Nuk
თემურ მიქელაძე დეტალურად აღწერს, როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპის ვირუსისგან

თარიღი: 20 იანვარი, 2020

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში ვრცლად ისაუბრა გრიპის ვირუსზე, მისი გავრცელების გზებსა და თავდაცვის მექანიზმებზე:

„მოსახლეობაში ხშირად ცირკულირებს ტერმინი, რომ მაქვს გრიპი. გრიპი ეს არის მწვავე, მძიმე, ვირუსული ინფექცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია, პირველი და აუცილებელი სიმპტომი,  მაღალი, ჰექტიური ტემპერატურა, 38.5 და ზემოთ.

გრიპი იწყება შემცივნებით, თავის ტკივლით, სახსრების ტკივილით, ზოგ შემთხვევაში არის ღებინება, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. პატარა მივარდნილია, ხმის ტემბრი შეცვლილია, ხმის ჩახლეჩვას მოსდევს ხველა, ზემო რესპირაციური ტრაქტის ვირუსული გამოვლინება. ამას შეიძლება დაერთოს ბრონქიტი და ზოგ შემთხვევაში, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული პნევმონია. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, მას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე რესპირაციული დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ ჰოსპიტალიზაციას. მას ახასიათებს ტალღობრივი მიმდინარეობაც, მაგალთად ხუთი დღის განმავლობაში არის მაღალი ცხელება, მე-6 ან მე-7 დღიდან მდგომარეობა უმჯობესდება და მერვე დღეს შეიძლება 1 ან 2 დღიანი ცხელებაც კი გამოვლინდეს. სწორედ ეს  სიმპტომები ახასიათებს H3N2-ს და B ტიპის ვირუსს.  გამოჯანმრთელების პროცესი გრძლდება 10-დან 14 დღემდე. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ თუ მოზრდილი ჯანმრთელდება 5-7 დღის განმვალობაში, ბავშვთან გამოჯანმრთელების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს 10-დან 14 დღემდე. ამიტომ აუცილებელია ბავშვი 2 კვირის განმავლობაში იყოს ბინის პირობებში და არა ისე, რომ როდესაც მშობელი 2-3 დღიანი ცხელების მერე, მედიკამენტებით ბაღში უშვებს ბავშვს, სწორედ ეს ბავშვია გადამდები.

გრიპისგან თავის დაცვის პირველი რეკომენდაცია არის გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინაცია. სახელმწიფომ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობით დოზა შემოიტანა ვაქცინის და ის უფასოდ ჩაუტარდა სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანს. ერთადერთი პრევენცია ეს არის გრიპის აცრა. შემდეგ უკვე ვიწყებთ საუბარს პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვაზე. ეს გახლავთ ოთახების ხშირი განიავება, ხელების დაბანა 4- 5 ჯერ დღეში, მაქსიმულურად თავი შევიკავოთ თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და იქაც უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. თუ ბავშვი მიგყავთ ექიმთან გეგმიურ ამბულატორიულ ვიზიტზე, სჯობს ვიზიტი ცოტა ხნით გადავდოთ, რათა მასაც არ ავკიდოთ ეს ვირუსი. მნიშვნელოვანია ნიღბის სწორად მოხმარება, ის უნდა ვცვალოთ ყოველ 2 საათში ერთხელ. ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი საერთოდ არ უნდა გამოიყენოს. ძალიან ხშირად გვინახავს, ადამიანი მოიხსნის ნიღაბს, დადებს მაგიდაზე, ისევ გაიკეთებს  და ამ დროს მას ხელს მოკიდებს ბავშვი და ესაა ინფექციის მატარებელი. ნიღაბი აუცილებლად სტერილურ პაკეტში უნდა იყოს მოთავსებული.

წყარო: https://fortuna.ge/