Plasmon
ბრონოლაკი / BRONOLAC


შემადგენლობა

1 ტაბლეტის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერება:
ამბროქსოლი (ჰიდროქლორიდის სახით) 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K25, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლი (ბენზილამიდების ჯგუფი) მიეკუთვნება სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ სამკურნალო საშუალებებს. გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეროზული უჯრედების სტიმულაცია, ლორწოვანი სეკრეტის რაოდენობის გაზრდა და ფილტვებში პათოლოგიური პროცესის შედეგად ნახველის ლორწოვან და სეროზულ კომპონენტებს შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენა. ამავდროულად, აქტიურდება ჰიდროლიზური ფერმენტები, ძლიერდება კლარკის უჯრედებიდან ლიზოსომების გამოთავისუფლება, რის შედეგადაც მცირდება ნახველის წებოვნება. ამბროქსოლი ზრდის ფილტვებში სურფაქტანტის რაოდენობას, რაც განპირობებულია ალვეოლურ პნევმოციტებში ამ უკანასკნელის სინთეზისა და სეკრეციის გაძლიერებით, და ასევე მისი დაშლის დაქვეითებით. პრეპარატი აძლიერებს ნახველის მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ხველას თრგუნავს უმნიშვნელო ხარისხით.
ამბროქსოლი კარგად გადალახავს პლაცენტურ ბარიერს, აუმჯობესებს რა ამავდროულად სურფაქტანტის სინთეზს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში. ასევე ხელს უშლის სუნთქვის უკმარისობის სინდრომის ჩამოყალიბებას ახალშობილებში. პრეპარატი არ იწვევს სეკრეტის ზედმეტი რაოდენობით წარმოქმნას, ამცირებს ალერგიის დროს ბრონქული ასთმის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორის - ბრონქების სპაზმური ჰიპერრეაქტიულობის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება შიგნით მიღებისას და კარგად აღწევს ფილტვის ქსოვილში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 9-10 საათის განმავლობაში. ადამიანის ორგანიზმიდან ამბროქსოლი გამოიყოფა თირკმლის საშუალებით.

ჩვენებები
სასუნთქი სისტემის დაავადებები, თანმხლები წებოვანი ნახველის გამოყოფით:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
- პნევმონია;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ბრონქული ასთმა ნახველის გამოყოფის გაძნელებით;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
ბრონოლაკი მიიღება შიგნით, საკვების შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 30 მგ. 2-3-ჯერ დღეში.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 15 მგ. 2-3-ჯერ დღეში. 
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 7,5 მგ. 3-ჯერ დღეში. 
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 7,5 მგ. 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. 
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, უკიდურესად იშვიათად აღინიშნა ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა. 
სხვა: იშვიათად _ სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია, ეკზანთემა.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში. 
ამბროქსოლი აღწევს ქალის რძეში, ამდენად არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუმცა თერაპიულ დოზებში დანიშვნისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ახალშობილზე.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის კომბინირება ხველის საწინააღმდეგო, ნახველის გამოყოფის შემაფერხებელ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
ადამიანებში ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი. შესაძლებელია სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. 
მკურნალობა: ხელოვნური ღებინება, კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში; ცხიმების შემცველი საკვების მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას ძნელდება ნახველის გამოყოფა ხველის შემცირების ფონზე. 
პრეპარატი აუმჯობესებს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინისა და დოქსიციკლინის შეღწევადობას. 
ამბროქსოლი შეთავსებადია სამშობიარო მოქმედების შემაფერხებელ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?