Nuk
საშიშია თუ არა სიცხე? როდის ვებრძოლოთ მას?

თარიღი: 03 მაისი, 2017

სხეულის ტემპერატურის მატება მრავალ ინფექციურ თუ ანთებით დაავადებას ახასიათებს. რა გასაკვირია, რომ ბავშვის ავადმყოფობა, მით უფრო – თუ მას მაღალი სიცხეც ახლავს თან, მშობელს აღელვებს, მაგრამ თავად სიცხე დაავადება არ არის და ყოველთვის არც მასთან ბრძოლაა საჭირო.

საშიშია თუ არა სიცხე? როდის ვებრძოლოთ მას? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე გვიპასუხებს:

– სხეულის ტემპერატურა ტვინის განსაზღვრული ნაწილიდან – ჰიპოთალამუსიდან კონტროლდება. ადამიანთა უმეტესობას ის დღეში რამდენჯერმე ეცვლება: დილით შედარებით დაბალი აქვს, საღამოს – უფრო მაღალი. ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს თამაშისა თუ ვარჯიშის დროსაც.

სიცხე, 37.2 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა. ჯანმრთელ ბავშვებთან ის იშვიათად მიუთითებს მძიმე პათოლოგიაზე. მაღალი ტემპერატურა განსაზღვრულ ზღვრამდე არ ვნებს ბავშვს, პირიქით, სარგებლობაც კი მოაქვს, რადგან ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, ამიტომ ზოგჯერ უმჯობესია, თავი ვარიდოთ მის დაწევას, მით უმეტეს – თუ ის შემაწუხებელი არ არის, მაგრამ თუ აწუხებს ბავშვს ან გაუწყლოებას იწვევს, სათანადო ზომები უნდა მივიღოთ. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როდის და როგორ მართოს ცხელება.

 

– რა არის სიცხის მთავარი მიზეზი?

– სიცხე თავისთავად, როგორც გითხარით, არ არის დაავადება, ის სხვა პრობლემის გამოხატულებაა. ბავშვებთან სიცხის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

 

* ინფექცია ან სხვა დაავადება;

* გადახურება – ჩვილს შესაძლოა სიცხემ აუწიოს თბილად ჩაცმის ან ოთახის მაღალი ტემპერატურის გამო, რადგან ამ ასაკში ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ არეგულირებს საკუთარ ტემპერატურას;

* იმუნიზაცია – ბავშვებს სიცხე ზოგჯერ ვაქცინაციის, აცრის შემდეგაც უწევთ.

რაც შეეხება კბილების ამოჭრას, ის მაღალ სიცხეს არ იწვევს, ამიტომ თუ ტემპერატურამ აიწია, სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ.

 

– როგორ გავზომოთ სიცხე?

– იმის დასადგენად, მომატებულია თუ არა სხეულის ტემპერატურა, ხშირად შუბლზე ტუჩების ან ხელის შეხებაც საკმარისია, თუმცა სიცხეს ასე ვერ გავზომავთ. საამისოდ დღეს ორი ძირითადი საშუალება არსებობს – ელექტროთერმომეტრი და ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი. ექიმები უპირატესობას ვანიჭებთ ციფრულ ელექტროთერმომეტრს. ის ფართოდაა გავრცელებული მისაღები ფასის, უსაფრთხოებისა და სიზუსტის გამო. ვერცხლისწყალი, რომელსაც მინის თერმომეტრი შეიცავს, ტოქსიკური ნივთიერებაა. დაღვრილი ვერცხლისწყალი სწრაფად ორთქლდება, ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება ორგანიზმში და წამლავს. ასე რომ, თუ ვერცხლისწყლიან თერმომეტრს იყენებთ, ფრთხილად დაფერთხეთ და ნუ დატოვებთ უმეთვალყურეოდ, რათა ბავშვს შემთხვევით არ გაუტყდეს.

ტემპერატურის გაზომვა შეიძლება იღლიის ფოსოში, შუბლზე, პირის ღრუში, ყურში. თერმომეტრიც, შესაბამისად, სხვადასხვანაირია.

 

ტემპერატურის გაზომვისას რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:

* პირის ღრუში ტემპერატურის გაზომვა არ შეიძლება, თუ ბავშვმა ახლახან მიიღო ცივი ან ცხელი საკვები. დაიცადეთ, სულ მცირე, 30 წუთი. გამოყენებამდე თერმომეტრი გრილი წყლითა და საპნით გარეცხეთ, მერე ენის ქვეშ ჩაუდეთ ბავშვს და სთხოვეთ, ტუჩები მოკუმოს. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ტეპერატურის გაზომვას სამი წუთი სჭირდება, ელექტროთერმომეტრით – დახლოებით ერთი წუთი.

* იღლიაში ტემპერატურის გაზომვისას იღლია მშრალი უნდა იყოს. ვერცხლისწლიანი თერმომეტრით გაზომვა დაახლოებით ხუთ წუთს მოითხოვს, ელექტროთერმომეტრი კი უფრო სწრაფად ზომავს.

* ყურის თერმოემტრი ისეთი ზუსტი არ არის, როგორიც თუნდაც პირის ღრუსი, თუმცა მოხმარების სიმარტივის გამო ფართოდაა გავრცელებული. ის გარეთა სასმენ მილში თავსდება. ნუ გაზომავთ ტემპერატურას, თუ პატარა ქუჩიდან ახალი შემოყვანილი გყავთ, დაიცადეთ 15 წუთი. ყურის თერმომეტრით ტემპერატურა რამდენიმე წამში იზომება.

* შუბლის თერმომეტრი ორნაირია – კონტაქტური და არაკონტაქტური. კონტაქტური თერმომეტრი შუბლზე შეხებით ზომავს ტემპერატურას, უკონტაქტო კი მასთან ახლოს მიტანით. გაზომვის პროცესი რამდენიმე წამს გრძელდება.

* რექტალური ტემპერატურა სწორ ნაწლავში იზომება. თერმომეტრი გულდასმით უნდა გარეცხოთ, ბავშვი გვერდულად დააწვინოთ, თერმომეტრს ცოტაოდენი ვაზელინი წაუსვათ და შეიყვანოთ სწორ ნაწლავში 1-1,5 სმ-ზე. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაზომვას 2 წუთს ანდომებს, ელექტროტერმომეტრი კი – 2 წუთზე ნაკლებს. მიღებულ მაჩვენებელს 0,5 გრადუსი უნდა გამოაკლოთ.

 

– ცნობილია, რომ სხვადასხვა ადგილას გაზომვისას მიღებული მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. როდის მიიჩნევა ტემპერატურის მომატება სიცხედ?

– ბავშვს სიცხე აქვს, თუ:

* რექტალურად, ყურში და შუბლზე ტემპერატურის გაზომვისას მიღებული მაჩვენებლები აღემატება 38 გრადუსს;

* ორალურად (პირში გაზომვისას)  – 37,8 გრადუსს;

* იღლიის ფოსოში – 37,2 გრადუსს.

თუმცა ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ მიანიშნებს დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივმა ვირუსულმა ინფექციამ, რომელიც არცთუ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა, შესაძლოა, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებაც კი გამოიწვიოს, ხოლო მართლაც მძიმე ინფექციების დროს, განსაკუთრებით – ჩვილებთან, ტემპერატურა შესაძლოა არათუ მომატებული, არამედ დაქვეითებულიც კი იყოს და თერმომეტრი 36.1 გრადუსზე ნაკლებს აჩვენებდეს.

 

– როგორ განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა სიცხის დროს დამწევის გამოყენება?

– თუ ტემპერატურა 38.5 გრადუსს არ აღემატება, სიცხის დამწევი უმეტესად არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი სამ თვემდე ასაკისა. ამ ასაკში 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.

თუ სამი თვიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვს 39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს, დაურეკეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, აუცილებელია თუ არა ბავშვის გასინჯვა. ამაზე მოზრდილ ბავშვებთან კი ქცევისა და აქტივობის შეფასებაა საჭირო.

ტეპერატურის მომატებისას ბავშვს, წესისამებრ, ამცივნებს, ხოლო დაკლებისას ოფლი სდის. ოფლის მეშვეობით სხეული ზედმეტ სითბოს გამოყოფს. სიცხიანი ბავშვი აჩქარებით სუნთქავს, გულისცემაც გახშირებული აქვს. თუ სუნთქვა ტემპერატურის დაქვეითების შემდეგაც აჩქარებულია, შეატყობინეთ ექიმს.

სავარაუდოდ, საშიში არაფერია, თუ:

* ბავშვი თამაშობს;

* მადიანად სვამს და ჭამს;

* ფხიზლადაა და გიღიმით;

* კანის ფერი ნორმალური აქვს;

* უკეთ გამოიყურება და თავსაც უკეთ გრძნობს (თამაშობს, აქტიურია), როდესაც ტემპერატურა ქვემოთ იწევს.

არ იდარდოთ, თუ სიცხიან ბავშვს არ უნდა ჭამა – ეს ჩვეულებრივი რამაა ინფექციის დროს. მთავარია, ბავშვი ნორმალური რაოდენობის სითხეს იღებდეს და კარგად შარდავდეს.

 

– როგორ ვმართოთ ცხელება?

– ტემპერატურის მატება ბავშვზე მეტად ხშირად გამოუცდელ მშობლებს აწუხებთ. ნუ შეშინდებით, გახსოვდეთ, რომ ცხელების დროს წამალი ყოველთვის არ არის აუცილებელი. მაგალითად, 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის დაწევა ზედმეტია, თუ ბავშვს არასოდეს ჰქონია გულყრა მაღალი სიცხის დროს ან მაინცდამაინც არ აწუხებს სიცხე.

სიცხის დროს ნუ ჩააცმევთ ბავშვს თბილად, პირიქით, გააგრილეთ, რათა სხეულმა უფრო იოლად გასცეს სითბო და ტემპერატურამ დაიკლოს. ამისთვის ბავშვი შეიძლება ოთახის ტემპერატურის წყლით დაზილოთ, გაამშრალოთ და გრილად ჩააცვათ. ნუ დაზელთ არყით ან სპირტით – ამან, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურაც. სასურველია, ოთახში არც ცხელოდეს, არც ციოდეს.

მედიკამენტებიდან არჩევის პირველი რიგის პრეპარატია პარაცეტამოლი. ის სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით (პანადოლი, კალპოლი, ეფერალგანი) გამოდის, საუკეთესო სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მეორე რიგის პრეპარატი იბუპროფენია (სავაჭრო დასახელება: ნუროფენი, ალგოფლექსი, ბებიტი, იბუფენი, იბუპრენი), რომელიც ცხელების საწინააღმდეგოსთან ერთად მკვეთრ ანთების საწინაააღმდეგო ეფექტსაც ახდენს. პარაცეტამოლის გამოყენება საჭიროებისას 4-6 საათში ერთხელ შეიძლება, იბუპროფენისა – 6-8 საათში ერთხელ.

სიცხის დამწევი საშუალებები სხვადასხვა ფორმით გამოდის: ტაბლეტები, სიროფი, სანთელი. ბავშვებთან სიროფს ვამჯობინებთ. უფრო სწრაფად მოქმედებს სანთელი, რომელიც სწორ ნაწლავში თავსდება. მას უპირატესობა ენიჭება მაშინაც, როცა პატარა აღებინებს და სიროფის ან ტაბლეტის მიღება არ შეუძლია.

 

– რომელ წამალს ვერიდოთ?

– არსებობს პრეპარატები, რომელთა გამოყენება, ბოლოდროინდელი მონაცემებით, ბავშვებთან არ არის რეკომენდებული. მაგალითად, მეტამიზოლი (სავაჭრო დასახელება – ანალგინი) ვნებს სისხლმბად სისტემას, 18 წლამდე. მძიმე გართულებათა განვითარების რისკს ზრდის აცეტილსალიცილის მჟავა (სავაჭრო დასახელება - ასპირინი).

სიცხის დროს ბავშვს ჩვეულებრივზე მეტი სითხე ასვით (თუ ჯერ მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა, უფრო ხშირად აწოვეთ ძუძუ), მაგრამ ნუ მისცემთ კოფეინიან სასმელებს (კოკა-კოლას, ჩაის) – ამ ნივთიერებას შარდმდენი მოქმედება ახასიათებს და შესაძლოა, დეჰიდრატაცია გაამწვაოს. თუ სიცხეს თან ახლავს ღებინება ან დიარეა, საჭიროა სარეჰიდრატაციო ხსნარების მიცემაც. რაც შეეხება კვებას, მიეცით ნება, ჭამოს, რაც სურს, მაგრამ ნუ დააძალებთ.

ეცადეთ, ბავშვმა კარგად დაისვენოს. მთელ დღეს საწოლში წოლას ნუ მოსთხოვთ, მაგრამ აჯობებს, შეძლებისდაგვარად ხშირად წამოწვეს და არ იცელქოს.

ნუ გაუშვებთ სკოლასა თუ ბაღში, ვიდრე ტემპერატურის ნორმაში ჩადგომიდან 24 საათი არ გავა.

თუ ბავშვი ჯერ არ გამხდარა ორი თვის, ნუ უმკურნალებთ ცხელებას ბინაზე. ამ ასაკში ტემპერატურის 37,5 გრადუსზე მეტად აწევა საფრთხის ნიშანია. ამ შემთხვევაში ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეთ.

რაც მთავარია, ნუ აჰყვებით შიშს. თერმომეტრის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი ბავშვის თვითშეგრძნებაა. სიცხის დაწევიდან რამდენიმე დღეში ბავშვები, წესისამებრ, უწინდებურად კარგად გრძნობენ თავს, აღარ ჭირვეულობენ,  ადრინდელივით აქტიურები და ენერგიულები ხდებიან.

და მაინც, მართალია, სიცხე უმეტესად არ არის საშიში, მაგრამ ცხელების მიზეზის დადგენა და ექიმის მეთვალყურეობა ყოველთვის საჭიროა.

 

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი ,,ავერსი"