Nuk
როგორ ავიცილოთ თავიდან შერყეული ბავშვის სინდრომი?

თარიღი: 31 აგვისტო, 2020

როგორ ავიცილოთ თავიდან შერყეული ბავშვის სინდრომი?

პატარები ხშირად ტირიან, ხანდახან კი მათი ჭირვეულობა თითქოს ზღვარს სცილდება, რასაც რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. გაუჩერებელი ტირილი კი ზოგჯერ მშობლების ან მომვლელის გაღიზიანებას იწვევს. ხდება ისეც, რომ ტირილის მიზეზის გარკვევის, ბავშვის დამშვიდების ნაცვლად მშობელი თუ მომვლელი, ბავშვს გაბრაზებით ანჯღრევს და ამით მის დამშვიდებას ცდილობს. სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს საშიში მოვლენა, რასაც შერყეული ბავშვის სინდრომი ჰქვია. იგი განიხილება, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ეს მდგომარეობა 5 წლამდე ასაკში გვხვდება, განსაკუთრებით ხშირია 0 - დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

რატომა არის საშიში ეს სინდრომი?
უპირველესად იმიტომ, რომ ის თავის ტვინის სერიოზულ ტრავმას იწვევს. შესაძლებელია მოხდეს ტვინში სისხლჩაქცევის, მისი შეშუპების განვითარება. დამახასიათებელია აგრეთვე ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რასაც მოჰყვება მხედველობის გაუარესება ან დაკრგვა.

როგორ მივიტანოთ ეჭვი შერყეული ბავშვის სინდრომზე?
საეჭვო ნიშნებია:
- გაურკვეველი ძილიანობა
- სხეულის კანკალი
- სუნთქვის გაძნელება
- ღებინება
- კრუნჩხვები
- დაბლა
- მხედველობის დაკარგვა 

როგორ ავიცილოთ თავიდან შერყეული ბავშვის სინდრომი?
ეს მარტივია. ნუ იძალადებთ ბავშვზე. თუკი ის ტირის, შეეცადეთ მოძებნოთ ტირილის მიზეზი, აღიჭურვეთ მოთმინებით, ჭირვეულობის დროს გადაატანინეთ ბავშვს ყურადღება მისთვის საინტერესო სხვა რამეზე, ხოლო თუ გრძნობთ, რომ კონტროლს კარგავთ, ბავშვის მოვლაში დახმარებისათვის სხვა იხმეთ.

გართობის მიზნით ნუ ააგდებთ ბავშვს ჰაერში, შესაძლოა თქვენც და მასაც ეს ძალიან გახალისებთ, მაგრამ გახსოვდეთ, ამ ერთი შეხედვით უბრალო გართობამაც კი შეიძლება თავის ტვინის ტრავმა გამოიწვიოს.