Nuk
რა ასაკში უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან პირველად და რატომ?

თარიღი: 06 სექტემბერი, 2017

რა ასაკში უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან პირველად და რატომ? 

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის (ACOG) რეკომენდაციის მიხედვით, გოგონას გინეკოლოგის პირველი კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეს 13-დან 15 წლამდე ასაკში. 

აღნიშნული ვიზიტის მიზანი შემთხვევათა უმეტესობაში საგანმანათლებლო და საპრევენციო საკითხებია.

როგორც წესი, პირველივე ვიზიტზე გინეკოლოგიური კვლევის ჩატარება - რაც გულისხმობს მენჯის ღრუს გამოკვლევას და შესაძლოა ფსიქოლოგიურად ტრავმული იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის - არ ხდება აუცილებელი. 

გინეკოლოგი მოზარდ გოგონას უტარებს რეგულარულ გასინჯვას -  ჯანმრთელობის ზოგად გამოკვლევას, რაც გულისხმობს სხეულის მასის გაგებას, სიმაღლის გაზომვას და მათ საფუძველზე სხეულის მასის ინდექსის გამოთვლას, არტერიული წნევის გასინჯვას და ესაუბრება გოგონას მის ჯანმრთელობასთან დაკავშრებულ საკითხებზე, ასევე  სამომავლო გეგმებზე, რის საფუძველზეც ისინი ერთად გეგმავენ გინეკოლოგთან შემდგომი ვიზიტის დროს და საუბრობენ მომავალში შესაძლო საჭირო კვლევებზე და მათი ჩატარების გზებზე.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი ვიზიტები გინეკოლოგთან საუკეთესო გზაა თქვენი ქალიშვილისთვის ექიმთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გოგონა შემდგომში გულახდილი იყოს  პირად პრობლემებზე საუბრისას და გაუზიაროს გინეკოლოგს როგორც მისი პერსონალური ინფორმაცია, ასევე ჰკითხოს მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. 

გახსოვდეთ, რომ კვალიფიციური სპეციალისტისგან მიღებული რჩევები და სწორად მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება მოზარდს ბევრი პრობლემის მოგვარებაში და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკში, მოზარდების ფსიქიკის ძლიერი ემოციური ლაბილობის გამო.

როგორც ზემოთ ვთქვით, სქესობრივად არააქტიური გოგონასთვის მენჯის ღრუს გამოკვლევა, ასევე რუტინული სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და პაპ-ტესტის ჩატარება არ არის აუცილებელი, თუმცა მიზანშეწონილია გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება, რაც აუცილებელია საშვილოსნოს ფორმის და ზომის, ასევე საკვერცხეების მდგომარეობის, მათი განვითარების შესაფასებლად. 

მნიშვნელოვანია კონსულტირება ვაქცინაციის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც იცით, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ტარდება რამოდენიმე მნიშვნელოვანი, მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

რაც შეეხება სქესობრივად აქტიურ მოზარდ გოგონებს, ასევე 21 წელზე მეტი ასაკის ქალებს, მათთვის აუცილებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - პაპ-ტესტის ჩატარება რეგულარულად - 6 თვეში ერთხელ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კონტროლი და სურვილის შემთხვევაში კონტრაცეფციის სათანადო მეთოდის შერჩევა არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად. 

გარდა რუტინული საპროფილატქიკო ვიზიტებისა, რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოგვრჩეს ის გარემოებები, რომელთა არსებობის დროსაც აუცილებელია #არგადადო თ მოზარდი გოგონას ვიზიტი გინეკოლოგთან, ესენია:

- აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყება ან

- სქესობრივი ცხოვრების დაწყების დაგეგმვა

- პრობლემები მენსტრუალური ციკლის ხასიათთან დაკავშირებით: არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები, ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის დროს, მენსტრუალური სისხდენის გახანგრძლივება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ძლიერი მენსტრუალური ტკივილები, მენსტრუალური პერიოდების ხასიათის ცვლილება

- ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში, ასევე სიწითლე, შეშუპება, გამონადენის არსებობა სასქესო გზებიდან, ზოგჯერ სპეციფიკური სუნით

- წვა და ტკივილი შარდვის დროს 

- ორსულობა

- მენსტრუაციის არარსებობა 3 თვის და მეტის განმავლობაში (თუ ამის ალბათობა არსებობს, შესაძლო ორსულობა უნდა დადგინდეს ან გამოირიცხოს სხვა ფაქტორები)

- ინფორმაციის საჭიროება უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების შესახებ ტკივილი მენჯის ღრუს არეში

- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, თუნდაც ერთჯერადად

- ეჭვი სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე ინფექციის არსებობაზე

- აკნე

- წონის მატება

- ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა)

აღნიშნული მდგომარეობები ყველა ასაკში, მათ შორის მოზარდობის პერიოდში, საჭიროებს დროულ და ადექვატურ კონსულტირებას, სწორ დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობას, რადგან არის გარკვეული მდგომარეობები, რომელთა დროული აღმოჩენით და სწორი მკურნალობით თავიდან ავიცილებთ უამრავ სხვა პრობლემას არა მხოლოდ ამ, არამედ უკვე ზრდასრულ ასაკშიც როგორც ზოგადი ჯანმრთელობის, ასევე მომავალში შვილოსნობის ფუნქციის განხორციელების კუთხით.

 

გაიგეთ მეტი!

P.S. დასვით კითხვები და მოგვწერეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე