Plasmon
აცეტილსალიცილის მჟავა / Acetylsalicylic Acid


შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,5 გ აცეტილსალიცილის მჟავა;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი; ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება სიცხის დამწევი, ანალგეზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. 
აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების ძირითადი მექანიზმია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინაქტივაცია, რის შედეგადაც ფერხდება პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინების და თრომბოქსინის სინთეზი. პროსტაგლანდინების პროდუცირების შემცირების შედეგად მცირდება მათი პიროგენული ზემოქმედება თერმორეგულაციის ცენტრზე. გარდა ამისა, მცირდება პროსტაგლანდინების მასენსიბილიზებელი ზემოქმედება მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე, რაც ამცირებს მათ მგრძნობელობას ტკივილის მედიატორებისადმი.
თრომბოციტებში თრომბოსან А2-ის სინთეზის შეუქცევადი დარღვევა განაპირობებს პრეპარატის ანტიაგრეგაციულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
აცეტილსალიცილის მჟავა, პრეპარატის მიღების შემდეგ, წარმოქმნის ძირითად მეტაბოლიტს – სალიცილის მჟავას. აცეტილსალიცილის მჟავას და სალიცილის მჟავას შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხდება სწრაფად და სრულად. სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მაქსიმალური დონე მიიღწევა 10-20 წუთის შემდეგ. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად თირკმელებით. ის აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ასევე აღმოჩნდება დედის რძეში და სინოვიალურ სითხეში.

ჩვენებები
• რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი;
• ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი;
• ტემპერატურის აწევა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
• სხვადასხვა გენეზის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი);
• თრომბოზების და ემბოლიის პროფილაქტიკა; მიოკარდის ინფარქტის პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის დარღვევის პროფილატიკა;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორულად, ჭამის შემდეგ, წყლის, რძის ან მინერალური წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში: აცეტილსალიცილის მჟავას ერთჯერადი დოზა მერყეობა 50 მგ-დან 1 გრამამდე; დღიური დოზა – 3 გ-მდე; 
ბავშვებში: ერთჯერადი დოზა 3 წლის ასაკში – 0,15 გ; 4 წლის ასაკის ბავშვებში – 0,2 გ; 5 წლის ზემოთ შეიძლება 0,25 გ-ის მიღება; ერთჯერადი დოზა, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია მიღება 3-ჯერ დღეში 4-8 საათიანი ინტერვალებით. 
ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ინიშნება 0,125 გ-0,3 გ დღე-ღამეში. 
არასტაბილური სტენოკარდიისა და მიოკარდის ინფარქტის განმეორებითი პროფილაქტიკისთვის საშუალო დღიური დოზაა 0,125 გ-0,325 გ; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებებს შორის შუალედის გაზრდა. ტაბლეტები შეიძლება მიღების წინ გაიხსნას წყალში.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, იშვიათად, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების განვითარება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის დაზიანება; 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევა, ხმაური ყურებში, ასეპტიკური მენინგიტი; 
სისხლწარმომშობი სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია, ანემია;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ხანგრძლივად გამოყენებისას – თირკმელების მწვავე უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი;

უკუჩვენება
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი ტიპის დაზიანებები გამწვავების ფაზაში; 
• ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიული რეაქციებზე მინიშნების არსებობა;
• ჰემოფილია; 
• ჰემორაგიული დიათეზი; 
• ჰიპოპროთრომბინემია; 
• პორტალური ჰიპერტენზია;
• K ვიტამინის დეფიციტი;
• ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა;
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; 
• რეიეს სინდრომი;
• ბავშვთა ასაკი 3 წლამდე; 
• ფეხმძიმობის I და III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი,

ჭარბი დოზირება
მსუბუქი ხარისხის მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის უბანში, ასევე, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, სმენის დაქვეითება.
მნიშვნელოვანი ხარისხის მოწამვლისას აღინიშნება აზროვნების დაბინდვა, ძილიანობა, კოლაფსი, კანკალი, ქოშინი, სულის შეხუთვა, გაუწყლოება, ჰიპერთერმია, კომა, შარდის ტუტე რეაქცია, მეტაბოლური აციდოზი, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. 
აცეტილსალიცილის მჟავას ლეტალური დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 10 გ-ს, ხოლო ბავშვებისთვის – 3გ-ზე მეტს.
მკურნალობა: მჟავურ-ტუტოვანი წონასწორობის მდგომარეობის და ელექტროლიტური ბალანსის მიხედვით ატარებენ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის ციტრატის და ნატრიუმის ლაქტატის ხსნარების ინფუზიურ შეყვანას ორგანიზმში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას აძლიერებს მათ თერაპიულ ეფექტსა და გვერდით ეფექტებს.
აცეტილსალიცილის მჟავათი მკურნალობის ფონზე ძლიერდება მეთოტრექსატის გვერდითი მოქმედება; 
აცეტილსალიცილის მჟავასა და სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ერთდროული მიღებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა ჰიპოგლიკემიური ეფექტი. 
კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული მიღებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი;
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის და იმ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს, რომლებიც რომლებიც ხელს უწყობენ შარდის მჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან;

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?