Nuk
ვირუსით გამოწვეული მსტვინავი ხიხინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 30 იანვარი, 2017

ვირუსით გამოწვეული მსტვინავი ხიხინი: ალერგოლოგის პასუხი მშობლების მიერ ხშირად დასმულ 5 კითხვაზე

1. რა არის ვირუსით გამოწვეული მსტვინავი ხიხინი?

ვირუსით გამოწვეული მსტვინავი ხიხინი განპირობებულია ვირუსული ინფექციით და ხშირად იწყება ხველით ან გაციებით. ის ხშირია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში. მსტვინავი სუნთქვა არის  სტვენის მაგვარი ხმა, რომელიც ახლავს სუნთქვას.

 

2. რატომ ვითარდება მსტვინავი სუნთქვა ვირუსის დროს?

ვირუსულ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ბრონქების შევიწროება და გაზარდოს ლორწო თქვენი შვილის ფილტვებში. ვირუსით გამოწვეული მსტვინავი სუნთქვა უფრო ხშირია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი სასუნთქი გზები უფრო პატარაა. მსტვინავი სუნთქვა შესაძლოა ყოველ გაციებაზე დაემართოს თქვენს ბავშვს და ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

 

3. როგორ ვუმკურნალოთ ვირუსით გამოწვეულ მსტვინავ სუნთქვას?

მსტვინავ სუნთქვას ხშირად ებრძვიან ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა ბრონქო-დილატატორები, ბრონქების გამაფართოებლები. ის რა თქმა უნდა ექიმმა უნდა გამოუწეროს თქვენს შვილს. ბრონქოდილატატორები წარმოადგენს მედიკამენტებს, რომლებიც ეხმარება სასუნთქი გზების გახსნას და რომელიც ჰაერს  საშუალებას აძლევს უფრო ადვილად გადააადგილდეს ფილტვებში და პირიქით.

თქვენს შვილს შესაძლოა ასევე დაენიშნოს შესასუნთქი ან დასალევი (დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით) სტეროიდების მოკლე კურსი. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების ანთების შემცირებას.

თუ თქვენი შვილი ინჰალაციების მიუხედავად რთულად, ხიხინით სუნთქავს და ვერ გრძნობს თავს კარგად, მაშინ აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში გადაყვანა

მიაქცით ყურადღება შემდეგ ნიშნებს:
- აჩქარებული, ხშირი, ხმაურიანი სუნთქვა;
- ძალიან სწრაფი გულისცემა;
- გულმკერდის ქვედა მესამედის ჩაზნექვა სუნთქვისას;
- აღზნება;
-
ჰაერის უკმარისობა მეტყველების დროს;
- შეშინებული, ძალიან მშვიდი და დაღლილი ბავშვი. 

 

საავადმყოფოში დარჩენის მიზეზები შეიძლება იყოს:

• სუნთქვის გაძნელება;

• სჭირდება ბრონქოდილატატორები უფრო ხშირად, ვიდრე ყოველ სამ საათში;

• სჭირდება ჟანგბადი;

• უარი საკვებზე;

ჟანგბადი ხელს შეუწყობს თქვენი შვილის სუნთქვის გაუმჯობესებას. ამიტომ ის მანამ უნდა დარჩეს საავადმყოფოში, სანამ ჟანგბადის დონე არ დაბრუნდება დამაკმაყოფილებელ დონეზე.

მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ შვილის კვებას და სითხის მიღებას ხშირი და პატარა პორციებთ.

რადგანაც მსტვინავი სუნთქვა გამოწვეულია ვირუსით, ანტიბიოტიკების მიღება არ არის ეფექტური.

 

4. თუ მოხვდა საავადმყოფოში, როდის შემეძლება ჩემი შვილის სახლში წაყვანა?

როდესაც ექიმები იგრძნობენ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი საავადმყოფოდან გაწერა.

მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სახლში გაწერის შემდეგაც, მოგეცემათ მითითება, თუ როგორ მისცეთ წამლები.

მნიშვნელოვანია, რომ არავინ მოწიოს თქვენი შვილის სიახლოვეს. სიგარეტის სუნმა ტანსაცმელზეც კი, შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამძაფროს სუნთქვის გაძნელება.

 

5. ნიშნავს თუ არა, რომ ჩემს შვილს აქვს ასთმა?

არა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს  ასთმა აქვს. ნახევარზე მეტ ბავშვებში, ვირუსით გამოწვეული მსტვინავი სუნთქვა სკოლამდელ ასაკამდე გრძელდება, სანამ მათი სასუნთქი გზები არ გაიზრდება და განვითარდება. ხოლო შემდეგ ხშირ შემთხვევაში უკვალოდ გადის.

გახსოვდეთ:
-  ეს არის ვირუსული ინფექცია, ასე რომ მას ვერ დაეხმარება ანტიბიოტიკები;
-  მსტვინავი სუნთქვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირას;
- ნიშვნელოვანია, რომ არავინ მოწიოს თქვენი შვილის სიახლოვეს, რადგან სიგარეტის სუნმა ტანსაცმელზეც კი შესაძლოა დააწყებინოს ბავშვს მძიმედ, ხიხინით სუნთქვა;
- თუ საქმე გვაქვს სუნთვის მკვეთრ გაძნელებასთან, ბრონქოსპაზმთან და მის გართულებასთან მნიშვნელოვანია, რომ დროულად  მიმართოთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ საავადმყოფოს.