Nuk
კურორტი ბახმარო


მაღალმთიანი კლიმატური კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2050 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ., ჩოხატაურიდან 52 კმ., რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.

 

ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ ძირითადად, ის პატარები მიჰყავთ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა ან ანემია აქვთ. ბახმაროს ჰავა კარგია მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.

კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.

 

სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.