Nuk
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა


თარიღი: 03/02/2020

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.  

შეგვიძლია დავაანონსოთ სამედიცინო ჰოლდინგის დაარსება და აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მისი დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. გუნდური თათბირის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს გააჩნია საკმარისი და ძალიან კარგი მენეჯერული გამოცდილება. მისი ამ უნარ-ჩვევების და გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ძალიან კარგად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ჰოლდინგს ნამდვილად ექნება. სწორედ ასეთი კანდიდატურა იქნებოდა სწორი. მე მინდა გიორგის მივულოცო ამ თანამდებობის დაკავება. შემდეგ ეტაპზე ჰოლდინგს შეუერთდებიან რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს გეოგრაფიული დაფარვის სრული მოცვა. საქართველოს რუკის დამუშავებაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, სადაც გვაქვს დეფიციტი და შემდგომში ბატონი გიორგი მოახდენს ამ რუკის უფრო მეტად დახვეწას და ჩამოყალიბდება სისტემური სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაოაბა რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ჩოგოვაძეს სახელმწიფო უწყებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა აეროპორტების გაერთიანებას. ასევე ეკავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორის თქმით, ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. გაუმჯობესდება  ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. მისივე თქმით,  მოხდება პერსონალის გადამზადებაც.

"პირადად მე, ჩემს გამოცდილების და ჩემს ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჰოლდინგმა, ერთი მხრივ, განახორციელოს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი და ამაღლდეს მომსახურეობის ხარისხი, ასევე სამედიცინო სერვისები. მას შემდეგ, რაც ჰოლდინგს რეგიონალური საავადმყოფოები დაემატება, უნდა გაიზარდოს რეგიონალური წვდომა საავადმყოფოებთან. ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს და წარმოვადგენთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, რაც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.