ინოვაციური ტიპის მომსახურება ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით
ინოვაციური ტიპის მომსახურება ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით


თარიღი: 30/10/2019

პირველადი ჯანდაცვის სექტორში, პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას, ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით, მიიღებენ.

„პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ - არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა.

არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც შეუძლიათ გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება.

ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება.

ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეო ზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.

ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 ლოკაციაზე განთავსდება.