საშვილოსნოს ტიხარი

თარიღი: 18 მაისი, 2018

რა არის საშვილოსნოს ტიხარი და როგორია რეპროდუქციული გამოსავალი საშვილოსნოს ამ ანომალიის მქონე ქალებში
საშვილოსნოს განვითარების ანომალიები პირველად 1800-იან წლებში იქნა აღწერილი კიუველერის და ვონ-როკიტანსკის მიერ.

არსებობს რამოდენიმე საკლასიფიკაციო სისტემა სხვადასხვა ვარიაციებით საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის/საშოს განვითარების ანომალიებთან დაკავშირებით, ყველა მათგანი კი ერთობლივად მოიხსენიება, როგორც მიულერული ანომალიები.

არასასურველ რეპროდუქციულ გამოსავალს, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს ტიხრის არსებობასთან მიეკუთვნება:
- უნაყოფობა
- ორსულობის დანაკარგები და 
- ცუდი სამეანო გამოსავალი, როგორიცაა მაგ: ნაადრევი მშობიარობა.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბევრი ქალი საშვილოსნოს ტიხრით, არ აღნიშნავს რაიმე სახის რეპროდუქციული სირთულეების არსებობას!

როდის ხდება საშვილოსნოს ტიხრის განვითარება?
საშვილოსნოს ტიხრის განვითარება ორსულობის 20 კვირის ვადამდე ორი პარამეზონეფრული (მიულერული) სადინრის ქსოვილების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესის შეფერხების შედეგია. სწორედ ამიტომ, მიულერული ანომალიები 11-30% შემთხვევაში შერწყმულია თირკმლის განვითარების ანომალიებთან.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ საშვილოსნოს ტიხარი უპირატესად ფიბროზულ ქსოვილს წარმოადგენდა, მაგრამ ბიოფსიურმა მონაცემებმა და მაგნიტურ რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ის უმეტესწილად კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება და ნაკლებად შემაერთებელი ქსოვილისგან. 
განვითარების აღნიშნული ანომალიის ზუსტი პრევალენსი უცნობია იმის გამო, რომ ხშირად ამ დეფექტის არსებობა ასიმპტომატურია და არ ხდება დიაგნოსტირება. მიახლოებით კი მისი გავრცელების მაჩვენებელი მერყეობს 1- 2-დან 15-მდე ყოველ 1.000 ქალზე.
საშვილოსნოს ტიხარი კონფიგურაციების სპექტრით გვხვდება წარმოდგენილი, რაც მოიცავს ვარიაციებს არასრული/ნაწილობრივი ტიხრიდან - საშვილოსნოს სრულ ტიხრამდე.
საშვილოსნოს ტიხრის ზომა და ფორმა შეიძლება ვარირებდეს მისი სიგანის, სიგრძის და ვასკულარიზაციის ხარისხის მიხედვით.
ხშირ შემთხვევაში საშვილოსნოს ტიხრის კლასიფიცირება ვერ ხერხდება და დეფინიციებიც არ არის სტანდარტიზებული. დღევანდელ პირობებშიც კი მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ვერ თანხმდებიან ადექვატურ კალსიფიკაციაზე და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია მაგალითად ევროპის გინეკოლოგიური ენდოსკოპიის ასოციაციის (ESGE) და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM) განსაზღვრებები.
პირველი მათგანი ტიხრის კლასიფიკაციისთვის უპირატესობას მიომეტრიული კედლის სისქის (>50%) გამოყენებას ანიჭებს, მეორე კი ტიხრის კონფიგურაციას, მაშინ როცა ამერიკის ფერტილობის ასოციაცია (AFS) მიიჩნევს, რომ უმჯობესია კლასიფიკაცია დამყარებული იყოს მორფოლოგიური კვლევის შედეგებზე.
და ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს საშვილოსნოს ტიხრის აღიარებული სტანდარტული დეფინიცია, ხელმისაწვდომ განმარტებებს შორის არსებულმა განსხვავებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცვალებადობა და ცდომილებები როგორც დიაგნოსტიკაში, ასევე მკურნალობის ადექვატურ, სწორ მიდგომებში და მართვის ოპტიმალური ტაქტიკის შემუშავებაში, მათ შორის მოხდეს ოპერაციული ჩარევების მაღალი ან პირიქით, დაბალი მაჩვენებლების დაფიქსირება. 
მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზეც, რომ საშვილოსნოს განვითარების კიდევ ერთი ანომალია - ორრქიანი საშვილოსნო ყოველთვის არ გულისხმობს საშვილოსნოს ტიხრის არსებობას და პირიქით და ზემოთ აღწერილი დიაგნოსტიკის კრიტერიუმების გათვალისწინება სწორედ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.

დიაგნოსტიკა:
თავდაპირველად მიულერული ანომალიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლებოდა საშვილოსნოს გარეთა და შიგნითა ზედაპირის პირდაპირი ვიზუალიზაცია ლაპარასკოპიული და ჰისტეროსკოპიული მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული მეთოდები შესაძლებელს ხდის დავსვათ როგორც საშვილოსნოს ტიხრის, ასევე ორრქიანი საშვილოსნოს დიაგნოზი. მაგრამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კვლევის რადიოლოგიური მეთოდების სწრაფი განვითარების შემდეგ ზემოთაღნიშნული დიაგნოზის დასასმელად უპირატესობა ენიჭება დიაგნოსტიკის რადიოგრაფიული მეთოდების გამოყენებას, ნაცვლად ქირურგიული მეთოდებისა. ამისთვის ვიყენებთ ჰისტეროსალპინგორაფიას, სონოჰისტეროგრაფიას ან სონოგრაფიას ხსნარების ინფუზიით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბოლო ორ მათგანს უპირატესობა აქვს ჰისტეროსალპინგოგრაფიის მეთოდის გამოყენებასთან შედარებით, რომლის დიაგნოსტიკური სისწორის მაჩვენებელი დიდ ფარგლებში ვარირებს- 5,6%-დან 88%-მდე. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ კვლევების მონაცემები ლიმიტირებულია და დღეს ჯერ კიდევ არ გვაქვს შემუშავებული დიაგნოსტიკური მეთოდის/მეთოდების ოქროს სტანდარტი მიულერული ანომალიების დიაგნოზის დასასმელად.

მიიჩნევა, რომ 3D ულტრაბგერითი კვლევის, სონო ჰისტეროგრაფიის და მრტ კვლევის გამოყენება უმჯობესია საშვილოსნოს ტიხრის ან ორრქიანი საშვილოსნოს სადიაგნოსტიკოდ ლაპარასკოპია/ჰისტეროსკოპიასთან შედარებით.

როდესაც საჭირო ხდება ვიზუალიზება საშვილოსნოს ტიხრის სადიაგნოსტიკოდ, ნაკლები ინვაზიურობის გამო რეკომენდებულია მხოლოდ ჰისტეროსკოპიის გამოყენება, ჰისტერსოკოპიისა და ლაპარასკოპიის კომბინაციასთან შედარებით.


«საშვილოსნოს ტიხრის რეზექცია» არის ის ტერმინი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ტიხრის ქირურგიული მკურნალობის ყველა მეთოდის გამოყენების შემთხვევაში.
დღესდღეისობით, უმეტესობა ჰისტეროსკოპიული ტექნიკებისა მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს ინციზია-განაკვეთი და არა ტიხრის რეზექცია ან სრული ამოკვეთა!

 მოქმედებს თუ არა საშვილოსნოს ტიხარი ნაყოფიერების მაჩვენებელზე?
ცნობილია, რომ უნაყოფობის მქონე პაციენტებში საშვილოსნოს ტიხრის ინსიდენსი უფრო მაღალია საერთო პოპულაციასთან შედარებით. ეს მონაცემები განპირობებულია იმით, რომ საშვილოსნოს ტიხრის დიაგნოსტირება ხშირად სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც წყვილი უნაყოფობის ჩივილით მიმართავს ექიმს. 
თავის მხრივ, უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და, როგორც წესი, ამ ჩივილის მქონე პაციენტების შემთხვევაში ნაყოფიერების მაჩვენებელზე მოქმედებს ერთდოულად რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია, ამიტომ ხშირად რთულდება იმის დეტერმინირება, არის თუ არა საშვილოსნოს ტიხარი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი კონკრეტულ შემთხვევაში. 
ჩატარებულია მხოლოდ პატარა კვლევები, რომლებიც სწავლობდა და ავლენდა საშვილოსნოს ტიხრის არსებობასა და უნაყოფობას შორის კავშირს. ზოგიერთი ამ კვლევის მონაცემების ანალიზით უნაყოფობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი აღმოჩნდა საშვილოსნოს ტიხრის მქონე ქალებში, ნორმალური ფორმის საშვილოსნოს მქონე ქალებთან შედარებით, თუმცა სხვა კვლევების მონაცემებით აღნიშნული განსხვავება არ დადასტურდა. ამ მიმართულებით საჭიროა ისეთი კვლევების ჩატარება, რომელთა შედეგებიც იქნება სარწმუნო და მოგვცემს იმ მონაცემებს, რომელსაც გამოვიყენებთ მიულერული ანომალიის მქონე პაციენტების მართვისთვის.

ზრდის თუ არა საშვილოსნოს ტიხრის მკურნალობა ნაყოფიერების მაჩვენებელს უნაყოფობის მქონე ქალებში?

დღეს ჩატარებული კვლევების ზოგადი ანალიზით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საშვილოსნოს ტიხრის ჰისტეროსკოპიული ინციზია ასოცირებულია ნაყოფიერების გაუმჯობესებულ გამოსავალთან უნაყოფობის მქონე ქალებში.

იწვევს თუ არა საშვილოსნოს ტიხარი ორსულობის დანაკარგებს ან ორსულობის არასასურველ გამოსავალს?
თუმცა, ბევრ ქალს საშვილოსნოს ტიხრით აქვს გაურთულებელი რეპროდუქციული ისტორია, აღნიშნული ანომალიის არსებობა მაინც არის დაკავშირებული ორსულობის დანაკარგებსა და მის არასასურველ გამოსავალთან. ჩატარებული კვლევების მეტა ანალიზმა აჩვენა, რომ საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიები გავლენას ახდენს რეპროდუქციულ გამოსავალზე, მათ შორის, საშვილოსნოს ტიხრის არსებობა ასოცირებულია ორსულობის არასასურველი გამოსავლის მაღალ რისკთან. 
აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მაღალია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
არის გარკვეული ევიდენსი იმასთან დაკავშირებით, რომ საშვილოსნოს ტიხრის არსებობა ასოცირებულია ნაყოფის მდებარეობის ანომალიებთან, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, პლაცენტის აშრევების და პერინატალური სიკვდილობის გაზრდილ რისკთან.

ზრდის თუ არა საშვილოსნოს ტიხრის მკურნალობა ორსულობის სასურველ გამოსავალს?
არსებული კვლევების მონაცემებით საშვილოსნოს ტიხირის არსებობა დაკავშირებულია ორსულობის დანაკარგების მაღალ მაჩვენებლებთან, ტიხრის ინციზია კი ამცირებდა როგორც აბორტების სიხშირეს, ასევე აუმჯობესებდა სამეანო გამოსავალს-განსაკუთრებით ცოცხლადშობის მაჩვენებელს პაციენტებში ჩვეული აბორტების ისტორიით. დადებითი დინამიკა ფიქსირდება უნაყოფობის მქონე ქალებშიც.

საშვილოსნოს ტიხრის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანში არის შესაძლებელი დაორსულება?

საშვილოსნოს ტიხრის ლაპარასკოპიული ინციზიის პროცედურიდან 8 კვირის შემდეგ საშვილოსნოს ღრუ მორფოლოგიურად ნორმალურია და მზადაა ორსულობისთვის.

როდის ტარდება ქირურგიული მკურნალობა?
ჰისტეროსკოპიული ვიზუალიზაცია საუკეთესოა მაშინ, როდესაც პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის ადრეულ პერიოდში ან იმ შემთხვევში, როდესაც მიღწეულია ენდომეტრიუმის სუპრესია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ან პროგესტინების ფონზე. მაგრამ ზოგადად, აგენტები, რომლებიც გამოიყენება პრეოპერაციულ პერიოდში თხელი ენდომეტრიუმის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, ქმნიან ჰიპოესტროგენულ გარემოს, რაც პოტენციურად ზრდის პოსტოპერაციული შეხორცებების ფორმირების რისკს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება ოპერაციის ჩატარებას მენსტრუალური ციკლის საწყის ეტაპზე და არა ენდომეტრიუმის სუპრესიას.

საჭიროა თუ არა შეხორცებების პრევენცია?
შეხორცებების განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია ანტიბიოტიკების გამოყენებით, ასევე პოსტოპერაციულად ესტროგენული თერაპიით და საშვილოსნოს შიდა ბალონის ან საშვილოსნოს შიდა საშუალების გამოყენებით ოპერაციის შემდეგ პერიოდში.

გაიგეთ მეტი! იყავით ინფორმირებული!
გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!

სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე