ინტრაოპერაციული რადიოთერაპია ინტრაბიმის აპარატით
ინტრაოპერაციული რადიოთერაპია ინტრაბიმის აპარატით

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი
თარიღი: 07/04/2017

ინტრაოპერაციული რადიოთერაპია ინტრაბიმის აპარატით - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, რომლის შესახებ დღეს კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მთავარ მეთოდს ქირურგიულ ჩარევასთან ერთად დისტანციური სხივური თერაპია წარმოადგენს, როგორც წინაოპერაციულ, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და მასთან ერთად ქიმიოთერაპია. 
ინტრაბიმი (INTRABEAM) არის იდეალური ინოვაციური სისტემა ინტრაოპერაციული რადიოთერაპიისათვის. ინტრაბიმის აპარატში გამოიყენება რენტგენული სპექტრის დაბალენერგიული ფოტონური სხივები, ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.

ონკოლოგიური დაავადებების ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით მკურნალობა მსოფლიოს მრავალ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული, მათ შორის საქართველოში. უკვე მეორე კლინიკაში (ინოვაში) ინტრაოპერაციუოლი რადიოთერაპიის აპარატი - ინტრაბიმი დაიდგა. ქართველ პაციენტებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქართველ პაციენტებს ეძლევათ საშუალება საკმაოდ ძვირი პროცედურა დაფინანსებით ჩაიტარონ.

კონფერენციის ორგანიზატორი მაღალი ტექნოლოგიების იმპორტიორი საერთაშორისო კომპანია მედიცინისა და მეცნიერების დარგში „ოპტეკ ჰოლდინგი“ იყო.

ღონისძიებას წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, ონკოლოგები, ნეიროქირურგები, რადიოლოგები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.