერტენზიას?
უპირველეს ყოვლისა, რეკომენიდრებულია მკითხველს განვუმრტოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზია ანუ პირველადი, ესენციური ჰიპერტენზია არ არის განკურნებადი დაავადება და პროგნოზის კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მართვას და კონტროლს.
არტერიული წნევის კონტროლი მოიცავს როგორც სადღეღმისო, ისე ხანგრძლივ თვეებისა თუ წლების განმავლობაში მიღწეულ ეფექტს, როდესაც არტერიული წნევის ციფრები არის ნორმის ფარგლებში. აღნიშნულის შეფასება ხდება ექიმთნ ვიზიტებისას გაზომილი წნევით, სახლში თვითგაზომვით და არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორიული მონიტორინგით.

არაკონტროლირებული არტერიული წნევა მაღალი რისკის მატარებელია და იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა:
იშემიური თუ ჰემორაგიული ინსულტი,
მიოკარდიუმის ინფარქტი,
გულის უკმარისობა,
თირკმლის ქრონიკული დაავადება,
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება,
იმპოტენცია მამაკაცებში,
მხედველობის გაუარესება,
ენცეფალოპათია,
დემენცია.

არტერიული ჰიპერტენზიის თანაარსებობა შაქრიან დიაბეტთან, რომელიც თანამედროვე მედიცინის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თავისი გამოსავლისა და გავრცელების საგანგაშო მასშტაბების გამო, კიდევ უფრო ზრდის პაციენტის გართულებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ინვალიდობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მოსახლეობის ეს ნაწილი განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს სპეციალისტის მხრიდან.

- რა განსაკუთრებული პირობებია შექმნილი ალადაშვილის კლინიკაში არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის?
ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო ამიერკავკასიაში უპრეცენდენტო არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრმა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ევროპისა და ამერიკის გაიდლაინებსა და სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ცენტრში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომა. პაციენტს მისი პათოლოგიის სიმძიმიდან და ტიპიდან გამომდინარე ემსახურება მაღალკვალიფიციეური ექიმების გუნდი, რომელიც წარმოდგენილია კარდიოლოგით, ნევროლოგით, ენდოკრინოლოგით, ოფთალმოლოგით, ნეფროლოგით, უროლოგით, ანგიოლოგით, ინვაზიური რადიოლოგითა და გინეკოლოგით. არტერიული ჰიპერტენზიის ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოში ცნობილ ჰიპერტენზიის სპეციალისტებთან და ცენტრებთან.
ცენტრისათვის პრიორიტეტს პაციენტცენტრული დამოკიდებულება, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არტერიული ჰიპერტენზიის ადექვატური მართვა და პოტენციური რისკის მაქსიმალური რედუქცია წარმოადგენს.

- რას ურჩევდით პაციენტებს, თქვენი რეკომენდაციები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით გლობალური სიკვდილობის (ყველა მიზეზით განპირობებული სიკვდილობა) 14% განპირობებულია არტერიული ჰიპერტენზიით. რისკ–ფაქტორთა ნუსხაში უდავო ლიდერი არტერიული ჰიპერტენზიაა და უსწრებს ისეთ რისკ–ფაქტორებს, როგორიცაა მწეველობა, ჰიპერგლიკემია, ჰიპოდინამია, სიმსუქნე, ჰიპერქოლესტრინემია და სხვა. შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ გამოვლენას, ადექვატური მკურნალობის დროულ დაწყებას და ხანგრძლივი კონტროლის მიღწევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზული კუთხით.
მაღალი წნევის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს ვურჩევთ დროულად მიმართონ ექიმს შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისათვის. ასევე, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით; კერძოდ, გაზარდონ ფიზიკური აქტივობა, შეამცირონ სუფრის მარილის მოხმარება, თავი დაანებონ თამბაქოს აქტიურ მოხმარებას, შეზღუდონ ცხოველური ცხიმები და საკვებ რაციონში გაზარდონ ხილისა და ბოსტნეულის შემცველობა, აკონტროლონ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე.