დავეხმაროთ ცხვირის წიაღებს - როგორ ებრძვიან ფრონტიტსა და ჰაიმორიტს

თარიღი: 26 ივნისი, 2020

ცხვირი გაგვეჭედება თუ არა, უმალვე ვხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა თავისუფალი სუნთქვა. გახანგრძლივებული გაჭედილობის მიზეზი კი უმეტესად ცხვირის დანამატი ღრუების ანთება – სინუსიტია. ამ დაავადებით უამრავი ხალხი იტანჯება.

ცნობილია, რომ პრობლემა მანამდე უნდა მოაგვარო, ვიდრე გართულდება. აი, სინუსიტი კი ხშირად ბანალური სურდოს გართულებაა, რადგან ბევრს სურდო პრობლემად არც კი მიაჩნია და დროულად არ იწყებს მკურნალობას.

სინუსიტების შესახებ "ავერსის კლინიკის" ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, აუდიოლოგი თამილა შაიაშვილი გვესაუბრება.

 

– ცხვირის ფუნქცია ჰაერის გათბობა და დატენიანება და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა. თუ ადამიანი ცხვირით ნორმალურად სუნთქავს და ჰაერის ტურბულენტობა კარგია, ორგანიზმში ჟანგბადი ადვილად ხვდება. შეფერხების დროს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მექანიკურმა ფაქტორმა, ანთებითმა პროცესმა ან ალერგიულმა რეაქციამ, ცხვირის ღრუ იხშობა, რასაც ექიმები ობსტრუქციას ვუწოდებთ, და საქმე ცხვირის დანამატი ღრუების ანთებამდე მიდის.

ადამიანს ოთხი წყვილი ასეთი ღრუ აქვს: ჰაიმორისა, რომლებიც მოთავსებულია ზედა ყბაში, შუბლისა, ძირითადი ძვლისა, რომლებიც თავის ქალას შუა ნაწილშია მოთავსებული, და ეთმოიდური, რომლებიც ცხავის ძვლის ლაბრინთის ფირფიტებში მდებარეობს. სინუსები ვიწრო გასავლით ცხვირის ღრუს უკავშირდება და ჰაერითაა სავსე. სინუსების ძირითადი ფუნქცია სწორედ ჰაერის დანოტივება და გათბობაა. გარდა ამისა, ისინი ახდენენ ირგვლივ მდებარე სტრუქტურების იზოლირებას, აძლიერებენ ხმას, ათანაბრებენ წნევას ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის.

სინუსების ლორწოვანი გარსი ამოფენილია ლორწოს წარმომქმნელი წამწამოვანი უჯრედებით. ისევე როგორც ცხვირის ღრუში, სინუსებშიც მუდმივად წარმოიქმნება სეკრეტი და შეუმჩნევლად ჩაედინება ცხვირის ღრუში, მაგრამ თუ დანამატი ღრუ დაინფიცირდა (ინფექცია კი ცხვირის ბლოკირების შემთხვევაში საკმაოდ ადვილად ვრცელდება) და პათოლოგიურ მდგომარეობაში გადავიდა, გამონადენი იმატებს, ფერს იცვლის, სქელდება, ადამიანი გრძნობს ცხვირის ღრუში მის ჩასვლას და დისკომფორტს განიცდის.

ვინაიდან ცხვირის დანამატი ღრუები დახშულია და მათში ანაერობული გარემოა, ანთებითი პროცესები დიდხანს მიმდინარეობს.

– სახელდობრ, რა განაპირობებს ანთებას და კიდევ რა აწუხებს პაციენტს?
– ანთება შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიულმა მოვლენებმა, ვირუსებმა, ბაქტერიებმა, სოკოებმა, მექანიკურ ფაქტორთაგან – ცხვირის ძგიდის დეფორმაციამ და პოლიპებმა.

მთავარი ჩივილი, როგორც აღვნიშნეთ, ცხვირის დახშობაა. ამას თან ახლავს ტკივილი სინუსების არეში, მათი გადაცემა სხვადასხვა მიმართულებით – კბილების მიდამოში, საფეთქლის მიდამოში, ყურისკენ, კეფისკენ. იმატებს სხეულის ტემპერატურა, თუმცა სუბფებრილურია, ანუ 37–38 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება.

მწვავე ანთებითი პროცესი სამ კვირას, დიდი–დიდი, ერთ თვეს გრძელდება. თუ უფრო მეტად გახანგრძლივდა ან ექვს თვეში სამჯერ განმეორდა, საქმე ქრონიკულ პროცესთან გვაქვს.

– რით დასტურდება ცხვირის დანამატ წიაღებში ანთების არსებობა?
– გარდა შესაბამისი კლინიკური ნიშნებისა, დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა. თუ პროცესი გახანგრძლივებულია, ტარდება კომპიტერული ტომოგრაფია. ამავე მეთოდებით საჭიროა მკურნალობის შედეგების გადამოწმებაც. რაც შეეხება მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას, ის ინფორმაციულია, როდესაც ეჭვი გვაქვს რომელიმე წიაღში კისტის ან სხვა წარმონაქმნის არსებობაზე.

– როგორ მკურნალობენ სინუსიტს?
– მკურნალობის მთავარი მიზანია ცხვირით სუნთქვის, მასში ჰაერის გამტარობის აღდგენა. თუ ეს მოხერხდა, ცხვირის ღრუს დანამატი ღრუების ანთებითი პროცესების მკურნალობა გაადვილდება.

თერპიული პრეპარატებიდან საჭიროებისამებრ გამოიყენება ანტიბიოტიკები, ცხვირში ჩასაწვეთებელი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები, ლორწოს გამათხიერებელი მედიკამენტები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

თუ წიაღისა და ცხვირის ღრუს დამაკავშირებელი ბუნებრივი ხვრელი დახშული არ არის, შესაძლოა, თავის განსაზღვრულ პოზიციაში გაჩერებამ წიაღში დაგროვილ შიგთავსს გზა გაუხსნას ცხვირის ღრუსკენ. ჰაიმორის წიაღი ამ ხვრელზე ქვემოთ მდებარეობს, ამიტომ მისი დაავადებისას (წიაღებიდან ის ყველაზე ხშირად ინფიცირდება) პაციენტმა თავი საპირისპირო მხარეს, 45–გრადუსიანი კუთხით უნდა დახაროს.

საჭიროებისამებრ ტარდება ფიზიოპროცედურები, მომდევნო ეტაპზე პაციენტს ღრუების შიგთავსის მექანიკურ გამოსუფთავებას ვურჩევთ. უკანასკნელი ეტაპი კი ქირურგიული მკურნალობაა.

– წიაღის გამოსასუფთავებლად რა მეთოდებს იყენებენ?
– ამ მეთოდებიდან ცნობილია სითხის გადანაცვლება პროტცკის წესით, რომელიც "კუკუშკას" სახელითაცაა ცნობილი, რადგან პროცედურის დროს პაციენტი "კუკუ–ს" იძახის. "კუკუ–ს" თქმისას ცხვირ–ხახა იკეტება და სითხე ყელში აღარ გადადის. ეს მეთოდი უმტკივნეულოა და ბავშვებთან ადვილი გამოსაყენებელი. ტარდება საშუალოდ 5–10 პროცედურა.

პროტცკის წესით სითხის გადანაცვლებისას ცხვირის ერთ ნესტოში ვუშვებთ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომელიც მეორე ნესტოდან გამოდის. ცხვირის ღრუ ირეცხება, გამონადენისგან თავისუფლდება და წაიღებთან დამაკავშირებელი ცხვირის შუასავალში არსებული ხვრელიდან ლორწოს ადვილად გადმოსვლის საშუალება ეძლევა. შეყვანილი სითხე სინუსებში ვერ აღწევს. მართალია, პროცედურის შედეგად ნაწილობრივი ვაკუუმი იქმნება, მაგრამ ის არ არის საკმარისი, რომ წაიღიდან მთელი შიგთავსი გადმოდევნოს, როგორც მეორე მეთოდით – იამიკის კათეტერით წიაღების პირველივე გამოსუფთავებისას ხდება.

იამიკის კათეტერით სინუსების გამოსუფთავება ამჟამად მკურნალობის ძალზე აქტუალური და ეფექტური მეთოდია. მისი წყალობით ცხვირის ღრუში ვაკუუმი იქმნება და შიგთავსი (ლორწო, ჩირქი) ყველა წიაღიდან ზიარჭურჭლის პრინციპით გადმოედინება. ამ მეთოდს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, უსაფრთხოა, არ აზიანებს ცხვირის დანამატ ღრუებს და, იმავდროულად, არაინვაზიურიცაა.

– რას წარმოადგენს თავად იამიკის კათეტერი და როგორ ტარდება პროცედურა?
– ეს გახლავთ რეზინის ორი ბალონისა და ერთი გამომტუმბავი მილისგან შედგენილი მოწყობილობა, რომელიც ინდივიდუალურია და ერთი პაციენტისთვის რამდენჯერმე გამოიყენება, ოღონდ არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში, სტერილიზაციის პირობების გათვალისწინებით. კათეტერის ერთი ბალონი შპრიცის დახმარებით ცხვირ–ხახაში იბერება, მეორე – ცხვირის ნესტოში. ამრიგად, გაბერილი ბალონები კეტავს ცხვირის წინა და უკანა შესასვლელ გზებს. როდესაც მილიდან ჰაერს გამოვქაჩავთ, ცხვირის შუასავალიდან ვაკუუმით ჩამოიტუმბება წიაღების მთელი შიგთავსი.

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ცხვირის რღუს ლორწოვანზე ლიდოკაინს ვასხურებთ. ვიყენებთ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებასც, რათა ცხვირის ნიჟარები შეიჭმუხნოს და დანამატი ღრუებიდან ჩირქი ან შიგთავსი ადვილად გამოვიდეს. კათეტერი ცხვირის ღრუში ძალიან ადვილად ვდგამთ უკანა ქოანებამდე, შემდეგ ბალონებს ვბერავთ და შიგთავსს გამოვტუმბავთ. გამოტუმბვის შემდეგ დანამატ წიაღებში კათეტერის მეშვეობით წამალი შეგვყავს. ამის შემდეგ პროცედურა პრაქტიკულად დასრულებულია. ბალონებს ჰაერისგან ვცლით და კათეტერი უკანვე გამოგვაქვს. პროცედურას, ანესთეზიის ჩათვლით დიდი–დიდი, 20 წუთი სჭირდება. მისი დასრულების შემდეგ პაციენტს სამსახურში წასვლაც შეუძლია, არავითარ დისკომფორტს არ გრძნობს.

იამიკის კათეტერით სინუსების გამორეცხვა 8 წლიდან შეიძლება და ბავშვებთანაც ძალზე ეფექტურია მათი წიაღების ანატომიური თავისებურების გამო.

პროცედურა რენტგენოსკოპიური კონტროლით ტარდება. რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ინფორმაციულია, მაგრამ მისი ჩატარების საშუალება ყველა პაციენტს, სამწუხაროდ, არ აქვს.

შემდგომი პროცედურები პროფილაქტიკას ისახავს მიზნად. შესაძლოა, სინუსში შიგთავსი კვლავ ჩადგეს, ამიტომ საკონტროლოდ პროცედურა კიდევ უნდა ჩატარდეს. დაავადების სამკურნალოდ მინიმუმ ორი პროცედურაა საჭირო, პირველი გამორეცხვის შემდეგ კათეტერის დახმარებით წაიღებში თხევადი მედიკამენტი შეგვყავს, რაც მეორე გამორეცხვისას (შემდეგ დღეს) ძალიან აიოლებს ჩირქოვანი შიგთავსის გამოტანას. დაავადების გართულებული ფორმის დროს წიაღების სრული გამოტუმბვის მიზნით შესაძლებელია დამატებითი გამორეცხვა დაგვჭირდეს. ასე რომ, იამიკის კათეტერით სინუსიტის სამკურნალოდ, მაქსიმუმ, ოთხი გამორეცხვაა საჭირო.

– ქირურგიული მკურნალობა რას გულისხმობს?
– ქირურგიული მეთოდებიდან მივმართავთ ენდოსკოპიურ ჰაიმოროტომიას და ეთმოიდოტომიას: ცხვირის ღრუს მხრიდან იკვეთება ჰაიმორისა და ცხავის ძვლის წიაღები. ტარდება პუნქციაც. ეს უკანასკნელიც ინვაზიური მეთოდია. ცხვირის ქვედა სავალიდან ნემსით შევდივართ ჰაიმორის ღრუში. ოღონდ ამ პროცედურით მხოლოდ ერთი ღრუ ირეცხება. ძირითადი წიაღი თავის ტვინის სიღრმეშია და მხოლოდ ქირურგიულად თუ მიუდგები. საბედნიეროდ, იამიკის კათეტერი ამ ძნელად მისადგომ წიაღებსაც ასუფთავებს.

თუმცა პაციენტი არც ერთი მეთოდით მკურნალობის შემდეგ არ არის დაზღვეული, რომ სინუსიტი ხელახლა არ დაემართება. გახანგრძლივებული სურდოს შემდეგ წიაღების ანთების შანსი ისევ არსებობს, ამიტომ სასურველია, პაციენტმა სურდოს დროულად უმკურნალოს, რათა ის სინუსიტით არ გართულდეს, უკვე განვითარებული სინუსიტის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართოს ექიმს. ამით თავიდან აიცილებს უმკურნალებელი ქრონიკული პროცესის ისეთ გართულებებს, როგორებიცაა ძვლების დესტრუქცია, სინუსური მენინგიტი და სხვა.