Nuk
უსაფრთხოების ზომები ორსულებისთვის ავტომობილით მგზავრობის დროს

თარიღი: 07 აგვისტო, 2017

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობა ავტომობილით მგზავრობის დროს?

თქვენი პატარა ყველაზე უკეთ მაშინაა დაცული, როდესაც ის ჯერ კიდევ თქვენშია, მაგრამ ავტომობილით მგზავრობა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს მისთვის, განსაკუთრებით ავტოავარიის შემთხვევაში. CDC-ს მონაცემებით ხომ აშშ-ის მასშტაბით ყოველწლიურად ორსულთა ავტოკატასტროფის დაახლოებით 32.800 შემთხვევა ფიქსირდება და მიუხედავად უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისა, ავტოავარიები დღესაც რჩება ორსულთა სერიოზული ტრავმების და სიკვდილობის გამომწვევ ერთ-ერთი წამყვან მიზეზად მთელს მსოფლიოში.

დაგეხმარებით გაიგოთ როგორ გახადოთ თქვენი გადაადგილება მანქანით იმდენად უსაფრთხო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რატომ უნდა შეატყობინთ ექიმს თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი შეჯახების შესახებ. გახსოვდეთ, რომ თქვენ თქვენი პატარას უსაფრთხოების უპირველესი გარანტი ხართ! 

როგორ ვუზრუნველყო ჩემი და ჩემი პატარას უსაფრთხოება მგაზვრობის დროს?

გთავაზობთ 5 რჩევას უსაფრთხო მგაზვრობისთვის:

სწორად შეიკარით ღვედი

1) რეკომენდებულია გამოიყენოთ ორსულისთვის ადაპტირებული ღვედი.

აღნიშნული ღვედის ზედა ბალთით ხდება მხრის ნაწილის დაფიქსირება ღვედის ლავიწის ძვლის საპროექციო არეზე გატარებით - მხარს და კისერს შორის, მისი მეორე ბალთა კი ტარდება მუცლის ქვემოთ . უსაფრთხოების ღვედი არა მხოლოდ სწორად, არამედ კომფორტულადაც უნდა მოირგოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ღვედის მუცელზე გადაჭერა, ასევე მისი მუცლის ზემოთ გადატარება. უნდა ეცადოთ, ღვედის ქვედა ბალთა იმდენად ქვემოთ გაატაროთ მუცლიდან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკეთეს შემთხვევაში გამოიყენეთ ისეთი ღვედი, რომლის ქვედა ბალთა შუა ნაწილში იკვრება და ახდენს ფეხების ფიქსაციას. ეს უფრო უსაფრთხო, ამავე დროს მეტად კომფორტული იქნება თქვენთვის. ღვედის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მისი ზედა ბალთით კარგადაა ფიქსირებული მხარი და გულმერდის ნაწილი. დაიმახსოვრეთ, რომ არ შეიძლება ხელი ღვედის ზემოთ გქონდეთ, ან ღვედის ზედა ნაწილი საერთოდ არ გქონდეთ გადაჭერილი.

2) ეცადეთ იყოთ მგზავრი და არა მძღოლი

როცა შესაძლებელია, იყავით მგზავრი და არ მართოთ ავტომობილი თავად. ეს რჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, როდესაც საშვილოსნოს ზომაში მატების გამო თქვენი მუცელი სულ უფრო უახლოვდება საჭეს. ამგვარ ვითარებაში შეჯახების შემთხვევაში დიდია როგორც ორსულის, ასევე ნაყოფის მძიმე დაზიანების ალბათობა.

3) იყავით საჭისგან დაშორებული მეტად

როდესაც თავად მართავთ საჭეს, მძღოლის სავარძელი გასწიეთ უკან. გახსოვდეთ, რომ მძღოლის პოზიციაში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. ამისთვის ეცადეთ, თავად შეარჩიოთ მოსახერხებელი პოზიცია, მაგრამ იცოდეთ, რომ მუცელი აუცილებლად მაქსიმალურად დაშორებული უნდა გქონდეთ საჭისგან. მინიმალური დაშორება თქვენს მუცელსა და საჭეს შორის კი 30 სმ. უნდა იყოს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ საჭე მიმართული უნდა იყოს თქვენი მკერდის ძვლისკენ და არა - მუცლისკენ.

4) მოერიდეთ წინ ჯდომას

იცით, რომ უკანა სავარძლის შუა ნაწილი ყველაზე უსაფრთხო ადგილია ორსულისთვის? ამიტომ ეცადეთ, დაჯდეთ უკან და ადაპტირებული უსაფრთხოების ღვედი შეიკრათ სწორად და იმდენად მჭიდროდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს ქმედება ერთის მხრის მინიმუმამდე შეამცირებს თქვენს წინ მოძრაობას შეჯახების შემთხვევაში, მეორეს მხრივ, კი დაეხმარება უსაფრთხოების ბალიშს იმუშაოს სწორად.

5) გამოიყენეთ მხრის დამცავი ღვედი

არ აქვს მნიშვნელობა მძღოლი ხართ თუ ქვეითი, მეტი უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ორივე შემთხვევაში გამოიყენოთ სამხარიღლიე ღვედი - ჩვეულებრივი, გვერდზე გადასაჭრი ღვედის ნაცვლად. დარწმუნებული იყავით, რომ სწორ ადგილას ჯდომით და ორსულისთვის ადაპტირებული ღვედების ადექვატურად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ დაცული იქნებით იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

- რა უნდა გავაკეთო ავტოავარიის შემთხვევაში?

ავტოავარიის, თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უწყინარი შეჯახების შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს და მიდით მასთან, რათა ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები. ექიმი თავდაპირველად მოისმენს ნაყოფის გულისცემას, შემდეგ კი გაგგზავნით ულტრაბგერითი მონიტორინგისთვის, რათა შეძლოს დროულად და ადექვატურად შეაფასოს თქვენი და თქვენი ნაყოფის მდგომარეობა.

გახსოვდეთ, რომ ტკივილის არარსებობის შემთხვევაშიც კი თქვენ რისკის ქვეშ ხართ! 

CDC-ს მონაცემებით ავტოავარიაში მოყოლილი ორსული ქალი, გამოხატული დაზიანებების გარეშეც კი , ნაადრევი მშობიარობის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშაა.

-არის უსაფრთხოების ბალიშები უსაფრთხო ორსულისთვის?

სწორად შერჩეული ღვედების და აირ-ბალიშის კომბინაცია უზრუნველოფს ორსულის მაქსიმალურ დაცვას ავტოავარიის შემთხვევაში. უსაფრთხოების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად აქვს ორსულს შეკრული ღვედი და რამდენად სწორი დაშორებით ზის ის მის წინ მდებარე აირ-ბალიშიდან. კვლევებით არ დადასტურდა, რომ გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები რაიმე საფრთხეს უქმნის ორსულს. შემთხვევათა უმეტესობაში, დაზიანების უდიდეს საფრთხეს ქმნის სწორედ ის ობიექტი, რასაც ეჯახება მანქანა (მაგ: ხე, სხვა ავტომობილი და ა.შ.). მიუხედავად ამისა, რეკომენდებული იქნება, არ მიეყრდნოთ გვერდითი აირ-ბალიშის განთავსების ადგილს, რადგან შეჯახების შემთხვევში ის მოულოდნელად გაიხსნება და თქვენ ვერ მოასწრებთ მასზე რეაგირებას.

იყავით დაცული! გაიგეთ მეტი ჩვენთან ერთად! 

P.S. ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ.

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე