Nuk
უნიკალური ქირურგიული მკურნალობა ცერებრული დამბლის დროს

თარიღი: 23 მაისი, 2020

ცერებრული დამბლა ბავშვთა ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ზოგადი სტატისტიკით, ის ათასიდან 2-3 ბავშვს აქვს. მისი მძიმე ფორმა ავადმყოფს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას ართმევს. სოციალური ქსელებით თუ მასობრივი მედიით უამრავი ასეთი ბავშვისთვის ითხოვენ დახმარებას. ჩვენი რესპონდენტი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ფერაძე, სინანულით აღნიშნავს, რომ ასეთი ბავშვების საზღვარგარეთ სამკურნალოდ უამრავი ფულია საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში ტრისტან ფერაძისა და მისი გუნდის მიერ შემუშავებული და დაპატენტებული მეთოდით ოპერაციას საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს, შედეგი კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ:

– ცერებრული დამბლა იმ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც მოძრაობის, წონასწორობისა და სხეულის პოზიციის დარღვევას იწვევს. არსობრივად, ეს არის თავის ტვინის დაავადება, რომლის დროსაც არასწორადაა განაწილებული კიდურებში მოხრისა და გაშლის ტონუსი, ავადმყოფს კუნთების კონტროლი უჭირს.
ცერებრული დამბლის მქონე ყველა პაციენტს აქვს მოძრაობისა და სხეულის პოზიციის სხვადასხვა ხარისხის პრობლემა. ხშირად დეფორმირებულია კიდურები. ზოგს, ამასთან ერთად, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, მხედველობის, სმენის, მეტყველების პრობლემები, კრუნჩხვები...

– რა იწვევს ცერებრულ დამბლას?
– ადრე მის მთავარ მიზეზად განიხილავდნენ ჟანგბადის ნაკლებობას მშობიარობის დროს. დღეს მიიჩნევა, რომ ტვინი შეიძლება დაზიანდეს როგორც მშობიარობის პროცესში, ისე მანამდეც და მის შემდეგაც. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ინფექცია, ინტოქსიკაცია, ნაყოფის სისხლის მიმოქცევის მოშლა, გენეტიკური დარღვევა...
მოძრაობის დარღვევის მიხედვით გამოყოფენ დამბლის რამდენიმე სახესხვაობას. სპასტიკური დამბლის დროს კუნთები ზედმეტად დაჭიმულია, სპასტიკური; დისკინეზიური დამბლისთვის უკონტოლო მოძრაობებია დამახასიათებელი, ხოლო ატაქსიურისთვის – სხეულის წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა.

მკურნალობის მეთოდები
– კიდურების პოზიციის გასაუმჯობესებლად ცერებრული დამბლის მქონე პრაქტიკულად ყველა პაციენტს და მეტადრე სპასტიკური ფორმის მქონეს სჭირდება სამედიცინო ჩარევა, ხშირად – ქირურგიული და არაერთი.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ფიზიოთერაპიას, მექანოთერაპიას... ოპერატორი ან მასაჟისტი კიდურის გაშლას ცდილობს. კლასიკური ტერფმრუდობის შემთხვევაში ეს მიდგომა განსაზღვრულ შედეგს იძლევა, მაგრამ როდესაც დეფორმაციის მიზეზი ცერებრული დამბლაა, შედეგი მიზერულია, ვინაიდან ამ დაავადების დროს კუნთების არასწორი პოზიცია ტვინს ნორმად მიაჩნია. ამავე მიზეზით ნაკლებეფექტიანია თაბაშირის ეტაპური ნახვევი, როდესაც პაციენტს დეფორმირებულ კიდურზე თაბაშირს ადებენ და პერიოდულად კიდურის პოზიციის შეცვლას ცდილობენ.
მძიმე შემთხვევების დროს კიდურს გარეგანი ფიქსაციის აპარატზე ასწორებენ – ტერფსა და წვივში ჩხირებს უყრიან და აპარატი ნელ-ნელა, მილიმეტრობით ცდილობს ტერფის მოტრიალებას.
კიდევ ერთი მეთოდია ზურგის ტვინში სპეციალური მოწყობილობის იმპლანტაცია. ეს მოწყობილობა კუნთების ტონუსს ამცირებს. ამ დროს ყველა კუნთი ეშვება და დაჭიმულობა იხსნება, მაგრამ მომხრელ და გამშლელ კუნთებს შორის თანაფარდობა იგივე რჩება.

– რას გვთავაზობს ამ დროს ქირურგია და რა ასაკიდან შეიძლება ოპერაციის ჩატარება?
– ოპერაციის ასაკი ინდივიდუალურია. წინათ მიიჩნეოდა, რომ ოპერაციამდე სახსრები უნდა ჩამოყალიბებულიყო, ამიტომ მას 5-6 წლამდე არ ატარებდნენ, დღეს კი ქირურგიული ჩარევა 1,5-3 წლის ასაკშია რეკომენდებული. მიიჩნევენ, რომ შედეგი გაცილებით უკეთესია, როცა ბავშვი საერთოდ არ დააბიჯებს დეფორმირებული კიდურით და მხოლოდ მისი პოზიციის გაუმჯობესების შემდეგ აიდგამს ფეხს.
არსებობს რამდენიმე ქირურგიული მეთოდი:
* მყესების დაგრძელება დახურული და ღია წესით. დაგრძელებული მყესი კიდურს გაშლის საშუალებას აძლევს. ერთხანს ძალიან პოპულარული იყო მყესების დაგრძელება დახურული წესით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მყესის დაძენძვა სპეციალური მოწყობილობით, კანის გაუჭრელად, უფრო ძლიერ ტრავმას იწვევს, ვიდრე კანის პატარა განაკვეთით დაუძენძავად დაგრძელება, ამიტომ უპირატესობა ღია წესით ოპერაციას მიანიჭეს.
* საპირისპირო მყესების დამოკლება. ეს მეთოდი, ფაქტობრივად, იმავე მექანიზმით მოქმედებს და კიდურს გაშლას აიძულებს, თუმცა შედარებით იშვიათად იყენებენ.
* ტენდოტრანსპოზიციური ოპერაცია. ეს ოპერაცია ყველაზე ეფექტურია, მაგრამ რატომღაც იშვიათად მიმართავენ.

მოტყუებული ტვინი
– რა არის ამ ოპერაციის არსი?
– ტვინს, ფაქტობრივად, ვატყუებთ. კუნთებისა და მყესების ნაწილი, რომლებიც დეფორმაციას იწვევს, საპირისპირო მხარეს გადაგვაქვს და რაც უფრო მეტად ცდილობს ტვინი კიდურის მოხრას, მით მეტად ასწორებს მას.
ტენდოტრანსპოზიციური მეთოდი 1930 წლიდან არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვნად არავის მიუჩნევია. მამაჩემმა, ტრისტან ფერაძემ, ცნობილმა რეკონსტრუქციულმა ქირურგმა (რომელმაც, სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა მიაკერა მოკვეთილი კიდური) ეს ოპერაცია 1980-იან წლებში დაამუშავა, ტერფმრუდობისა და ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს გამოიყენა და ამ პათოლოგიის დროს კიდურების ბიომექანიკის გამაუმჯობესებელი ოპერაციების სქემის საერთაშორისო პატენტიც აიღო. მანამდე არ არსებობდა იმ ოპერაციების უნივერსალური სქემა, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო კონკრეტული დეფორმაციების დროს. ისიც შევიმუშავეთ და ქირურგებს მივაწოდეთ მზა ალგორითმი, რათა იცოდნენ, რომელი დაზიანების დროს რა ტიპის ჩარევაა უმჯობესი. სხვათა შორის, ამ სქემით რამდენიმე რუსული კლინიკა წარმატებით მუშაობს.
ბავშვთა ცერებრული დაბლით გამოწვეული დეფორმაცია ტერფმრუდობისგან განსხვავდება. ამ უკანასკნელის დროს ტერფის ყველა სტრუქტურული ელემენტი მოხრილია, დამბლის შემთხვევაში კი ზოგი ნაწილი მოხრილია, ზოგი – გაშლილი, ამიტომ ოპერაციაც უფრო რთულია და ნაცადი სქემით მიყოლა ჯობს.

– რომელ სახსრებზე ტარდება ოპერაცია და ხომ არ იქმნება ჰიპერკორექციის – კიდურის საპირისპირო მხარეს მოხრის – საშიშროება?
– ჰიპერკორექცია შეუძლებელია, სახსრის პოზიცია თვითონვე ზღუდავს მოძრაობის ამპლიტუდას. ოპერაცია ნებისმიერი კიდურის ნებისმიერ სახსარზე შეიძლება ჩატარდეს. პრინციპი საერთოა. თუმცა მტევანი ტერფზე ნაკლებად პრობლემურია: ხელის ერთი თითის ფუნქციის აღდგენაც კი მთელი მტევნის ფუნქციას აუმჯობესებს, ხოლო სიარულისთვის მთელი ტერფის სწორი პოზიციაა საჭირო. ოპერაცია საკმაოდ ხშირად ტარდება მუხლის სახსარზე, თუმცა მისი პოზიციის ხელახლა დარღვევის ალბათობა ყველაზე დიდია, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკში.

პროგნოზი
– საზოგადოდ, როგორია რეციდივის ალბათობა ამ ოპერაციის შემდეგ და თქვენი პირადი გამოცდილება?
– ყველა წამყვან ქვეყანაში რეციდივის მაჩვენებელი 30%-ია, ჩვენთან კი – მხოლოდ 3%. ეს იმას ნიშნავს, რომ განმეორებითი ოპერაცია ზრდასრულ ასაკში სჭირდება ასიდან არა ოცდაათ, არამედ სამ ადამიანს და ისინიც, ჩვენი დაკვირვებით, ისეთი პაციენტები არიან, რომლებმაც ოპერაციის შემდეგ დანიშნული სარეაბილიტაციო მკურნალობა არ ჩაიტარეს. რეციდივის შემთხვევაში გადანერგილი მყესების სიგრძე კორეგირდება (მცირდება ან იზრდება). თუ ოპერაციიდან ხუთ წელიწადში ისეთ მდგომარეობას მივაღწევთ, რომ პაციენტს ჩარევა აღარ სჭირდებოდეს, დაკვირვებას ვწყვეტთ.
ჩვენს კლინიკაში და ჩემი მონაწილეობით ამ ტიპის ორი ათასამდე ოპერაციაა ჩატარებული. აქედან 570 – ტერფისა, დანარჩენი – მუხლისა, მტევნისა და სხვ. შედეგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენებისას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდია – რაც უფრო მეტხანს იქნება უმოძრაოდ კიდური, მით უფრო მეტად განილევა კუნთები. სხვა მეთოდებით მკურნალობისას კუნთები თვეობით განიცდის განლევას, ჩვენი მეთოდით მკურნალობისას კი კიდური მხოლოდ 2-3 კვირაა უმოძრაოდ. ამის შემდეგ მყესები და კუნთები აქტიურად იწყებენ თავიანთი ახალი ფუნქციის შესრულებას. რაც მთავარია, ტრადიციული ჩარევისას იძულებული ვართ, ოპერაციით მიღებულ შედეგს დავჯერდეთ, ტენდოტრანსპოზიციის შემდეგ კი რაც დრო გადის, შედეგი უფრო და უფრო უმჯობესდება. დასანანია, რომ ქართველმა პაციენტებმა არ იციან ამ მეთოდის შესახებ და უამრავ ფულს ხარჯავენ საზღვარგარეთ მკურნალობაში.

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine) 

https://www.aversi.ge/