Plasmon
აუქსილენი / Auxilen


1. რა არის აუქსილენი და რისთვის გამოიყენება იგი

აუქსილენი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (NSAID ჯგუფი) მიეკუთვნება.

 

აუქსილენი გამოიყენება მწვავე, საშუალო ან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ როდესაც ტაბლეტების მიღება არ არის მართებული, მაგალითად პოსტ-ოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის ან წელის ტკივილის დროს.

 

2.  რა უნდა იცოდეთ აუქსილენის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ აუქსილენი იმ შემთხვევაში, თუ:

- ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხილეთ მე-6 ნაწილი);

- ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ების მიმართ;

- თუ გაქვთ ასთმა ან ოდესმე გქონიათ ასთმური შეტევა, გაქვთ მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ნაზალური პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ანგიოედემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან რესპირატორული დისტრესი ),  ხიხინი მკერდში, ასპირინის ან სხვა NSAID-ის მიღების შემდეგ;

-  გაქვთ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (მზის სხივებიდან დაუცველი კანის სიწითლის ან ბუშტუკების წარმოქმნის განსაკუთრებული ფორმა) კეტოპროფენის  (NSAID) ან ფიბრატების (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ლიპიდების დონეს სისხლში) მიღებისას;

- გაქვთ პეპტიური წყლული და კუჭ-ნაჭლავიდან სისხლდენა ან თუ წარსულში გქონიათ კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია.

- თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა NSAID-ების  გამოყენების შემდეგ;

- გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია, გულძმარვა)

- გაქვთ ქრონიკული ანთებით მიმდინარე ნაწლავის დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი)

- გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმლის  ფუნქციის საშუალო ან მძიმე  დარღვევები, ან ღვიძლის ფუნქციის  სერიოზული დარღვევები;

- გაქვთ სისხლდენასთან ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები;

- აღგენიშნებათ დეჰიდრატაცია (დაკარგეთ ბევრი სითხე) პირღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო;

- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

გაესაუბრეთ ექიმს აუქსილენის მიღებამდე:

- თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავის ქრონიკული ანთებით მიმდინარე დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები;

- თუ იღებთ სხვა ისეთ პრეპარატს, რომელიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგალითად ორალურ სტეროიდებს, ანტიდეპრესანტებს (SSRI ტიპის, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ანტიკოაგულანტი როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან აუქსილენის მიღებამდე- მან შესაძლოა დამატებითი პრეპარატი დაგინიშნოთ კუჭის დაცვის მიზნით. (მაგალითად, მიზოპროსტოლი  ან ისეთი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის წარმოქმნას);

- თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ აღნიშნული საფრთხის ქვეშ ხართ (თუ, მაგალითად, გაწუხებთ მაღალი წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), აუცილებლად უნდა გაესაუბროთ თქვენი მკურნალობის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს; ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აუქსილენი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის  (,,მიოკარდიუმის ინფარქტი’’) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი იზრდება მაღალი დოზების მიღებასას და ხანგრძლივი მკურნალობისას.  არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას;

- ხანდაზმულობის შემთხვევაში მეტია გვერდითი ეფექტების რისკი (იხილეთ მე-4 ნაწილი). მათი გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

- თუ გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ ალერგია;

- თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და (ან) გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გაწუხებდათ რომელიმე აღნიშნული პრობლემა;

- თუ იღებთ დიურეტიკებს ან აღგენიშნებათ დეჰიდრატაცია და სისხლის შემცირებული რაოდენობა სითხეების გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგალითად, გაძლიერებული შარდვა, დიარეა ან პირღებინება);

- თუ ხართ ქალი და გაქვთ ფარტილობასთან დაკავშირებული პრობლემები  (აუქსილენმა შესაძლოა მოახდინოს ფერტილობის დარღვევები, მაშასადამე, არ უნდა გამოიყენოთ იგი იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ ორსულობას ან იკვლევთ ფერტილობას);

- თუ ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;

- თუ გაწუხებთ სისხლის ან სისხლის უჯრედების წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემები;

- თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (Systemic Lupus Erithematosus) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის ისეთი დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე);

- თუ გაქვთ ვარიცელა (ჩუტყვავილა), განსაკუთრებით მის შემდეგ,  NSAID-ებმა შესაძლოა გააუარესონ ინფექციის მიმდინარეობა;

- თუ გაქვთ ასთმა კომბინირებული ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან, და (ან) ნაზალურ პოლიპოზთან, ეს არის დაკავშირებული ალერგიის შედარებით მომატებული რისკთან აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ,  მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით. ამ პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ასთმის შეტევა ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან აცეტილსალიცილის მჟავის ან NSAID-ების მიმართ.

 

ბავშვები და მოზარდები:

აუქსილენი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში. მაშასადამე, მათ შემთხვევაში უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია და შესაბამისად არ გამოიყენება.

 

სხვა პრეპარატები და აუქსილენი:

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან მომავალში აპირებთ მიიღოთ რაიმე მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც. ვინაიდან არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღებაც აუქსილენთან ერთად დაუშვებელია ან ისეთი პრეპარატებიც, რომელთა დოზებიც უნდა შეიცვალოს აუქსილენთან ერთად მიღების შემთხვევაში. ყოველთვის შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს იღებთ აუქსილენთან ერთად:

 

არარეკომენდებული კომბინაციები:

- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;

- ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა ანტიკოაგულანტები;

- ლითიუმი, გამოიყენება ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ;

- მეტოტრექსატი, გამოიყენება რევმატიული ართრიტის და კიბოს სამკურნალოდ;

- ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

- სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

 

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

- ACE ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტა ბლოკერები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ;

-  პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ვენების ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

- ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

- ამინოგლიკოზიდები ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

- ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

 

ფრთხილად შესარჩევი კომბინაციები:

- ქინოლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება  ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

- ციკლოსპორინი ან ტაქროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება  იმუნური სისტემის დარღვევებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

-  სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური პრეპარატები, რომლებიც თრომბის დასაშლელად გამოიყენება;

- პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

- დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

- მიფეპრისტონი, გამოიყენება მედიკამენტოზური აბორტის დროს (ორსულობის შესაწყვეტად);

- ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ტიპის (SSRI);

- ანტი-თრომბული აგენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის  და თრომბის ფორმირების დასაქვეითებლად.

თუ ეჭვი გეპარებათ ან დარწმუნებული არ ხართ აუქსილენთან ერთად სხვა პრეპარატის მიღებაში,  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:

არ გამოიყენოთ აუქსილენი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ვინაიდან აუქსილენი შესაძლოა არ აღმოჩნდეს თქვენთვის შესაფერისი.

აუქსილენის გამოყენება თავიდან უნდა აირიდონ მათ, ვინც გეგმავს ან უკვე არის ორსულად. ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მითითების შემდეგ.

აუქსილენის მიღება მიზანშეწონილი არ არის დაორსულების მცდელობის ან ფერტილობის კვლევის დროს.

 

ავტომობილისა და სხვა მოწყობილობების მართვა:

აუქსილენმა შესაძლოა მსუბუქი გავლენა იქონიოს თქვენი მართვის შესაძლებლობაზე, თავბრუსხვევის ან ძილიანობის, როგორც მკურნალობის გვერდითი მოვლენების გამოვლენის გამო. თუ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს შენიშნავთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების მართვისგან,  სიმპტომების გაქრობამდე. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

აუქსილენი შეიცავს ეთანოლს:

აუქსილენის თითო ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც ექვივალენტურია 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის თითო დოზაზე.

საზიანოა ალკოჰოლიზმის მქონე პაციენებისათვის.

გასათვალისწინებელია ორსული და მეძუძური ქალები, ბავშვები და მაღალი რისკის ჯგუფი, როგორიცაა პაციენტები ღვიძლის დაავადებებით და ეპილეფსიით.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო დოზაზე, ე.ი. არსებითად ნატრიუმის გარეშეა.

 

3. გამოყენების წესი:

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მითითებით.  თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს.

ექიმი დაგინიშნავთ აუქსილენის თქვენთვის საჭირო დოზას, თქვენი სიმპტომების ტიპის, სიმძიმის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ დექსკეტოპროფენს (აუქსილენის 1 ამპულა) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ინექცია შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ 6 საათის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას- დექსკეტოპროფენის 150 მგ-ს (აუქსილენის 3 ამპულა).

გამოიყენეთ ინექციები მხოლოდ მწვავე პერიოდში (არაუმეტეს 2 დღისა). შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ორალურ ტკივილგამაყუჩებელზე.

რენალური დისფუნქციის მქონე ხანდახმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით, არ უნდა გადააჭარბონ აუქსილენის დღიურ დოზას- 50 მგ (1 ამპულა).

 

მიღების წესი:

აუქსილენის მიღება შესაძლებელია როგორც ინტრამუსკულურად (კუნთში),

ასევე ინტრავენურად (ვენაში) ინექციის გზით. ინტრავენურ ინექციასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები იხილეთ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ ნაწილში.

აუქსილენის ინტრამუსკულური მიღების დროს, ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულიდან მისი ამოღებისთანავე, ნელი ინექციით ღრმად კუნთში.

უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი.

 

ამპულის გახსნის ინსტრუქცია:

1) შეაბრუნეთ ამპულა გაფერადებული ბოლოთი ზემოთ. თუ ხსნარის მცირე რაოდენობა რჩება ამპულის ზედა ნაწილში, თითით მსუბუქად დააკაკუნეთ, რომ მთელი სითხე ამპულის ქვედა ნაწილში გადმოვიდეს.

2) გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი; სანამ ერთი ხელით დაფიქსირებული გაქვთ ამპულის ქვედა ნაწილი, მეორე ხელით მოატეხეთ ამპულის ზედა ნაწილი გაფერადებული ნაწილისგან მოშორებით (იხილეთ სურათები ქვემოთ).

 

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

 

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აუქსილენი:

პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებას. სასურველია თან იქონიოთ მედიკამენტის შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია.

 

თუ დაგავიწყდათ აუქსილენის მიღება:

დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება ერთ ჯერზე, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. უნდა განაგრძოთ მისი მიღება საჭიროებისამებრ (მესამე ნაწილის მიხედვით- ,,გამოყენების წესი’’).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, აუქსილენმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი  მოვლენები, თუმცა ყველა შემთხვევაში ისინი არ ვლინდება.

გამოვლენის მიხედვით შესაძლო გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ.

ხშირი გვერდითი მოვლენები (10-დან 1 შემთხვევა):

გულისრევა და (ან) პირღებინება, ინექციის არეში ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილას, მაგალითად ანთება, დალურჯება ან სისხლდენა.

არახშირი  გვერდითი მოვლენები (100-დან 1 შემთხვევა):

სისხლით პირღებინება, დაბალი არტერიული წნევა, სიცხე, დაბინდული მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ანემია, აბდომინალური ტკივილი, ყაზბობა, მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, დიარეა, პირის სიმშრალე, მოთენთილობა, გამონაყარი, დერმატიტი, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, დაღლილობა, ტკივილი, სიცივის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1 000-დან 1 შემთხვევა):

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულიდან სისხლდენა ან პეპტიური წყლულის პერფორაცია, მაღალი არტერიული წნევა, გონების დაკარგვა, შენელებული სუნთქვა, ზედაპირული ვენების ანთება სისხლის შედედების გამო (ზედაპირული თრომბოფლებიტი),  გულის რიტმის დარღვევა (ექსტრასისტოლა), ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ლარინგეალური შეშუპება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, შეხურება და კანკალი, ხმაური ყურებში (ტინიტუსი),  გამონაყარი ქავილით, სიყვითლე,  აკნე, ზურგის ტკივილი, თირკმელების ტკივილი, წყლის გახშირებული დაკარგვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, კუნთებისა და სახსრების რიგიდობა, კუნთების სპაზმი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლის ანალიზში), სისხლში შაქრის  მომატებული დონე (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის  დაქვეითებული დონე (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდის მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდში კეტონური სხეულები (კეტონურია), შარდში ცილა  (პროტეინურია), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10 000-დან 1 შემთხვევა):

ანაფილაქსიური რეაქციები (ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რომელიც შესაძლოა შოკით დასრულდეს),  კანის, პირის ღრუს, თვალების და გენიტალური არეს წყლულები (სტივენს ჯონსონის და ლაელის სინდრომები), სახის , ტუჩებისა და ყელის (ანგიოედემა) შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე) გამოწვეული სასუნთქი გზების გარშემო არსებული კუნთების სპაზმით (ბრონქოსპაზმი), სუნთქვის გაიშვიათება, პანკრეატიტი, კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თირკმლის დაზიანება, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროპენია), თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კუჭის/ნაწლავის რაიმე სახის გვერდით მოვლენას მკურნალობის დაწყებისას (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ ადრე გაწუხებდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ხანგრძლივი მიღების გამო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასაკოვანი ხართ.

შეწყვიტეთ აუქსილენის მიღება, როგორც კი შენიშნავთ კანზე გამონაყარს, დაზიანებას ლორწოვან ზედაპირზე (მაგალითად, პირის ღრუს  ლორწოვანი გარსი) ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

NSAID-ით მკურნალობის დროს, ზოგმა პაციენტმა განაცხადა სითხის შეკავებისა და შეშუპების (განსაკუთრებით კოჭებისა და ქვედა კიდურების), წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ.

ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აუქსილენი, ასოცირდება გულის შეტევის  (,,მიოკარდიუმის ინფარქცი’’) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან.

სისტემური წითელი მგლურის ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა იშვიათად გამოიწვიონ სიცხე, თავის ტკივილი ან კისრის უკანა ნაწილის რიგიდულობა.

მიმართეთ ექიმს, თუ ინფექციის ნიშნები გამოვლინდება ან გაუარესდება აუქსილენის მიღების დროს.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება:

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა მოიცავდეს ისეთ სიმპტომებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში მითითებული არაა. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ამის შესახებ ნაციონალურ მედიცინის სააგენტოს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადების გაკეთების შემთხვევაში, თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

 

5. შენახვის პირობები:

 ეს პრეპარატი შენახვისთვის არ საჭიროებს სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შეამჩნიეთ, რომ ხსნარი არაა სუფთა და უფერული, და შეინიშნება დაზიანების ნიშნები (მაგალითად, ნაწილაკები).

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% გლუკოზისა და რინგერის ლაქტატის ხსნარებთან გამოყენებისას 18 საათის განმავლობაში 25◦C ტემპერატურაზე და 2-8◦ C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით,  გახსნის/რეკონსტიტუციის/განზავების მეთოდის და მიკრობული კონტამინაციის რისკის გათვალისწინებით, პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტის განადგურების შესახებ. აღნიშნული ზომების მიღებით დაეხმარებით გარემოს დაცვას.

 

6.შეფუთვის  შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია:

რას შეიცავს აუქსილენი

-აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი

 1 მლ ხსნარი შეიცავს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც იდენტურია 25 მგ      დექსკეტოპროფენისა. ერთი ამპულა (2მლ) შეიცავს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც იდენტურია 50 მგ დექსკეტოპროფენისა.

-დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

 

აუქსილენის აღწერილობა და გამოშვების ფორმა:

სუფთა უფერული ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

აუქსილენი მოთავსებულია  I ტიპის ქარვისფერი შუშის ამპულაში, 2 მლ-ის მოცულობით.

 

შეფუთვის ზომა: 1 ან 5 ამპულა.

შესაძლოა, ბაზარზე არ იყოს ხელისაწვდომი ყველა ზომის შეფუთვა.

სად შევიძინოთ?