Nuk
ცისტიტი და მისი გართულებები

თარიღი: 13 ოქტომბერი, 2020

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა.  ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ- ანთებითი პროცესია. დაავადება გვხვდება ყველა ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენელთან, თუმცა ქალებში უფრო ხშირია.  ცისტიტით ქალების დაავადება აიხსნება მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან.

მამაკაცებში ცისტიტის არსებობის შემთხვევები იშვიათია. მათთან ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესებთანაა დაკავშირებული.

შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, რომელსაც უმეტესად იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად სხვა მიკრობები. 

შარდის ბუშტში ინფექციის მოხვედრის სხვადასხვა გზა არსებობს, ესენია:
- შარდსადენი მილი
- თირკმელი
- მცირე მენჯის ორგანოები, ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით

შარდის ბუშტის ინფიცირება შესაძლოა განვითარდეს კათეტერიზაციის ან მისი ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს, თუმცა მიკრობის შეჭრა არ არის საკმარისი ანთებითი პროცესის განსავითარებლად, მას ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლაბილურობა (ადვილად შეღწევადობა) ინფექციის მიმართ, მაგალითად შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება, კენჭი, უცხო სხეული, სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, დიაბეტი, ავიტამინოზი, ალერგიული ფონი და სხვა.

მიმდინარეობის მიხედვით, ძირითადად, განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მწვავე ცისტიტი ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებისგან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებისგან რამდენიმე საათში.

შარდის ბუშტის მწვავე ანთებითი პროცესის სიმპტომებია:
- გახშირებული შარდვა (პოლაკიურია)
- გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (დიზურია)
- შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობა

მწვავე ცისტიტის დროს ადამიანი განიცდის დისკომფორტს და უჩივის:
- შარდის ბუშტის საპროექციო(გასასინჯ) არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან/და შემდეგ
- შესაძლოა შარდის უკანასკნელ წვეთებს მოჰყვეს სისხლი
- ტკივილი ჭინთვითი ხასიათისაა
- დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ
- მღვრიე შარდი, რაც გამოწვეულია მასში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიებისა და ეპითელიუმის უჯრედების არსებობით.
- იშვიათად სხეულის ტემპერატურის მატება.

ქრონიკული ცისტიტი იშვიათადაა დამოუკიდებელი დაავადება, ხშირად ის მეორეულია. მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელით გასინჯვისას ძლიერდება. ქრონიკული ცისტიტის დროს შარდის ბუშტის კედელში ღრმა  სტრუქტურული ცვლილებების განვითარებაა მოსალოდნელი. ანთებითი პროცესი  შესაძლოა კუნთოვან შრეზე გავრცელდეს, გამოიწვიოს მისი ატროფია და დანაწიბურება. ამ დროს შარდის ბუშტი კარგავს ელასტიურობას და მისი ტევადობა მცირდება. ამ მდგომარეობას მიკროცისტიტი ეწოდება.

მწვავე ცისტიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა პარაცისტიტი, შარდის ბუშტის ირგვლივ მდებარე ფაშარი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. მის ადრეულ პერიოდში, პაციენტს ენიშნება წოლითი რეჟიმი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო თუ ჩირქგროვა შეწოვისადმი ტენდენციას არ ამჟღავნებს, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, რაც დრენირებას გულისხმობს. 

„ავერსის კლინიკის“ უროლოგი, ეკა უგლავა გირჩევთ: ცისტიტის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. ამით თავიდან აიცილებთ დაავადების ქრონიკულ სტადიაში გადასვლას და თირკმლის პრობლემებს.

ცისტიტით ქალების დაავადების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ქალის სასქესო ორგანოთა ინფექციებს, რომელიც საშარდე სისტემაში ადვილად ვრცელდება. ამის გათვალისწინებით საჭიროა, პერიოდულად გინეკოლოგთან კონსულტაცია.

შარდის ბუშტის მწვავე ანთების მკურნალობა კომპლექსურია. მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმის დაცვა. პაციენტმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, გაზიანი სასმელები. რეკომენდებულია დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად.