ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
06 აგვისტო, 2026
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება.
სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალ ინტენსიური ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში - დილის საათებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ქუჩაში გასვლისას, რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამისა და დილის საათებში.
სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?
საინჰალაციო პრეპარატების მნიშვნელობა ქრონიკული რესპირატორული დაავადებების თანამედროვე მართვაში