Nuk
MIS-c – მისტიკური სინდრომი

თარიღი: 29 ოქტომბერი, 2021

მისტიკური სინდრომი – ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე ასე მოიხსენიებდნენ ბავშვებში კოვიდის გადატანის შემდგომ განვითარებულ გართულებას. სინდრომის რამდენიმე შემთხვევა თავდაპირველად იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში აღირიცხა, მოგვიანებით კი საფრანგეთში, აშშ-სა და გერმანიაშიც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “მისტიკურ სინდრომს” მალევე დაარქვა სახელი – მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-c). სამწუხაროდ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი – შემოდგომის მიწურულს ქართველ პედიატრებსაც მოუხდათ ჯერ კიდევ უცნობ სინდრომთან შეჯახება.

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობაზე გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჩხაიძე.

რა არის MIS-c
რა არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი?
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, MIS-c, იშვიათი სისტემური დაავადებაა, რომელიც გახანგრძლივებული (სულ მცირე, 24-საათიანი) ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით მიმდინარეობს და განიხილება როგორც სინდრომი, რომელიც ვითარდება SARS COV-2 ვირუსული ინფექციის მწვავე ფაზაში ან კოვიდის გადატანიდან ორი-ექვსი კვირის შემდეგ (უფრო ხშირად ეს უკანასკნელი აღირიცხება). გვხვდება უმეტესად ხუთი წლისა და ამაზე უფროსი (საშუალოდ – რვიდან თერთმეტ წლამდე) ასაკის ბავშვებთან (საქართველოში, იაშვილის კლინიკის მონაცემებით, საშუალო ასაკია 6.5 წელი), თუმცა ეს არ გამორიცხავს უფრო მცირე ასაკის პაციენტებთან მის განვითარებას.

როგორ ვლინდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი?
მისთვის დამახასიათებელია მწვავე მიმდინარეობა:
• გახანგრძლივებული, ოთხ-ექვსდღიანი, მუდმივი ცხელება 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურით;

• მუცლის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ჰგავს აპენდიციტის დროს განვითარებულ ტკივილს, დიარეა, ღებინება;

• წითელი ლაქოვანი გამონაყარი კანზე;

• კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ამ დროს თვალი ჩაწითლებულია, სიწითლეს თან ახლავს ქავილი და გამონადენი;

• თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა (მაგალითად, ბოდვა, ჰალუცინაცია), ძილიანობა;

• ხველა, სუნთქვის გაძნელება;

• ხელებისა და ფეხების შეშუპება;

• იშვიათად – ყელის და კუნთების ტკივილი.

დამოკიდებულია თუ არა MIS-c სინდრომის ჩამოყალიბება კოვიდის მიმდინარეობის სიმძიმეზე?
ჩვენს კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების უმრავლესობამ, რომლებსაც სინდრომი ლაბორატორიულად დაუდასტურდათ, არც კი იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდა გადატანილი. ასე რომ, სინდრომი შესაძლოა ინფექციის სრულიად უსიმპტომოდ გადატანის შემთხვევაშიც კი გამოვლინდეს. ამჟამინდელი მონაცემებით, არც კოვიდის რომელიმე სიმპტომსა და შემდგომში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ჩამოყალიბებას შორის კავშირი დასტურდება, ამიტომ შეუძლებელია წინასწარ ითქვას, რომელ ბავშვს გამოუვლინდება MIS-c სინდრომი კოვიდის გადატანის შემდეგ და რომელს – არა.

განგაშის სიგნალი
როდესაც ცხელება ერთ დღეზე მეტხანს გრძელდება და თან ახლავს მუცლის ან თავის ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების გახშირება ან გამონაყარი (ნებისმიერი ორი სიმპტომი ჩამოთვლილთაგან), მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან თვითონ მდგომარეობას სრულფასოვნად ვერ შეაფასებს. სინდრომის დიაგნოსტიკა და დიფერენცირება აუცილებლად ექიმმა უნდა მოახდინოს კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევების დახმარებით.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს MIS-c სინდრომს?
MIS-c რთულად მიმდინარეობს, ამიტომ ამ სინდრომის მქონე ყველა პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში. შესაძლოა, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყოს, რომ პაციენტს კრიტიკული მედიცინის (სარეანიმაციო) განყოფილებაში მოთავსება დასჭირდეს. მძიმე შემთხვევებში სინდრომისთვის დამახასიათებელია შოკის (მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა) კლინიკა: არტერიული წნევის დაქვეთება, ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დარღევა და ა.შ. თუმცა ასეთი შემთხვევები, საბედნიეროდ, იშვიათია. საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების თანახმად, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს ბავშვთა ლეტალობა 1.6-2%-ს შეადგენს.

დიაგნოსტიკა
MIS-c სინდრომის დიაგნოზის დასასმელად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადასტურდეს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობა (გახანგრძლივებული ცხელება, კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა და ა. შ.), მერე კი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდეს. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი – ერთი კონკრეტული კვლევა, რომელიც ასი პროცენტით სარწმუნო პასუხს გაგვცემს – ამ შემთხვევაში არ არსებობას.

სინდრომისთვის უმთავრესად დამახასიათებელია სისხლში ანთების ისეთი მარკერების მომატება, როგორიც არის C-რეაქტიული ცილა, პროკალციტონინი, ფერიტინი და სხვ. ამ მარკერებთან ერთად აუცილებელია გადატანილი ან მიმდინარე კორონავირუსული ინფექციის დადასტურება ანტისხეულების ტესტით, ანტიგენის ტესტით ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.

MIS-c სინდრომს ხშირად კავასაკის დაავადებას ადარებენ. რა ძირითადი განსხვავებაა მათ შორის?
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კლინიკურად მართლაც ჰგავს კავასაკის დაავადებას, რომელსაც ასევე ახასიათებს გახანგრძლივებული ცხელება, კონიუნქტივიტი, გამონაყარი, კიდურების შეშუპება, თუმცა მათ შორის ძირეული განსხვავებაც არის:

• MIS-c უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან ვლინდება, ხოლო კლასიკური კავასაკის დაავადება, ჩვეულებრივ, ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებთან.

• MIS-c-ს დროს ძალიან ხშირია კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (განსაკუთრებით – მუცლის ტკივილი), კლასიკური კავასაკის დაავადების შემთხვევაში კი ძალზე იშვიათი.

• მიოკარდიუმის დისფუნქცია და შოკიც MIS-c-ს დროს უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კლასიკური კავასაკის დაავადების დროს.

• ანთებითი მარკერები, – განსაკუთრებით – CRP, ფერიტინი და D-დიმერი, MIS-c-ს დროს უფრო მაღალია, ვიდრე კლასიკური კავასაკის დაავადების შემთხვევაში.

• ლიმფოციტებისა და თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობა MIS-c-ს შემთხვევაში ნაკლებია, ვიდრე კავასაკის დაავადების დროს.

მკურნალობა და გამოსავალი
მულტისიტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. კრიტიკული პაციენტების მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა იმუნოგლობულინის გადასხმა, მსუბუქ შემთხვევებში კი მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ხანგრძლივი თერაპია კორტიკოსტეროიდებით, თავდაპირველად – ინტრავენური ფორმით, შემდეგ – დასალევი აბებით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იმუნოგლობულინის ინფუზია MIS-c სინდრომის მქონე ყველა პაციენტს არ სჭირდება – ის მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვისაა საჭირო.

რაც შეეხება დაავადების გამოსავალს, ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. სინდრომი, მით უფრო – დროული თერაპიის პირობებში, მკურნალობას ექვედებარება. თუმცა აუცილებელია ბინაზე გაწერილი ყველა პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობა და მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ.

MIS-c სინდრომზე ევროპაში ჯერ კიდევ მაისში ალაპარაკდნენ, თუმცა საქართველოში ის მხოლოდ შემოდგომის მიწურულს გამოჩნდა. როგორია სტატისტიკა ქვეყანაში და რისი მოლოდინი გაქვთ?
მულტისიტემური ანთებითი დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 2 ნოემბერს დადასტურდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში. იანვრის დასაწყისში შემთხვევათა რაოდენობამ იმატა. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, იანვრის დასასრულის ჩათვლით, დაავადებულთა რაოდენობის მატებას ველოდებით: როგორც მოგახსენეთ, MIS-c სინდრომი ვლინდება კოვიდის გადატანიდან ორი-ექვსი კვირის შემდეგ; პიკი საქართველომ 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გამოიარა, ამ დროიდან გასული 2-6 კვირა კი სწორედ აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა. თებერვლის დასაწყისიდან, ვფიქრობთ, შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.

რას ურჩევთ მშობლებს? რა შეიძლება გააკეთონ MIS-c სინდრომის თავიდან ასაცილებლად?
უწინარეს ყოვლისა, ვთხოვ, ყურადღებით იყვნენ, რათა არ გამოეპაროთ ამ გართულებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, განსაკუთრებით – გახანგრძლივებული მაღალი ტემპერატურა. თუ ეს უკანასკნელი აღემატება 38,5 გრადუსს, მშობლებს შეუძლიათ, ექიმთან მისვლამდე ბავშვს სიცხის დამწევი საშუალება მისცენ.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომის პროფილაქტიკის სპეციფიკური მეთოდები, სამწუხაროდ, არ არსებობს, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვი, არ ვიცით, რომელ შემთხვევაში განვითარდება ის. ასე რომ, გავიმეორებთ რჩევებს, რომლებსაც ვიძლევით, საზოგადოდ, კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად:

• ხშირად და სწორად იბანეთ ხელები, იმავეს მიაჩვიეთ ბავშვიც;

• სწორად გამოიყენეთ პირბადე – ის მთლიანად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე;

• თავი არიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;

• დაიცავით დისტანცია.